Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ტერორიზმის წყალზედა განშტოება


ადენის სრუტე
ადენის სრუტე
გასული კვირის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლება იყო. თუმცა მეკობრეებისგან თავის დახსნას კვლავ ელოდება სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი მოქალაქე, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება ამაოდ ცდილობს ამოძირკვოს ამ საშიში საერთაშორისო საფრთხის მეტასტაზები.

მეკობრეობა ბევრს წარსულის გადმონაშთი ეგონა, თუმცა მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში სომალიში სახელმწიფოებრივი რღვევა და სამოქალაქო ომი დაიწყო, ბევრმა ადამიანმა ხელი მიჰყო მეკობრეობას. თავდაპირველად ხუთ-ათკაციანი ჯგუფები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარსატყორცნებით აღჭურვილი, სწრაფმავალი კატარღებით სომალის ნაპირებთან მდგარ მცირე იახტებსა და სავაჭრო გემებს ძარცვავდნენ, 2004 წლიდან კი მეკობრეებმა დანაშაულებრივი საქმიანობა გააფართოვეს და იმდენად გათავხედდნენ, რომ 2008 წელს ერითრიისაკენ მიმავალი, საბრძოლო იარაღით, ტანკებით და საზენიტო დანადგარებითა და მძიმე ტექნიკით დატვირთული უკრაინული გემიც კი იგდეს ხელთ.


მეკობრეობა, როგორც შემოსავლის წყარო

კაცი იკითხავს, ამდენი იარაღი თუ ჰქონდათ, მეკობრეების ათკაციანი ჯგუფის მოგერიება რაღა გახდაო, მაგრამ საქმე ისაა, რომ იარაღის გადამტან მეზღვაურს ეკრძალება იარაღის გამოყენება, სავაჭრო გემებს კი, ხშირ შემთხვევაში, არ ჰყავთ შეიარაღებული დაცვა. შესაბამისად, კარგად ინფორმირებული სომალელი მეკობრეები სწორედ ისეთ ხომალდებს იღებენ მიზანში, რომლებიც ადენის სრუტეში დაცვის გარეშე დაცურავენ, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი.

„შესაძლოა, არიან გარკვეული რაღაც ორგანიზაციები რომლებსაც გააჩნიათ სწორი ოპერატიული ინფორმაცია, თუ საიდან, რა გემი, რა მარშრუტით მიდის და რითია ეს გემი დატვირთული, და, შესაძლოა, აძლევენ მითითებებს, რომ შეუძლიათ მეკობრეებს თავს დაესხან. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ გემის ბორტზე არ შეიძლება იყოს საბრძოლო იარაღი, იმიტომ რომ ამის უფლება მათ არა აქვთ. სპეციალური დაცვის შეიარაღებული ჯგუფები რომ დაიქირავონ, ეს შეიძლება, მაგრამ მაშინ საჭიროა თანხების გადახდა, რასაც, რა თქმა უნდა, გემის მფლობელები ანდა ის, ვინც გემს აქირავებს, ცდილობს თავი აარიდოს.“

სომალელი მეკობრეების აქტიურობამ პიკს 2008 წელს მიაღწია. 4 წლის წინ მეკობრეებმა, რომელთა რაოდენობა სომალის ნაპირებთან დაახლოებით 1000 კაცს ითვლის, ასზე მეტი სამგზავრო, სავაჭრო და სატვირთო გემი იგდეს ხელთ. გამოსასყიდის სახით მიღებულმა თანხამ, არაზუსტი მონაცემებით, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს მიაღწია, გემთფლობელებისათვის მიყენებულმა ზარალმა კი - რამდენიმე მილიარდ დოლარს. რა თქმა უნდა, მეკობრეობა სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული - მეკობრეებისათვის გამოსასყიდის გადახდაზე ყველა სახელმწიფო არ თანხმდება. იყო შემთხვევები, როდესაც ადენის ყურეში მორიგეობაზე მყოფმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპეცოპერაციის მეშვეობით გაათავისუფლეს მძევლები.

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ასეთი ოპერაციები. გახსოვთ, ალბათ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის ავიამზიდების დაჯგუფებამ გაათავისუფლა ირანელი მეზღვაურები. გარდა ამისა, იყო ადრეც ასეთი შემთხვევები, თუმცა ზოგი სპეცოპერაცია ტრაგიკულად დამთავრდა, როდესაც იახტის განთავისუფლება ხდებოდა. მაშინაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მათ კი დააპატიმრეს და ნაწილი მეკობრეებისა დახოცეს, მაგრამ ამას შეეწირნენ ამ იახტის მფლობელები“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.


ნატოს ოპერაცია და სპეცკაიუტები

მეკობრეები მძევლად აყვანილ მეზღვაურებს ცოცხალ ფარად იყენებენ, რაც სპეცოპერაციის დროს მეკობრეებთან ერთად მეზღვაურების დაღუპვის საფრთხეს ზრდის. ირაკლი ალადაშვილის თქმით, იმისათვის, რომ მეზღვაურებს შორის შესაძლო მსხვერპლი თავიდან აერიდებინათ და სპეციალური დანაყოფებისათვის საქმე გაეიოლებინათ, გემები სპეციალური კაიუტებით აღიჭურვა, რაც გემის ეკიპაჟს საშუალებას აძლევს მოხერხებულად დაემალოს მეკობრეებს - ისე, რომ არც გარე სამყაროსთან გაწყვიტოს კავშირი:

„მეზღვაურებს თავი რომ დაეღწიათ ამ საფრთხისათვის, ასეთი რამეც მოიგონეს: შიგნით, გემში, აღჭურვეს ერთი კაიუტა, რომელიც ჰერმეტულად იკეტება, საჭმლის და წყლის მარაგი აქვთ და როდესაც გემის ეკიპაჟი დაინახავს, რომ მეკობრეები უახლოვდებიან მათ გემს, ისინი იკეტებიან ამ კაიუტაში და იქიდან გადასცემენ სიგნალ „SOS”-ს. ეს ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ არა საბოლოო.“

საბოლოო გამოსავალი ჯერჯერობით არც ნატოს ძალების მიერ მხარდაჭერილი ევროკავშირის ოპერაცია „ატლანტაა“, რომელიც 2008 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ დაიწყეს საერთაშორისო საზღვაო ძალებმა ადენის ყურეში. რეზოლუცია უფლებას აძლევს სხვა სახელმწიფოებსაც, გამოიყენონ სამხედრო-საზღვაო ძალები საერთაშორისო მეკობრეების წინააღმდეგ საბრძოლველად. 2008 წლიდან მოყოლებული, სომალის ნაპირებთან რამდენიმე ასეული მეკობრე დააკავეს, თუმცა ბევრი მათგანი გაათავისუფლეს სათანადო მტკიცებულებათა უქონლობის გამო.

ოპერაცია „ატალანტამ“ საგრძნობლად შეამცირა მეკობრეობა ადენის სრუტეში - საერთაშორისო საზღვაო ძალები მიაცილებენ მნიშვნელოვან გემებს და ქმნიან უსაფრთხოების დერეფნებს, თუმცა 890 კილომეტრის სიგრძისა და 300 კილომეტრის სიგანის ყურის სრულფასოვნად კონტროლი ბოლომდე არც საერთაშორისო ფლოტს შეუძლია.

„წყლის უზარმაზარი სივრცის გაკონტროლება შეუძლებელია. წყლის სივრცე, ზღვის სივრცე იმხელაა, რომ იქ ყველა ხომალდის გაკონტროლება შეუძლებელია. ერთ-ერთი ყველაზე კაი გამოსავალი იქნებოდა, რომ გარკვეულ, ყველაზე სახიფათო ადგილებში მოხდეს ამ გემების გადაადგილება, რომლებსაც დაიცავდნენ ოპერაციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ესკადრები. მაგრამ ეს ბევრ ფინანსურ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ყველა არ დაელოდება ასეთი „კონვოის“ ჩამოყალიბებას და ყველა თავისი სურვილით დაცურავს“, - აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

ადენის ყურეს, რომელიც ინდოეთის ოკეანეს აკავშირებს არაბეთის ნახევარკუნძულსა და სპარსეთის ყურესთან, სუეცის არხით კი - ევროპასთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტვირთების ტრანსპორტირებისათვის და, მიუხედავად მეკობრეობისა, მას ალტერნატივა არ გააჩნია. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნილება იმ მეზღვაურებზე, რომლებიც მაღალი ანაზღაურების ფასად უარს არ იტყვიან ადენის ყურეში ცურვაზე. მეზღვაურობა ხომ ერთ-ერთი ყველაზე ვაჟკაცური პროფესიაა, რომელიც მუდმივად ხიფათსა და სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეკობრეებმა მძევლად აიყვანეს 3500 მეზღვაური, რომელთაგან 62 დაიღუპა - ზოგი მეკობრეებმა დახოცეს, ზოგიერთი უჭმელობისგან მოკვდა, ზოგმა მძევალმა კი თავად მოიკლა თავი. სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ამჟამად 200-მდე მძევალი რჩება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG