Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ევროკავშირის შესახებ


გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია
გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია
„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ გამართა პრეზენტაცია კვლევისა, რომლის სახელწოდებაცაა: ”ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში”. აღნიშნული კვლევა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის, „კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრის“ მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ანგარიშში გამოკვეთილია ევროკავშირის მიმართ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება და აგრეთვე აღნიშნულია, რა შეიცვალა ამ დამოკიდებულებაში 2009 წლიდან 2011 წლამდე. მაინც რა იციან საქართველოში ევროკავშირის შესახებ და რას მოელის საზოგადება ევროკავშირში გაწევრიანებისგან?

გამოკითხულთა 12%-ს ჰგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია, 2 პროცენტით ნაკლები იყო მათი რაოდენობა, ვინც ასე ფიქროდა 2009 წელს. ასეთია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც თავმოყრილია ანგარიშში: ”ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში”. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა 2009 და 2011 წლებში. საქართველოს მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა ჯერ 1600, შედეგ 1900-მდე რესპონდენტი.
ინფორმაცია დაეხმარება ყველას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება - მართლა კარგია ევროკავშირში გაწევრიანება, თუ...

როგორც ანგარიშის პრეზენტაციისას ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ -საქართველოს” დირექტორმა კობა თურმანიძემ აღნიშნა, საზოგადოებას ევროკავშირზე წარმოდგენა შექმნილი აქვს მის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის გარეშე, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოკითხულთა 80% მზად არის მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 38% ფიქრობს, რომ საქართველო 5 ან უფრო ნაკლები წლის მანძილზე შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. კობა თურმანიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ როგორი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი მეტად ინფორმირებულობის შემთხვევაში.

”მნიშვნელოვანია, რომ როცა ყველაფრის სარგებელსა და ღირებულებას აწონ-დაწონის თითოეული მოქალაქე, შემდეგ როგორ განსჯის, კიდევ მოუნდება თუ არა ევროკავშირში შესვლა, ეს არის მნიშვნელოვანი. დღესდღეობით ეს არის, უბრალოდ, კარგი სურვილი და არა არჩევანი, ამიტომ მეტი ინფორმაცია დაეხმარება ყველას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება - მართლა კარგია ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ამას რაღაც უარყოფითი მოსდევს”,- ამბობს ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ - საქართველოს“ დირექტორი კობა თურმანიძე.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერს ოლივერ რაისნერს არ უკვირს, რომ საქართველოში ბევრს არ აქვს რეალური ცოდნა ევროკავშირის შესახებ. მისი სიტყვებით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმაც კი არ იციან ხშირად, რა არის ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები:

”თავად ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც კი ევროკავშირი უცნაური რამ არის. თავადაც არ იციან ხოლმე განსხვავება ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს შორის. ეს ინსტიტუტები ძალიან უცხოა ძალიან ბევრისათვის, უბრალო ადამიანებისათვის. მე მაქვს იმედი, რომ სკოლებში, სხვადასხვა პროგრამებში, მედიაში უფრო თვალსაჩინოდ იქნება ახსნილი, რა არის ევროკავშირი, რამდენად არის ის მნიშვნელოვანი და რისთვის.”

მედიის მიერ საკმარისად არ შუქდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, - რაც შუქდება, ის არის ზედაპირული ხასიათის ...
ოლივერ რაისნერი ფიქრობს, რომ საჯარო დისკუსიებით და მედიის საშუალებით საზოგადოებამ მაინც მეტი უნდა გაიგოს ევროკავშირის შესახებ, რადგან ეს მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს თითოეული ადამიანის საშინაო ცხოვრებაზე აისახება, რადგან ევროკავშირს გარკვეული მოთხოვნები აქვს საქართველოსადმი.

გამოკვლევის ავტორებს აინტერესებდათ ისიც, თუ რა წყაროებიდან იღებენ მოქალაქეები ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ. როგორც კვლევამ აჩვენა, ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზიაა და ის ასეთად 25 პროცენტმა დაასახელა. თუმცა, როგორც „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერი
ვახტანგ კობალაძე ამბობს, მიწოდებულ ინფორმაციას ანალიზი აკლია:

”მედიის მიერ საკმარისად არ შუქდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, - რაც შუქდება, ის არის ზედაპირული ხასიათის, ვიზიტებთან დაკავშირებული და ხელშეკრულებების დადების ფაქტებთან დაკავშირებული, ანუ ეს არის აღწერილობითი ხასიათის და ანალიტიკრი დისკუსია მაინც არ არის საკმარისი.”

აქვე ვთქვათ, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარს სურს მეტი იცოდეს ევროკავშირის შესახებ, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ საქართველო, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, 34 % მიიჩნევს, რომ - ნატოში.

რადიო თავისუფლებამ ქუჩაში რამდენიმე ადამიანს ჰქითხა, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და რატომ?

” საქართველო ევროპული ქვეყანაა და რაც მეტი კავშირი გვექნება ევროპასთან, მით უკეთესი.”
მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ღმერთი თუ უშველის, ისიც, ხელს თუ გავანძრევთ ...

” ევროპელები ვართ და ჩვენც გვინდა, რომ ისეთივე ცხოვრება გვქონდეს, როგორიც ევროპელებს აქვთ და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი.”

”ევროპის ქვეყნები უფრო გამოადგება საქართველოს, ვიდრე აზიის. იმას, რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, განაპირობებს ის, რომ ჩვენთან დემოკრატია არის, მართლა არის და არ არის სოციალიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.”

”თუ გვშველის რამეს, საქართველოს თუ უშველის რამეს, გახდეს წევრი, თუ არადა, მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ღმერთი თუ უშველის, ისიც, ხელს თუ გავანძრევთ.”

ამ მცირე გამოკითხვიდანაც ჩანს და თავად გამოკვლევის ავტორებიც ასკვნიან, როგორც ეს პრესრელიზში აქვთ ნათქვამი, რომ ქართველები თავგამოდებული ევროფილები არიან და მათ უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში ქვეყნის გაერთიანება სურს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG