Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არასამთავრობო სექტორის ცნობადობა


გორში მოქმედი 13 არასამთავრობო ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი შეხვედრა
გორში მოქმედი 13 არასამთავრობო ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი შეხვედრა
შიდა ქართლში 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა ოფიციალურად რეგისტრირებული, მაგრამ აქედან 30-მდეა მხოლოდ აქტიური. ეს ორგანიზაციები პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ სტრატეგიაც კი შეცვალა და დევნილების და ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლების დასახმარებლად დაიწყო მუშაობა. უნდა აღინიშნოს, რომ დონორების ინტერესიც ამ მიმართულებით უფრო დიდია. აქედან გამომდინარე, დევნილებშიც და კონფლიქტის ზონის სოფლებშიც არასამთავრობოების ცნობადობა გაიზარდა, რასაც ქალაქის მოსახლეობაზე ვერ ვიტყვით. გორის ქუჩებში ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების დიდმა ნაწილმა საერთოდ არაფერი იცოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ბავშვთა ორგანიზაცია „ბილიკი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ვინაობა გაიხსენა.

ქეთი ბებიაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელია. ორგანიზაცია ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. გასული წლის ანგარიშით, გორის ოფისმა 2000-ზე მეტი იურიდიული კონსულტაცია გასცა. გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტებისთვის პრიორიტეტულია დევნილთა უფლებები და ამ მიმართულებით სასამართლოებში არაერთი პირის ინტერესებს იცავენ. იურისტები ავტოტურების მეშვეობით სოფლებში დადიან და იქ მცხოვრებლებს ადგილზევე უწევენ კონსულტაციებს. გორის ოფისი შიდა ქართლის გარდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც ემსახურება. ქეთი ბებიაშვილის თქმით, 2012 წელს „იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი მიმართულება არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და საარჩევნო პროცესის მონიტორინგი იქნება.

გორში, საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოში 20-ზე მეტი ორგანიზაციაა შესული და მათ მიზანს პრობლემების გამოკვეთა, ხელისუფლებამდე მიტანა და გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს. ხშირად საბჭო არა მარტო ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართავს ხოლმე ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის გადასაწყვეტად რეკომენდაციებით. ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი ზაზა ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ასეთი ფორმატი ნორმალურ შედეგს იძლევა, თუმცა რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც ოპერატიულად ვერ გვარდება.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ ინტერესი და მიმართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ საზოგადოებაც აქტიური ხდება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG