Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზღვაურების გათავისუფლებისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების კვირა


ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები ბათუმში
ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურები ბათუმში
გასული კვირა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო. მეკობრეებმა ადენის სრუტეში 2010 წლის სექტემბერში დატყვევებული გემის ეკიპაჟის წევრები 8 იანვარს გაათავისუფლეს. კვირის ბოლოს კი, 13 იანვარს, მეზღვაურები, თურქეთის გავლით, სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს პრეზიდენტის თანხლებით. სომალელი მეკობრეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურების გათავისუფლებაში მათ 3 მილიონი დოლარი მიიღეს, რასაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ ადასტურებს. რა პირობით გაათავისუფლეს მეკობრეებმა 18 მეზღვაური, ოფიციალურად ამ დრომდე ცნობილი არ არის. სამშობლოში დაბრუნებული მეზღვაურები ტყვეობაში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებენ:
წამლები გაგვინადგურეს. წაგვართვეს ტანსაცმელი. ჩვენ არაფერი ვიცით, ვინ ჩაერია ჩვენს გათავისუფლებაში, რა იყო და როგორ გააკეთეს, არაფერი ვიცით...

”ექვსი თვე ჯაჭვებით ვიყავით გადაბმულები ექვს-ექვსი კაცი. გავაკეთებდით ხოლმე ანკესს, გადავაგდებდით წყალში, თევზს ვიჭერდით და იმით ვიკვებებოდით. მშივრებს გვკლავდნენ. წამლები გაგვინადგურეს. წაგვართვეს ტანსაცმელი. ჩვენ არაფერი ვიცით, ვინ ჩაერია ჩვენს გათავისუფლებაში, რა იყო და როგორ გააკეთეს, არაფერი ვიცით. მე მგონი, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერივნენ. არ არსებობს, რომ თანხის გადახდის გარეშე იქიდან ვინმე გამოვიდეს”, - ამბობენ მეზღვაურები.

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ ბრძანებულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ეხება ეს ცვლილება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ადვოკატი სანდრო ბარამიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ ცვლილება პრეზიდენტის მეოთხმოცე ბრძანებულებაში არანაირად არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მიცემის გაჭიანურებას. ამასვე ადასტურებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი:

”საერთოდ არ არის კავშირში ბიძინა ივანიშვილთან ეს ცვლილება, რადგან ის არ ითხოვს ორმაგ მოქალაქეობას. საბოლოო რეაგირების ვადა ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მიღების განაცხადების მოთხოვნის შეტანიდან იყო სამი თვე და ეს სამი თვე კვლავ ძალაშია. უბრალოდ, შიგნით არსებობდა კიდევ ერთკვირიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უნდა დაედგინა კონსტიტუციის მოთხოვნასთან მოდიოდა თუ არა შესაბამისობაში პირის განცხადება და სწორედ ეს ერთკვირიანი ვადა არის ამოღებული, რაც რეალურად არაფერს ცვლის, რადგან ერთ კვირაში დაადგენს თუ ორ კვირაში დაადგენს, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიღებული უნდა იყოს სამი თვის ვადაში”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მიიღებს თუ არა საქართველო თავდაცვით შეიარაღებას ამერიკისგან? - ეს კითხვა გასულ კვირას კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. 9 იანვარს, პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ გორდონს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ”იტარ-ტასის” - კორესპონდენტმა დაუსვა შეკითხვა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი მიჰყიდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, როგორც ამას კონგრესის მიერ მიღებული და პრეზიდენტ ობამას მიერ 31 დეკემბერს ხელმოწერილი კანონი მოითხოვს. ფილიპ გორდონი არ ფიქრობს, რომ ხსენებული დოკუმენტი ამ ეტაპზე მიდგომებს ცვლიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ გორდონის პასუხში არ ჩანდა, მიაწვდის თუ არა თავდაცვითი ხასიათის შეიარაღებას საქართველოს შეერთებული შტატები, ანალიტიკოსთა ერთი ჯგუფი ფილიპ გორდონის ნათქვამს პოზიტიურ ჭრილში განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრის თეონა აქუბარდიასთვის, კონგრესის მიერ მიღებული კანონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის ერთობლიობით, ცხადი ხდება, რომ გარკვეულწილად იცვლება ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მისამართით. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ამ საკითხის პერსპექტივების დაკონკრეტებისგან რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავს იკავებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია. მისი თქმით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ამას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს.

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის დაარსებას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს - ბიზნესმენის მეუღლის პოლიტიკური გეგმები ცნობილი 11 იანვარს გახდა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ”ქართული ოცნების” იურისტთა ჯგუფის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე. სწორედ ესაა მთავარი მოტივაცია, რის გამოც ის მოსამართლე შოთა გეწაძეს მისივე 27 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით მიმართავს. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ არ არსებობს სამართლებრივი ბარიერები, - მით უმეტეს, ახლა, როდესაც ცნობილი გახდა ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკური მიზნები, - რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მისი მოქალაქეობის დაუყოვნებლივ აღდგენას. ასე ფიქრობს ”ქართული ოცნების“ გამგეობის წევრი ირაკლი სესიაშვილი:
ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

”თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად არ მოხდა იმ ფონზე, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე ხვედელიძეს სურს პოლიტიკაში მოსვლა, ეს კიდევ უფრო დიდი უკანონობა იქნება, ვიდრე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო. თუ ბიძინა ივანიშვილს არ აღუდგენენ მოქალაქეობას, მაშინ სწორედ ეკატერინე ხვედელიძე იქნება ის ფიგურა, ვინც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში მისი სახელით წარმოჩნდება.”

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელს დაუკავშირდა გასულ კვირას ახალი ტელეკომპანიის შექმნის პერსპექტივაც. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ერქმევა, სად განთავსდება ან როდის გავა ეთერში ახალი ტელეკომპანია, რომლის მართვაც შპს ”აქცეპტის“ პრეროგატივა იქნება. საუბარია კომპანიაზე, რომლის 80%-საც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს. ეს შესაძლებლობა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც შპს ”იგრიკამ”, სამწლიანი ლოდინის შემდეგ, მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ტელემაუწყებლობისთვის მზადებას ჩვენთან საუბარში ადასტურებს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსი ნონა ყანდიაშვილი. მისი თქმით, ეს იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი, სრულყოფილი არხი. ყანდიაშვილი შეგვახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიუკერძოებელი ტელეკომპანიის შექმნის სურვილი ასპარეზზე გამოჩენის პირველსავე ეტაპზე გამოამჟღავნა:

”ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი ტელევიზია... ხოლო ბიძინა ივანიშვილს აქვს საშუალება, რომ საქართველოში შექმნას რეალურად დამოუკიდებელი ტელევიზია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. ამ არხის საშუალებით ხალხმა უნდა გაიგოს რეალურად რა და როგორ ხდება ქვეყანაში, ხოლო დანარჩენს შეაფასებს მაყურებელი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნონა ყანდიაშვილმა

თუკი ტელეკომპანიების თემით გავაგრძელებთ საუბარს, მაშინ უნდა ითქვას, რომ გასული კვირის ხუთშაბათს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე არხის, ტელეკომპანია “პიკის” მართვის უფლება ერთი წლით ტენდერში გამარჯვებულ შპს ”ალანიას” გადაეცა - ის ერთადერთი იყო, რომელიც „პიკის“ სამართავად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობების შესასრულებლად შპს „ალანიას“ ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოეყოფა. შპს „ალანია“ ტელეკომპანია „რეგიონ ტვ“-ს ფლობს, რომელიც უკვე ნახევარი წელია არ მაუწყებლობს. ტელეკომპანია „პიკს“ აქამდე შპს ”ქეი ერთი” მართავდა, რომელსაც კონტრაქტი 16 იანვარს ამოეწურება. „ქეი ერთის“ დამფუძნებლები ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორები იყვნენ - ჯერ რობერტ პარსონსი, შემდეგ ეკატერინე კოტრიკაძე.
საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5-10 კილომეტრის ქვევით მტკვარში წყალი საერთოდ არ იქნება. ეს იქნება მშრალი ხევი, სანამ საქართველოში არსებული პატარა მდინარეები არ შეუერთდება მტკვრის ძირითად ნაკადს...

შემოვა თუ არ შემოვა თურქეთიდან მტკვარი? - ამ კითხვამ გასულ კვირას განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პროვინცია არდაგანში, სადაც სათავეს იღებს მტკვარი, აშენდება ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი და იმისთვის, რომ მტკვრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, მდინარეს შეეცვლება კალაპოტი და, საქართველოში წამოსვლის ნაცვლად, თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის. გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. მდ.მტკვრის წყლის რესურსების შემცირება გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს ბორჯომსა და თბილისს, სერიოზული პრობლემები შეექმნება აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას, აცხადებს გია გაჩეჩილაძე, ”მწვანეთა პარტიის” ლიდერი:

”საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5-10 კილომეტრის ქვევით მტკვარში წყალი საერთოდ არ იქნება. ეს იქნება მშრალი ხევი, სანამ საქართველოში არსებული პატარა მდინარეები არ შეუერთდება მტკვრის ძირითად ნაკადს. კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება ბორჯომში. იქნება საშინელი ანტისანიტარიული პირობები. თბილისში მტკვარი მოაღწევს ძალიან მცირე რაოდენობით - ზაფხულის პერიოდში იქნება იმის ნახევარი, რაც დღესდღეობით არსებობს და თქვენ წარმოიდგინეთ თბილისისა და რუსთავის კანალიზაცია, რომელიც უერთდება მტკვარს, რა მდგომარეობა იქნება ამ მიმართულებით ქალაქებში. აღმოსავლეთ საქართველო ისედაც დეფიციტურია წყლის რესურსების თვალსაზრისით. ბუნებრივია, როდესაც მტკვარში წყალი დაიკლებს, ჩვენ აგრარული სექტორის, სოფლის მეურნეობის განვითარება აღარ შეგვეძლება.”

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კი ექსკლუზიურად რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ თურქეთიდან საქართველოში მტკვარი აუცილებლად შემოვა:

”ზუსტად ვერ გეტყვით, რა აშენდება ან რა არ აშენდება. ამ წუთშიც, დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველო-თურქეთს შორის. არაფერი ისეთი კონკრეტული არ არის გადაწყვეტილი, რის თქმასაც აზრი ექნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა იმ აპოკალიფსური სურათის საწინააღმდეგოდ, რაც იხატება: თურქეთიდან მტკვარი საქართველოში ყოველთვის შემოვა. არ ვგულისხმობ მე თბილისში ჩამომდინარე მტკვარს და მის უამრავ შენაკადს. მე ვსაუბრობ კონკრეტულად საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საიდანაც ყოველთვის შემოვა მდინარე მტკვარი”, - ირწმუნება გოგა ხაჩიძე.
XS
SM
MD
LG