Accessibility links

logo-print

ეუთო აკრიტიკებს ყაზახეთში გამართულ არჩევნებს


ეუთოს შეფასებით, ყაზახეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ეს შეფასება გამოთქმულია ეუთოს მიერ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნებზე მივლინებული მეთვალყურეების დასკვნაში. მეთვალყურეები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ყაზახეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმული სურვილისა, განამტკიცოს დემოკრატიული პროცესი, კვირას ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამებოდა „დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს“. ყაზახეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატები მოიპოვა სამმა პარტიამ, მათ შორის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტიას, „ნურ ოტანს“ ერგო ხმების 80,7 პროცენტი, ბიზნესის ინტერესების დამცველ „აკ ჟოლს“ – 7,5 პროცენტი, ხოლო კომუნისტურ სახალხო პარტიას 7,2 პროცენტი. პირველად ყაზახეთში, არჩევნების შედეგად მეორე ადგილზე გასულ პარტიას გარანტირებული ჰქონდა პარლამენტში მოხვედრა იმ შემთხვევაშიც, თუ ვერ მოაგროვებდა ხმების 7 პროცენტს. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებმა მასშტაბური დარღვევებით ჩაიარა. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, კენჭისყრაში მონაწილეთა შორის ერთადერთმა, რომელიც პრეზიდენტის მომხრედ არ მიიჩნევა, გამოაცხადა, რომ 17 იანვარს, ალმა-ატაში საპროტესტო აქციას მოაწყობს ამ „სამარცხვინო არჩევნების“ წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG