Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ დაბლოკილი ეუთო გამოსავლის ძიებას განაგრძობს


ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნისგან - ირლანდიისგან, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, საქართველო საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოელის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით. ირლანდიის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ ეცდება გამოსავალი იპოვოს საქართველოს ”სპეციფიკურ” პრობლემასთან დაკავშირებით. სხვა საკითხია, რამდენად დაუშვებს რუსეთი დღემდე მის მიერვე დაბლოკილ სხვადასხვა სახის აქტივობას.
საქართველოში არსებული სიტუაცია სპეციფიკური შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს - შეხვედრების ხელშეწყობისა და ყველა მონაწილის წინსვლისთვის...

არავის აქვს ილუზია, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობა შეძლებს საქართველოსთან მიმართებით გააკეთოს ის, რაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, არ გამოუვიდათ მის წინამორბედებს. ფაქტია, რომ 2009 წელს ვერც საბერძნეთმა, 2010 წელს ვერც ყაზახეთმა და 2011 წელს ვერც საქართველოს განსაკუთრებულმა მეგობარმა - ლიტვამ - შეძლო, რომ დაებრუნებინა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ დაბლოკილი ეუთოს სრულმასშტაბიანი მისია საქართველოში. ფაქტია ისიც, რომ ეუთო ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს კონსენსუსის პრინციპს, რომელიც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. სწორედ ამ პრინციპის საშუალებით დაბლოკა რუსეთმა ეუთოს მისიის საქმიანობა საქართველოში და, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში.

ამ კუთხით საქართველოს ამ ეტაპზე რჩება ერთადერთი იმედი, რომ ეუთოს ირლანდიის თავმჯდომარეობა მისიის დაბრუნების საკითხს კვლავ დატოვებს დღის წესრიგში, რაც დიპლომატიაში იმას ნიშნავს, რომ პრობლემას დავიწყება არ ემუქრება.

ეს თემა გამოკვეთილად არ უხსენებია, მაგრამ 12 იანვარს ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ირლანდიის ვიცე–პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეიმონ გილმორმა ერთწლიანი გეგმების პრიორიტეტებს შორის ეუთოს ზონაში კონფლიქტების მოგვარება დაასახელა და ცალკე გამოყო საქართველოს პრობლემა:

„საქართველოში არსებული სიტუაცია სპეციფიკური შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს - შეხვედრების ხელშეწყობისა და ყველა მონაწილის წინსვლისთვის.“

ეიმონ გილმორს არ დაუკონკრეტებია საქართველოს ”სპეციფიკური” პრობლემის მოგვარების დეტალები, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეუთოში, ელჩი პაატა გაფრინდაშვილი, ირლანდია კვლავაც გააგრძელებს იმ მექანიზმების ამოქმედების მცდელობას, რომლებიც, შედეგების თვალსაზრისით, შესაბამისობაშია ეუთოს სრულმასშტაბიანი მისიის ფუნქციებთან. ელჩი ყურადღებას ამახვილებს ეგრეთ წოდებული ”დამხმარე ჯგუფის” იდეაზე, რომელიც ლიტვის თავმჯდომარეობის დროს წარმოიშვა:
პაატა გაფრინდაშვილი
პაატა გაფრინდაშვილი

”ეს იქნება რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ვენაში, კონფლიქტების პრევენციის ცენტრში, და ის დაეხმარება კონფლიქტების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის საგანგებო წარმომადგენელს... ბუნებრივია, საგანგებო წარმომადგენელი, უტრირება რომ გავაკეთოთ, ყოველდღე ვერ მოახერხებს რეგიონში ჩასვლას და სწორედ ამ ჯგუფს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად შევიდეს და, რამდენი დღე, კვირა თუ თვეც იქნება საჭირო, იმდენ ხანს დარჩეს რეგიონში.”

იმისათვის, რომ დამხმარე ჯგუფის მუშაობას ოფიციალური სახე არ მიეღო, 2011 წელს ცხინვალის რეჟიმი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ეუთოს წარმომადგენლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებდა, თუკი მათ პირადად ახლდა ლიტვის თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში გედრიუს ჩეკუოლისი.

წინამორბედის მსგავსად, ამ პრობლემებთან გამკლავება 2012 წელს უკვე ირლანდიელ დიპლომატს პოდრიგ მერფს მოუწევს. ეუთოს სახელით ერთი წლის მანძლზე სწორედ მერფი შეასრულებს თანათავმჯდომარის როლს ჟენევის მოლაპარაკებებზე და ასევე ჩაერთვება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში.
საჭიროა შესაბამისი, გამარტივებული, საოკუპაციო ხაზზე გადასვლის პუნქტების არსებობა, რაც იქნება ორგანიზებული და საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას...

პაატა გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ ეუთოს ძალისხმევით წელს მაინც მოხერხდება მშვიდობიანი ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისთვის ხელშეწყობა:

”საჭიროა შესაბამისი, გამარტივებული, საოკუპაციო ხაზზე გადასვლის პუნქტების არსებობა, რაც იქნება ორგანიზებული და საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ამან შეიძლება პატარა, მაგრამ მეტად დადებითი როლი ითამაშოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მცირემასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.”

პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ეუთოს ირლანდიის თავმჯდომარეობა აუცილებლად გააგრძელებს წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG