Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 14 იანვარი 2012 წ.


გასულ კვირაში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც ასახულია, როგორ აშარდავს აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი ჯარის ოთხი მოსამსახურე თალიბანის მეომართა გვამებს. ამ თემისთვის გვერდი არ აუვლია ლამის არც ერთ პერიოდულ გამოცემას. აი, რას წერს, მაგალითად, აშშ-ის გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონიტორი“:

„ვიდეო მაშინ გამოქვეყნდა, როცა შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა, როგორც იუწყებიან, მოლაპარაკება დაიწყეს. თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ვიდეოს არსებობა მათ უარს არ ათქმევინებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ინციდენტი შეასუსტებს ამ მოლაპარაკებებზე ამერიკის დელეგაციის პოზიციას.“

უფრო შორის მიდის კიდევ ერთი ამერიკული გაზეთის, „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ მიმომხილველი:

„ამერიკელი ჯარისკაცების ცუდი ყოფაქცევის ყოველი ახალი ფაქტი ასუსტებს აშშ-ის მისიის მიმართ ავღანეთის მოსახლეობის მხარდაჭერას და ამ მხრივ ეს ვიდეო უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯია. ... ვისაც ჰგონია, რომ შეერთებული შტატები იმარჯვებს ბრძოლაში ავღანელთა გულებისა და გონების დასაპყრობად, მწარედ ცდება.“

10 იანვარს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სიტყვით მიმართა დამასკის უნივერსიტეტში შეკრებილების და ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა „უცხო ძალებს“ დააბრალა. მან სწორედ უცხოეთი დაადანაშაულა სირიის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პირობა დადო, რომ წესრიგს აღადგენს, თან დასძინა, მკაცრად გავუსწორდები „ტერორისტებსო“. ასადის გამოსვლას ეხმაურება გერმანიის „ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგი“:

„თავის გამოსვლაში ასადი ძალიან წააგავდა ლიბიის ყოფილ დიქტატორს მუამარ კადაფის - ის მასავით უხეშად ესხმოდა თავს საკუთარ ხალხს და ამბოხების ორგანიზებაში უცხოეთს ადანაშაულებდა. ასადი ისევე ეპოტინება ძალაუფლებას, როგორც წყალში ჩავარდნილი - სამაშველო რგოლს. მაგრამ მისი რეჟიმი აღსასრულისკენ მიექანება. უკან დასახევი გზა კარგა ხანია, მოჭრილია. და სისხლიანი სამოქალაქო ომი, როგორც ჩანს, გარდაუვალია. ასადს არასოდეს ჰქონია კომპრომისის სურვილი. რეფორმები, რომლებზეც ის წამდაუწუმ საუბრობს, სხვა არაფერია, თუ არა დამამშვიდებელი აბი. მაგრამ მოსახლეობას აღარ სურს ამ აბის გადაყლაპვა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ტრაგედია, მით უფრო სამარცხვინო ხდება დუმილი, რომლითაც მსოფლიო ამ ხოცვა-ჟლეტას ადევნებს თვალს.“

ამერიკის ნიუ-ჰემპშირის შტატში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ მეორე პრაიმერიში გაიმარჯვა მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ. ნიუ-ჰემპშირის კენჭისყრის შედეგი კიდევ უფრო აძლიერებს რომნის შანსს, გახდეს რესპუბლიკელთა ერთიანი კანდიდატი ნოემბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ ბრიტანეთში გამომავალი ყოველკვირეული „ეკონომისტი“ ფიქრობს, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ მაინც ნაადრევია:

„მართალია, ბატონი რომნი ძნელად თუ იოცნებებდა უკეთეს შედეგზე ნიუ-ჰემპშირის კენჭისყრაში, მისი გამოცდა ჯერჯერობით მაინც ვერ ჩაითვლება ჩაბარებულად. მისთვის უფრო რთული იქნება კარგი შედეგის ჩვენება იმ შტატებში, სადაც ამომრჩეველი უფრო მკვეთრად კონსერვატულია.“

ბრიტანეთის ყოველკვირეულის მოსაზრებას იზიარებს გერმანიის გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე“:

„ნიუ-ჰემპშირის კენჭისყრის შედეგად, რომნი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თავის მიზანს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას ოპონენტად მოგვევლინოს. თუმცა, ეს მიზანი მიღწეულად ჯერ ვერ ჩაითვლება. უწინარესად იმიტომ, რომ მისი თანაპარტიელი მეტოქეები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ. იდეოლოგიურად რომნიზე მარჯვნივ მდგომ რესპუბლიკელ კანდიდატებს იმედი აქვთ, რომ უფრო წარმატებულნი იქნებიან ქვეყნის სამხრეთ შტატებში გასამართ კენჭისყრებში.“

11 მაისს შესრულდა ზუსტად ათი წელი მას შემდეგ, რაც კუბაში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე, ამოქმედდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ცენტრი. გუანტანამოში საპყრობილის შექმნა 2001 წელს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დროს, ავღანეთში საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ გადაწყდა და სხვადასხვა დროს იქ ჯამში 779 ეჭვმიტანილი იმყოფებოდა პატიმრობაში. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის გაზეთი „ინდეპენდენტი“:

„პატიმართა დაკავების პირობები პირველ წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესია. ბოლო ხანს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა პატიმრების იურიდიული დაცვის თვალსაზრისითაც. ... მაგრამ არაერთი სერიოზული პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია. 171 პატიმრიდან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან გუანტანამოში, მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს მართლაც „სასტიკ ბოროტმოქმედად“. უმრავლესობა მცირე მასშტაბის დამნაშავე ან, სულაც, უდანაშაულოა და ბრალი მხოლოდ იმაში მიუძღვის, რომ არცთუ სახარბიელო დროს აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. ეს ხალხი ახლა იურიდიულ ვაკუუმში იმყოფება. ისინი სასოწარკვეთილი არიან და თვითმკვლელობის მცდელობის ასობით შემთხვევა სწორედ ამას ადასტურებს. ვინ არის დამნაშავე, რომ ვითარება ასეთია? ვინ და კონგრესი. რესპუბლიკელები და დემოკრატები ამ საკითხში იშვიათსა და მათთვის არცთუ დამახასიათებელ ერთსულოვნებას ავლენენ და გზას უღობავენ გუანტანამოს პრობლემის მოგვარებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თეთრი სახლიდან მომდინარეობს. ასეთი შეურიგებლობის წინაშე პრეზიდენტი ობამა უძლურია. და წყლული, რომელიც ამერიკის რეპუტაციას სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს, სულ უფრო იზრდება და მწვავდება.“
XS
SM
MD
LG