Accessibility links

logo-print
გასული წლის ბოლოს ორი მნიშვნელოვანი წიგნი გამოვიდა, მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ასეთი აქტუალური nonfiction-ლიტერატურით ქართველი მკითხველი განებივრებული არ არის. “სიესტას” მიერ გამოცემული პაატა ქურდაძის წიგნი “ექსპერიმენტული განცდები” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ დაბეჭდილი გიორგი მაისურაძის წერილების კრებული, სახელწოდებით – “ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები”, შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებათ მკითხველებს, რადგან ისეთი წიგნების რიგს მიეკუთვნებიან, რომლებიც საზოგადოების შეძვრას და გამოცოცხლებას ემსახურებიან.
აქ იმაზეცაა საუბარი, რომ ყოველ ერს ასევე აქვს თავისი მეტამფეტამინი. და რა არის ეს? რა არის ეს სტიმულატორი, რომელიც ამოძრავებს...

ორივე წიგნის ავტორი უცხოეთში ცხოვრობს, ორივე ძალზე გამოკვეთილად და ხმამაღლა ამბობს სათქმელს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პაატა ქურდაძის წიგნი უფრო რეაქტიული და როკენროლურია, სათქმელი აქ უფრო ესეისტურ ცნობიერების ნაკადშია გაფანტული, ხოლო მაისურაძის ძალზე მონოტონურ წიგნში სათქმელი შედარებით მკვეთრია და ზედაპირული სიცხადით ხასიათდება.

პაატა ქურდაძის შარშანდელი წიგნი - “ფსიქოდელიური ქრონიკა 2009” - ლიტერატურული პრემია “საბათიც” აღინიშნა და სულ მალე “სიესტაში” მისი მორიგი წიგნი გამოვიდა, რომელიც, რედაქტორის, ალექსი ჩიღვინაძის აზრით, ფსიქოდელიურობის ხარისხით წინაზე უფრო მაღლა დგას:

“რაც შეეხება ამ წიგნს, ანუ ექსპერიმენტულ განცდებს, იგი ფსიქოდელიურობის ხარისხით უფრო მაღლა დგას, იმიტომ რომ აქ განხილულია II მსოფლიო ომის ერთი შედარებით მიჩუმათებული ფაქტი, პრეპარატი მეტამფეტამინი პერვიტინი, რომელსაც იყენებდნენ გერმანელები როგორც ჯარისკაცის სტიმულატორს. აქ იმაზეცაა საუბარი, რომ ყოველ ერს ასევე აქვს თავისი მეტამფეტამინი. და რა არის ეს? რა არის ეს სტიმულატორი, რომელიც ამოძრავებს... როგორც ძენ-ბუდიზმში რაღაც კოანები, დაახლოებით ასეთი რამეა. პაატა გვიყვება ამ პერვიტინზე II მსოფლიო ომის დროს და მოულოდნელად გადავდივართ ქართულ რეალობაზე. და, ალბათ, ამანაც განაპირობა პაატა ქურდაძის ბლოგების და მისი წიგნების პოპულარობა, რომ არ არის შეზღუდული და შედარებები იქნება თუ წერის სტილი, იდეალური სინთეზია ლიტერატურისა და პუბლიცისტიკის.”
პაატა ქურდაძე

პაატა ქურდაძე


ქართული რეალობა პაატა ქურდაძესთან შემდეგი ამოსავალი დებულებით იხსნება: “საქართველო ლაბორატორიაა”... და მთელი წიგნის მანძილზე იგი იმ ლაბორატორიულ ცდებს აღწერს, რომელიც ბოლო წლებში გაიარა საქართველომ და ჩამოყალიბდა ქვეყნად, სადაც პარტიები მხოლოდ სახელებია, ცარიელი ტერმინები, რომელთა მიღმაც ვერანაირ შინაარსს, “ლოგიკის ერთ მარცვალსაც კი ვერ იპოვით”... სადაც ერთმანეთის აღარავის ესმის, სადაც პოლიტიკურ ტერმინოლოგიას თავისი ფუნქცია არასდროს ჰქონია და არც დღეს აქვს.

ცხადია, პოლიტიკის გარდა, ბევრ უფრო მნიშვნელოვან თემაზეა წიგნში საუბარი, თუმცა რადგან ამ პოლიტიკური ტერმინოლოგიის არარსებობით და პოლიტიკური ამორფულობით დავიწყე მიმოხილვა, ამითვე გავაგრძელებ. მაგალითად, ქართული ლიბერტარიანული მითი, რომელიც, ავტორის აზრით, ამერიკული ვერსიისგან იმით განსხვავდება, რომ “ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაირქვას ჩვეულებრივი ლიბერალი ან მემარჯვენე, იქადაგოს მემარცხენე იდეები, გახდეს მწვანე ეკოლოგისტი ან ყავისფერი ულტრამემარჯვენე; შეუძლია ჩეს ვარსკვლავიანი ბერეტი ჩამოიფხატოს ან, სულაც, საერთოდ უარყოს ლიბერტარიანიზმთან რამე კავშირი და ცილისწამებაც კი დაგაბრალოს.”

იგი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ქართველი არტისტები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად გამოგონილ მონსტრებს ებრძვიან, ვიდრე ხელისუფლებაში არსებულ მონსტრულ საწყისებს. ეძიძგილავებიან “უკვე დამარცხებულ ოდიოზურ პერსონაჟებს, დამარცხებულ იდეოლოგიებს, ადვილად გასაკრიტიკებელ ბრიყვულ ტრადიციებს, რელიგიურ ექსტრემიზმს...”, მაგრამ არა იმ ხელისუფალთ, რომლებიც უსაზღვროდ სარგებლობენ თავიანთი ძალაუფლებით.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ერთ-ერთი მთავარი სტილური ნიშანი მრავალსიტყვაობა და ხანდახან კი მოუქნელი შედარებებია, მასში ძალიან საინტერესო სოციალური პორტრეტი იხატება. აი, მაგალითად, როგორ აღწერს ავტორი ახალგაზრდა ქართველების ოცკაციან სუფრას რომელიღაც რესტორანში: “შუახნის ქალის მანერებიანი მოზარდი გოგონები და საკუთარი თავის ბრიყვ მამებად ტრანსფორმირებული ერთნაირი, თითქოს საპარიკმახეროდან ახლახან გამოსული კისერდაპუდრული “კაცურ პრიჩოსკიანი” ბიჭები, ჭიქებით ხელში, აგრესიული სიყვარულით მოციმციმე მთვრალი თვალებით...”

ამგვარ პორტრეტებს ვერ ნახავთ გიორგი მაისურაძის წიგნში. სამაგიეროდ, იქ მეტი პირდაპირობა და რელიგიური ტექსტებისთვის დამახასიათებელი დასრულებულობაა. იგი ძალიან მარტივად წერს და ყოველი სათაური თუ ქვესათაური ზუსტად გაუწყებს, რას შეეხება ტექსტი.

პირველ სტატიას ბევრი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობ 80-იანების ბოლო წლებში გადავყავართ და წიგნის პირველი ცნებაც შემოაქვს ავტორს – “მიტინგების თაობა”. ამ თაობიდან ბევრმა უკვე კარგა ხანია დატოვა ეს სივრცე, მაგრამ, სამაგიეროდ, ვერაფერი ეშველა იმ პოლიტიკურ რიტორიკასა და მეტაფორიკას, რომელიც ამ მიტინგებზე წარმოიშვა და დამკვიდრდა საქართველოში. ავტორი ახსენებს ორ ძირითადად აფექტს – “ჯოს!” და “ძირს!” და იმ მტრის ხატების ვრცელ დახასიათებებს გვთავაზობს, რომლებიც დღემდე ძალიან აქტიურად აბნელებენ ქვეყანას - ეთნიკური უმცირესობებით დაწყებული, აგენტის ხატით დამთავრებული.
გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე


გიორგი მაისურაძე ამ იდეოლოგიის დიაქრონულ ვარიანტებსაც ახსენებს – პატრიოტთა ბანაკების იდეოლოგიას და ყველაფერ იმას, რისი უმთავრესი ფუნქციაც, ავტორის სიტყვით, “ერთგვარი ვირტუალური საქართველოს შექმნა იყო...”, რითაც ფართო ასპარეზი შეექმნა არაადეკვატურობას და რომელმაც “...ზენიტს 2008 წლის 12 აგვისტოს და პირველი სექტემბრის მიტინგებზე მიაღწია, როდესაც დაბომბილი და ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო დიდგორობას და მტერზე გამარჯვებას ზეიმობდა.”

საკმაოდ მძაფრი განცხადებებია სტატიაში “ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები”, სადაც ავტორი ჩვენში გავრცელებულ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე საუბრობს, რომლის რეალური იდეალი არა ქრისტიანული უნივერსალიზმი ან “მოყვასის სიყვარულია”, არამედ სტალინური ყაიდის ტოტალიტარიზმი და არათავისუფალი აზროვნება.

მისი აზრით, როდესაც ადამიანები მწვავე პრობლემებზე ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, კულტურიდან, ასეთ ფსიქიკურ კრიზისში მყოფ ადამიანებზე ეკლესია იწყებს ზემოქმედებას და სულიერების “ფასტფუდით” ამარაგებს.

ერთი სიტყვით, წიგნი ყველაზე მტკივნეულ და ზოგიერთ შემთხვევაში პროვოკაციულ თემებზე გვესაუბრება, დასკვნები კი ზოგისთვის შოკისმომგვრელი იქნება, სხვებისთვის კი ღიმილისმომგვრელი, ვიღაცა გმირს დაინახავს ავტორში, ვიღაცა კი მტერს.

სხვათა შორის, ამ ორ წიგნში თემატური დამთხვევებიც საკმაოდ ბევრია. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მხოლოდ ერთს გავიხსენებ. საქმე ისაა, რომ გიორგი მაისურაძეც და პაატა ქურდაძეც 80-იანი წლების ბოლოდან იწყებენ თანამედროვე ისტორიას. პაატა ქურდაძისთვის ეს საწყისი წერტილია სუბკულტურის მკვლელობა, რაშიც, მისი აზრით, თავისი როლი ეკლესიამაც ითამაშა, გიორგი მაისურაძისთვის კი ეს მომენტია კონტრსეკულარიზაციის დასაწყისი 1987 წელს, როდესაც ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა.

მე მგონი, ერთი სიუჟეტისთვის საკმარისი საფიქრალი და საკამათო მოგვცა ამ წიგნებმა, დანარჩენი თავად შეგიძლიათ ამოიკითხოთ, შეაფასოთ, დაეთანხმოთ, არ დაეთანხმოთ ან კატეგორიულად არ დაეთანხმოთ. მთავარია, ეს კამათები "ფეისბუკის" ფარგლებს გასცდეს და უფრო საჯარო სივრცეში გადაინაცვლოს - მრგვალ მაგიდებთან, ჟურნალის ფურცლებზე, სადაც კამათი ერთი რომელიმე “კუტოკის” ჟღურტულში კი არ ჩაივლის, არამედ ბევრი ადამიანის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ აზრს გამოააშკარავებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG