Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო აკრიტიკებს არჩევნებს ყაზახეთში


ყაზახეთი: პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მიმართავს მმართველი პარტიის, "ნურ ოტანის" აქტივისტებს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეს, 16 იანვარს
ყაზახეთი: პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მიმართავს მმართველი პარტიის, "ნურ ოტანის" აქტივისტებს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეს, 16 იანვარს
ყაზახეთში გამართული არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა სამი პარტია, რაც სიახლეა ამ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის: აქამდე საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა - მმართველი „ნურ ოტანი“. თუმცა, პარლამენტში დამატებით ორი პარტიის შესვლა არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციურმა ძალამ შეაღწია. ეს ორი პარტიაც მხარდაჭერას უცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს.

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნები არ აკმაყოფილებდა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. „მიუხედავად მთავრობის მიერ გამოთქმული ამბიციისა ყაზახეთში დემოკრატიული პროცესის განმტკიცებისა და არჩევნების - ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად - ჩატარების შესახებ, გუშინდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს“, - განაცხადა ყაზახეთის დედაქალაქში ორშაბათს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟოაო სუარეშმა.

სუარეშმა ვადამდელი არჩევნები ახსენა. მართლაც, საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში წელს, აგვისტოსთვის იყო დანიშნული, მაგრამ პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ნოემბერში დაითხოვა საკანონმდებლო ორგანო და ვადამდელი კენჭისყრა დანიშნა. მიზეზად დასახელდა სურვილი, რომ ერთ პარტიაზე მეტი შესულიყო პარლამენტში, ანუ მაჟლისში, რომელშიც ერთადერთი პარტია, მმართველი „ნურ ოტანი“ იყო წარმოდგენილი 2007 წლის არჩევნების შემდეგ.

თუმცა, ჟოაო სუარეშმა ორშაბათის პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არ მისცემია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. „თუ ყაზახეთის ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება მის მიერვე გამოცხადებულ მიზანს, გაზარდოს პარლამენტში პარტიების რაოდენობა, მაშინ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცათ მეტი, მართლაც ოპოზიციური პარტიისათვის“, განაცხადა ჟოაო სუარეშმა და იმედი გამოთქვა, რომ „ამ მხრივ ცვლილება იქნება მომავალში“.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 80 პროცენტზე მეტი ერგო მმართველ პარტია „ნურ ოტანს“, რომელთან ერთადაც საკანონმდებლო ორგანოში (107-ადგილიან მაჟლისში) მოხვდნენ პარტია „აკ ჟოლი“ და კომუნისტური ხალხის პარტია. ეს პარტიებიც, რომელთაგან თითოეულს ერგო ხმების შვიდ პროცენტზე ცოტა მეტი, მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - კენჭისყრის ერთადერთმა მონაწილემ, რომელიც მართლაც ოპოზიციურ ძალად ითვლება - სულ 1,6 პროცენტი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ, პირველად ყაზახეთში, პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გასულ პარტიას - იმისდა მიუხედავად, გადალახავდა თუ არა ის შვიდპროცენტიან ბარიერს.

ყაზახეთში არჩევნებზე ეუთოს გრძელვადიანი სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, მიკლოშ ჰარასტიმ ასტანაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკრიტიკა საარჩევნო გარემო: „საჯარო დებატები შეზღუდული იყო და მედია - მასმედია - მუშაობს გარემოში, რომელიც თვითცენზურით ხასიათდება და რომელშიც არ არის ადგილი სამაუწყებლო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის“.

შესაბამისად, ჰარასტიმ კრიტიკულად შეაფასა არჩევნების შედეგიც: „არჩევნების შედეგი, რაც გულისხმობს მმართველი პარტიის გარდა პარლამენტში კიდევ ორ პარტიის მოხვედრას, შეიძლება აღიწეროს, როგორც წინასწარ განსაზღვრული“.

ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ სამშაბათს ალმა-ატაში გამართავენ დემონსტრაციას არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. მათი ბრალდება, რომ არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა, უსაფუძვლო არ უნდა იყოს თუნდაც იმ სცენის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა გადაიღო ყაზახეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში: ვიდეოკადრებზე ვხედავთ, როგორ ყრიან საარჩევნო ყუთში არა თითო-თითო, არამედ რამდენიმე საარჩევნო ბიულეტენს, თან სრულიად აუღელვებლად და აშკარად.

ოპოზიციონერებისა და ეუთოს მეთვალყურეებისაგან განსხვავებით, პრეზიდენტი ნაზარბაევი კმაყოფილია კენჭისყრით, აქებს მის „უპრეცედენტო გამჭვირვალობასა“ და „ღიაობას“.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებს ერთი თვით უსწრებდა დემონსტრანტებთან შეტაკება დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სადაც, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა. ცნობების თანახმად, ამ ქალაქში კვლავაც ძალაშია საგანგებო მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG