Accessibility links

ყაზახეთი „შედარებით“ მრავალპარტიული არჩევნებისათვის ემზადება


15 იანვარს ყაზახეთში გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც, როგორც მოელიან, ბოლო უნდა მოუღოს ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას. თუმცა არჩევნები ამჯერადაც რეალური ოპოზიციის გარეშე ჩატარდება. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წინა მეჯლისი - საკანონმდებლო ორგანო - დაითხოვა მას შემდეგ, რაც მისი მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ წევრებმა ნოემბრის ბოლოს ხელი მოაწერეს პეტიციას მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოს აუცილებლობის თაობაზე.

პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მმართველი „ოტანის პარტია“ ქვეყნის დათხოვნილ პარლამენტში ყველა - 107-ივე - ადგილს ფლობდა. შესაბამისად, ნაზარბაევის დაპირებამ, რომ მომავალ მეჯლისში სულ მცირე ორი პარტია მაინც იქნება წარმოდგენილი, იმედის სხივი გაუღვივა დასავლეთის ქვეყნებსა და შიდა კრიტიკოსებს, რომლებიც ყაზახეთში დემოკრატიულ რეფორმირებას ესწრაფვიან.

მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ტრადიცია, იზღუდება სხვაგვარად მოაზროვნეთა გამოჩენა მედიაში, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებისათვის მოსამზადებლად პარტიებს მხოლოდ ორი თვე ჰქონდათ მიცემული, ეს ქვეყნის პრეზიდენტის ნამდვილ ოპონენტებს მცირე შანსს აძლევს ახალ პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად.

თანაც, არჩევნებში მონაწილე შვიდი პარტიიდან მხოლოდ ერთი, სოციალ-დემოკრატიული პარტია, არ ითვლება ნაზარბაევის ლოიალურ პარტიად. მმართველი „ნურ ოტანი“ და პრეზიდენტის მომხრე „აქ ზოლის“ პარტიები პარლამენტში დიდი ალბათობით მოხვდებიან, რადგან, როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჩივიან, ხელისუფლება სხვა ოპონენტებს სისტემატურად რიყავს საარჩევნო პროცესიდან.

მაგალითად, „ალგა“ პარტიამ ვერ გაიარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგისტრაცია, ხოლო ნაციონალ-კომუნისტურმა პარტიამ, ექვსთვიანი აკრძალვის შემდეგ, სულ ახლახან მიიღო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ჩვენ ხომ შესანიშნავად გვესმის, რომ ყველა არჩევნების შედეგების ფორმირება ხდება არა ქვემოდან, საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, არამედ ზემოდან ...

ყაზახეთის ადმინისტრაციული ორგანოები ფხიზლად ადევნებენ თვალს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების კანდიდატთა საგადასახადო მონაცემებს და თვალს ხუჭავენ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გამოყენებაზე.

ასე მაგალითად, საგადასახდელო ორგანოებში ყალბი ფინანსური ინფორმაციის წარდგენის გამო, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიიდან ამოშალეს ცნობილი ჟურნალისტები ბულატ აბილოვი და გუზან იერგალიევა.

შესაბამისად, ალმა-ათელი ანალიტიკოსი სერგეი უტკინი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ პარლამენტის გარეთ დატოვოს ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი - სოციალ-დემოკრატიული პარტია:

„ჩვენ ხომ შესანიშნავად გვესმის, რომ ყველა არჩევნების შედეგების ფორმირება ხდება არა ქვემოდან, საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, არამედ ზემოდან. შესაბამისად, ამ „აქ ჟოლსა“, „კენპეკას“ (ნაციონალურ-კომუნისტური პარტია) და სხვებს შორის ხმები ისე გაიყოფა, როგორც ზემოდან იტყვიან, და ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ფალსიფიცირება, რადგან სხვანაირად მათ არ შეუძლიათ.“

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები ორ ეტაპად გაიმართება. 15 იანვარს 98 მანდატის ვინაობა გაირკვევა პარტიული სიებით ჩატარებულ არჩევნებში. დარჩენილი 9 ადგილის მფლობელს კი მომდევნო დღეს სახალხო ასამბლეა, ნურსულთან ნაზარბაევის საკონსულტაციო ორგანო, დაასახელებს. ნავთობით მდიდარ ყაზახეთში 17 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად კი ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG