Accessibility links

logo-print

ვინ შეძლებს 2012 წლის არჩევნებზე დაკვირვებას


არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია საარჩევნო კოდექსიის შესახებ. 2011 წლის 17 დეკემბერი

არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია საარჩევნო კოდექსიის შესახებ. 2011 წლის 17 დეკემბერი

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, არჩევნების პროცესის მონიტორინგის უფლება ექნებათ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა. აქამდე კანონი ითვალისწინებდა შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია 2 წლის დაფუძნებული უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოგზავნილი რეკომენდაციების შედეგად შევიდა, თუმცა, საარჩევნო სისტემის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ცვლილება სიკეთესაც შეიცავს და საფრთხესაც.
რადგან ახალი ჩამოყალიბებული იქნებიან და... შეიძლება ეს მათ კვალიფიკაციასთან იყოს დაკავშირებული ...

ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე 1 წლით ადრე დარეგისტრირებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ დააკვირდნენ არჩევნების პროცესს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის აზრით, დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითია ის, რომ, ამ ცვლილების მიხედვით, ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაციებიც შეძლებენ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში, უარყოფითი კი ის არის, რომ ასეთ არასამთავრობოებს არჩევნებზე დაკვირვების ნაკლები გამოცდილება ექნებათ:

”რადგან ახალი ჩამოყალიბებული იქნებიან და... შეიძლება ეს მათ კვალიფიკაციასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა ეს არ შეიძლება ჩავთვალოთ ძალიან ცუდ ფაქტად, რადგან შეიძლება ახლად შექმნილი ორგანიზაცია იყოს და იქ პროფესიონალები მუშაობდნენ.”

ეკა გიგაურის ამ აზრს კიდევ უფრო განავრცობს ”საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. მისი შეფასებით, ხელისუფლება ამ ცვლილების განხორციელებით საერთაშორისო საზოგადოებას უჩვენებს, თუ როგორ ლიბერალურ ნაბიჯებს დგამს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, თუმცა, მეორე მხრივ, ცვლილებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავის მიმართ ლოიალურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებიდან კენჭისყრის დღემდე დარჩენილ დროში, რომელიც ერთ წელზე ნაკლებია, დარეგისტრირებას ვეღარ მოასწრებენ ის არასამთავრობოები, რომლებიც ან ოპოზიციურად არიან განწყობილი, ან ობიექტურად სურთ არჩევნებზე დაკვირვება:

”ვფიქრობ, ეს მაინც იმისთვის არის გაკეთებული, რომ იმ ორგანიზაციების წევრებმაც მიიღონ დაკვირვების პროცესში მონაწილეობა, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს. ამ ორგანიზაციების მეშვეობით, უბრალოდ, თავის მხარდამჭერებს დააყენებენ უბნებზე. მინდა ვიმედოვნო, რომ ეს ცუდი განზრახვით არ არის გაკეთებული.”

კახა კახიშვილის ამ ვარაუდს ნაკლებად იზიარებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, ვინაიდან ხელისუფლება რეგისტრაციის ვადის შემცირებამდეც ახერხებდა მისდამი კეთილგანწყოფილი არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსის გამოყენებას:

”მაშინაც კი, როცა დარეგისტრირების 2-წლიანი ვადა იყო, არსებობდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირდებოდნენ დამკვირვებლად და დამკვირვებლები იყვნენ, მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, თბილისის მერიაში, პარლამენტში დასაქმებული ადამიანები და ისინი რეალურად ნამდვილად არ წარმოადგენდნენ არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ ეს რეალურად, ერთწლიანი იქნება თუ 2-წლიანი, არაფერს შეცვლის ამ მიმართულებით.”
თუ ბევრი არის ასეთი არასამთავრობო, მაშინ შეიძლება ეჭვი გვქონდეს, რომ ხელისუფლებამ ისინი ხელოვნურად დაარეგისტრირა იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე გამოიყენოს...

აქედან გამომდინარე, ნინო ლომჯარიასთვის გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა არჩევნებზე დაკვირვების მსურველი არასამთავრობოებისთვის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის გაუქმება, თუმცა ამაში თავადვე ხედავს იმის საშიშროებას, რომ სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე სპეციალურად რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესის გასატარებლად დარეგისტრირდეს არჩევნების მონიტორინგისათვის ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია.

ზურაბ ჯაფარიძე, ერთ-ერთი დამფუძნებელი ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკისა“, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, არასამთავრობოებისთვის არჩევნებზე დასაკვირვებლად რეგისტაციის ვადის 1 წლამდე შემცირებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ურჩევნია ასეთი ვადა საერთოდ არ არსებობდეს. მისი აზრით, რამდენად გამოიყენებს ხელისუფლება ამ ცვლილებას მართლაც ერთგვარი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაქმნელად, შეიძლება გაირკვეს იმის მიხედვით, თუ რამდენი არასამთავრობო დარეგისტრირდა სექტემბრის შემდეგ საჯარო რეესტრში:

”თუ ბევრი არის ასეთი არასამთავრობო, მაშინ შეიძლება ეჭვი გვქონდეს, რომ ხელისუფლებამ ისინი ხელოვნურად დაარეგისტრირა იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე გამოიყენოს. თუმცა ამაში აზრს მაინცდამაინც ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი არასამთავრობოები არ არის ცოტა და შეიძლება გააკეთებინო კოალიცია და მისცე იმის რესურსი, რომ ბევრი დამკვირვებელი ჰყავდეს.”

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1 სექტემბრიდან 1 იანვრამდე სულ 417 არასამთავრობო დარეგისტრირდა, მაგრამ რომელია მათ შორის ადამიანის უფლებათა კუთხით ან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული, რადიო თავისუფლებას რეესტრში არ დაუკონკრეტეს.

ერთ რამეში კი მაინც ყველა თანხმდება: ეს ცვლილება რეალურად დიდ გავლენას ვერ მოახდენს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რა იქნება, ძნელი სავარაუდოა, რადგან, როგორც ჩვენთან მოსაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, შესაძლოა საარჩევნო კანონში მანამდე კიდევ შევიდეს ცვლილებები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG