Accessibility links

უკრაინის ეკონომიკის დაღმასვლა და იანუკოვიჩის რეფორმები


უკრაინა, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. ევროპის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნის ეკონომიკური უკანსვლა განსაკუთრებით თვალში მოსახვედრი გახდა ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ეკონომიკური რეფორმების დაპირებით მოვიდა.

პრობლემაა სულელური კანონმდებლობა, რომელიც სირთულეებს ქმნის ...
„2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ჰქვია პროექტს, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი „ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენი“ და „უოლ სტრიტ ჯორნალი“. ეს „ინდექსი“ სახელმწიფოთა ეკონომიკურ თავისუფლებას აფასებს სხვადასხვა კრიტერიუმით. მის თანახმად, 179 ქვეყანას შორის უკრაინა 163-ე ადგილზეა და უზბეკეთსა და სოლომონის კუნძულებს შორის იმყოფება. ის, თუ ვინ რომელ ადგილზეა, არ გამოხატავს სახელმწიფოთა საერთო ეკონომიკურ დონეს, რისი დასტური თუნდაც ის არის, რომ ევროპის ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა, გერმანია, ლიტვასა და ესტონეთზე ქვემოთ არის. საქართველო, ამ სიის თანახმად, საფრანგეთს, ბელგიასა და ნორვეგიასაც სჯობნის. ეკონომიკის სფეროში საქართველოს მთავარი პლუსი ბიზნესის დაწყების და, საერთოდ, ამ მხრივ რეგულირების თავისუფლება, ასევე ვაჭრობის თავისუფლება, ბაზრის ღიაობაა, რაც აწონასწორებს სხვა სფეროებში კანონის უზენაესობის მხრივ ჩამორჩენილობას. უკრაინას მივუბრუნდეთ, ქვეყანას, რომელიც ხუთი წლის წინ, იანუკოვიჩის მმართველობის დაწყებისას, 133-ე ადგილიდან ნელ-ნელა უკან წავიდა. უკრაინის ამ მხრივ უკანსვლის მთავარი მიზეზი, ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საფუძვლების სისუსტეა. კონკრეტულად, ეს, დოკუმენტის მიხედვით, გულისხმობს უკრაინაში კერძო საკუთრების დაცვის სისუსტეს, ასევე მეწარმეთა საქმიანობაში კორუფციის ხელისშემშლელ როლს, შორეული პერსპექტივის ეკონომიკური პროექტების ჩაშლას. სუსტია უკრაინაში კანონის უზენაესობის პრინციპი, სამართლებრივი სისტემა კვლავაც პოლიტიკური გავლენისგან დაუცველი რჩება. ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა გასული წლების განმავლობაში პირობას დებდა, რომ გაატარებდა ეკონომიკის სფეროში რეფორმებს. თვითონ პრეზიდენტი 11 იანვარს მთავრობის ოფიციალურ პირებს შეხვდა და იმედგაცრუება გამოხატა წინსვლის ნაკლებობის გამო - გეგმები გვქონდა და ვერ განვახორციელეთო, თქვა პრეზიდენტმა.

კიევში ტანსაცმლის მაღაზია აქვს ამ ბიზნესმენს, რომელმაც გვთხოვა, ვინაობას ნუ გაამხელთო. მისი აზრით, პრობლემები მარტივია:

„პრობლემაა სულელური კანონმდებლობა, რომელიც სირთულეებს ქმნის. მაგალითად, ვიხდი საშემოსავლო ბეგარას. უწინ ერთ ადგილზე ვიხდიდი ერთ გადასახადს. ახლა, ამ ბეგარის ჩარჩოებში, რამდენიმე ადგილას მისვლა და გადახდაა საჭირო. შემოიღეს პირადი მონაცემების დაცვის რაღაც ახალი კანონი, რომელსაც თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.“

უკმაყოფილო ბიზნესმენს თითქოს ეპასუხება უკრაინის სტრატეგიული კვლევის სახელმწიფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი იაროსლავ ჟალილო, რომელიც ამბობს, სირთულეები ყოველთვის არსებობს რეფორმების საწყის ეტაპზე, კორუფცია ძლიერია, ბევრ სფეროშია წესრიგის დამყარება საჭირო, სადაც ადრე კონტროლი არ იყოო.

ბოლო ერთ თუ ორ წელიწადში მართლაც დავკარგეთ მომავლის რწმენა. რწმენა არ გვაქვს, რადგან წვრილ მეწარმეებს სახელმწიფო ძარცვავს...
თავისი მოსაზრება აქვს აქტიურ ბიზნესმენს, ანატოლი ჰირშფელდს, რომელიც ხარკოვის ოლქში დამსაქმებელთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარეა:

„არის პრობლემები საბაჟო პროცედურაში, არის პრობლემები დამატებული ღირებულების დროულად უკან დაბრუნებისა. პოტენციური ინვესტორები ამას ასახელებენ სირთულედ და რეიტინგზე ეს უარყოფითად მოქმედებს. მთავრობები იძულებული არიან ამა თუ იმ მომენტში არსებული პრობლემები მოაგვარონ. ისინი ფიქრობენ, როგორ გადაუხადონ ხელფასი სახელმწიფო მოხელეებს, როგორ დაარიგონ პენსიები, ფიქრობენ სხვა სოციალურ პრობლემებზე. ისინი ფიქრობენ, რომ ბიზნესი ამ ყველაფერს როგორმე გადაიტანს და ავიწყდებათ, რომ კეთილდღეობას ქმნის ბიზნესი, რომელიც გადასახადებს იხდის.“

ამას, რასაც ჰირშფელდი ამბობს, ეხმიანება „ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის“ და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ანგარიში, სადაც წერია, რომ დეფიციტმა ზეგავლენა მოახდინა საჯარო ფინანსებზე, რომ უკრაინა გამოწვევის წინაშე დადგა, როცა მყარი საჯარო ხარჯების დონის აღდგენა დასჭირდა.

ბოლოს კიდევ ერთ ბიზნესმენს მოუსმინეთ, რომელსაც საცალო სავაჭრო მაღაზია აქვს ზაპოროჟიეში. არც მას უნდა თავისი ვინაობის დასახელება:

„ბოლო ერთ თუ ორ წელიწადში მართლაც დავკარგეთ მომავლის რწმენა. რწმენა არ გვაქვს, რადგან წვრილ მეწარმეებს სახელმწიფო ძარცვავს. მიიღეს დიდი რაოდენობა კანონებისა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რომელთა მიხედვითაც, შეიძლება დაჯარიმება, ფირმების დახურვა, საქმიანობის უფლების წართმევა. კაცს მოგინდება, დახურო ბიზნესი და სადმე დიდ ფირმაში იმუშაო დაბალ ხელფასზე.“
XS
SM
MD
LG