Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ლაბორატორია - 1918” შრომის კოდექსის შეცვლას მოითხოვს


17 იანვარს ახალგაზრდულმა მოძრაობამ ”ლაბორატორია 1918” საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია წამოიწყო და გაერთიანებულ პროფკავშირთან ერთად რუსთაველის ძეგლთან თეატრალიზებული აქცია გამართა. შრომის კოდექსის საწინააღმდეგო ტრანსპარანტებით ხელში, ახალგაზრდები კოდექსის შეცვლას მოითხოვდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას შეეცვალა შრომის კოდექსი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არ შეესაბამება ევროპის სოციალურ ქარტიას ...
„გაერთიანებული პროფკავშირები“ შრომის კოდექსს წლებია აკრიტიკებს, ”ლაბორატორია - 1918”-ის მიერ საპროტესტო კამპანიის წამოწყებას კი ბიძგი გორის მეცხრე საჯარო სკოლის პედაგოგის ია ბჟალავას სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი - არც მეტი, არც ნაკლები - მონობის კოდექსია, ამავე შინაარსის ტრანსპარანტებით ქუჩაში გამოვიდნენ.

”დასაქმებული მონა არ არის”, ”ნუ გახდები მარიონეტი”, ”შეცვალე კოდექსი”, ”მე ორსულობის გამო გამათავისუფლეს”, ”ერთად ვებრძოლოთ სოციალურ უსამართლობას”, ”შრომის კოდექსი კლავს” - ამ შინაარსის პლაკატების ფონზე ჩაიკითხა ”ლაბორატორია - 1918”-ის ერთ-ერთმა აქტივისტმა ორგანიზაციის მიმართვა:

”საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას შეეცვალა შრომის კოდექსი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არ შეესაბამება ევროპის სოციალურ ქარტიას და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. კანონი აკანონებს მონობას და სწორედ ამიტომ ”ლაბორატორია-1918” იწყებს კამპანიას შრომის კოდექსის შესაცვლელად.”

”ია ბჟალავას სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა არ უკავშირდება რეორგანიზაციას”, - აცხადებს „გაერთიანებული პროფკავშირების“ ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. – „საინტერესო სწორედ იმის გამოკვლევაა, თუ რა ნიშნით დაითხოვეს პედაგოგი. კანონით, დამსაქმებელი ვალდებული არ არის მიზეზები ახსნას, უბრალოდ, წერს „37 , დ”, რაც ნიშნავს, რომ ათავისუფლებს, რისი გულისთვისაც მას სურს - იქნება ეს პროფკავშირის წევრობა, პოლიტიკური პარტიის აქტივისტობა, ის, რომ დასაქმებული ქალია და ქალი კი მას სამსახურში არ უნდა ჰყავდეს თუ სხვა შინაარსის დისკრიმინაციული საფუძვლები. სასამართლოში ამის დამტკიცება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან როდესაც ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და დისკრიმინაციას ვახსენებთ, დამსაქმებელი მაშინვე შრომის კოდექსის 37-ე მუხლს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს შეუძლია ერთი ხელის მოსმით შეწყვიტოს კონტრაქტი დასაქმებულთან და მას არაფერი აუხსნას.”
ჩვენი კანონები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან და, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან...

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით საქართველოს მთავრობასა და „გაერთიანებულ პროფკავშირებს" შორის შრომის კოდექსის თაობაზე დიალოგი დღესაც მიმდინარეობს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოდან არაერთი საჩივარია გაგზავნილი, შრომის კოდექსი საქართველოში არ იცვლება. პროფკავშირები კანონზე ამბობენ, რომ ის, უბრალოდ, ცუდი კანონია, მთავრობა კი აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან. ამას იმეორებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრემიერ- მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავაც:

”ჩვენი კანონები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან და, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან. ცხადია, იდეალური არაფერია და დისკუსია შესაძლებელია იყოს გარკვეულ გაუმჯობესებაზე, მაგრამ რასაც ჩვენ ამ დისკუსიაში გამოვრიცხავთ და რაც ხშირადაა პროფკავშირების მოტივაცია, რომ ეს ცვლილებები მიმართული კი არ იყოს მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, არამედ პროფკავშირის, როგორც კვაზიბიუროკრატიის, უფლებების გაზრდისკენ.“
ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ საერთაშორისო ხელშეკრულებები ...

„მოგწონდეს არსებული შრომის კოდექსი ნიშნავს მოგწონდეს შუასაუკუნებრივი ფეოდალური ტიპის წყობა, სადაც დასაქმებულს არაფრის უფლება არ გააჩნდა“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი. მისი აზრით, შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ მსგავს დისკრიმინაციას ყველა გააპროტესტებს.

სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები ხშირად აკითხავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“. საიას იურისტი თიკა ავალიანი ამბობს, რომ მათი უმრავლესობის გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ ქვეპუნქტი იყო მითითებული. არაერთი საქმე მისულა სასამართლომდეც, მაგრამ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო მსგავს სარჩელებს, როგორც წესი, არ აკმაყოფილებს. თიკა ავალიანს ახსენდება ერთი გამონაკლისი შემთხვევა:

”უზენაესმა სასამართლომ ერთხელ სხვაგვარად განმარტა შრომის კოდექსის ხელშეკრულების მოშლის პუნქტი და განაცხადა, რომ ამგვარი პირობებით ხელშეკრულების მოშლა უკანონო იყო და რომ ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ საერთაშორისო ხელშეკრულებები.”

თავად ია ბჟალავა ერთ-ერთია, ვინც სასამართლოს გზით საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა გადაწყვიტა. მან თქვა, რომ ის იბრძვის სხვა პედაგოგების და სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი ადამიანების უფლებებისთვისაც.

„ლაბორატორია - 1918“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ 17 იანვრის აქცია არ იქნება ერთჯერადი და ისინი ადამიანების სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლების ყველა გახმაურებულ ფაქტს გააპროტესტებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG