Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან გოცირიძე - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი


8 იანვარი, კვირა
კვირა ღვთისმსახურების დღეა. საკითხავებს გადავხედე (ლუკას 2:21-35). ამბავი ყრმა იესოს ტაძრად მიყვანებისა. ვკითხულობ და ვფიქრობ, ნუთუ მთელი სისრულით მიხვდა მოხუცი სიმონი, ვინ იყო იესო, როცა რვა დღის პატარა ხელში ეჭირა?

12 საათზე მსახურება იწყება. კინაღამ დავიგვიანე. ხალხს დღეს ვაჩვენეთ მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის საშობაო ვიდეო და ეკრანზე პირველად დავინახეთ „მშვიდობის ბარძიმი“, რომელსაც მან ოკეანის გადაღმა მიაკვლია. წელს მალხაზიც და ბარძიმიც საქართველოს დაუბრუნდებიან.

ეკლესიაში მსახურების შემდეგ ეპისკოპოსების ოთახთან, როგორც წესი, დიდი რიგი დგას. კვირა ყველაზე გრძელი და მძიმე დღეა. ყველა თავისი ტკივილით და გაჭირვებით მოდის. დღეს ერთი კაცი მოვიდა. ცოლი ჰყავს კიბოთი ავად, რომელმაც შემოგვჩივლა: ისე მძიმედაა, შეიძლება, სახლში რომ მივალ, ცოცხალი აღარც კი დამხვდესო.

დღეს პროფესორმა გურამ კუტალიამ მაჩუქა თავისი წიგნი „ბერი, რომელიც აუჯანყდა რომს“. ეს კაცი საუკეთესო ლუთეროლოგია საქართველოში.
თავისუფლების დღიურები - რუსუდან გოცირიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:49 0:00

9 იანვარი, ორშაბათი
წლის ყველაზე მძიმე ორშაბათია. ძნელია წყვილ-წყვილად ნაზეიმები დღესასწაულების მერე სამსახურში წასვლა.

ოფისში სტუმრად მოვიდა ნინო ციხისთავი. ამ ადამიანს თითქმის ათი წელია ვიცნობ, მაგრამ ასეთი ბედნიერი და გახარებული ჯერ არ მინახავს. ყველას საჩუქრად მოგვართვა თავისი ახალი წიგნი - მისი ბაბუის, ლუკა ციხისთავის წერილების კრებული - „წერილები ოჯახს“. სახლში დაბრუნებულმა, წიგნი მათეს მივეცი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 12 წლის ბავშვისათვის 37 წელს რეპრესირებული ადამიანის ამბავი საინტერესო იქნებოდა. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, მაშინვე აინთო ნათურა და თავი არ აუწევია. დროდადრო მე გამომძახებდა ხოლმე: „დედი, სსრკ რას ნიშნავს?“ „...რეპრესია?“

ნანიკოს კომპიუტერის C დისკი გაქრა და უკვე მერამდენე დღეა, დადის ყურებჩამოყრილი. ასე ამბობს: ახლა მესმის, რას განიცდიდა ჰარი პოტერი, როცა ჯოხი გაუტყდაო.

ამაღამ აეროპორტში მივდივართ მე და ჩემი კოლეგა, ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი. ჩამოდის ბრიტანელი ლექტორი, რომელიც ძველი აღთქმის ჰერმენევტიკის შესავალს წაიკითხავს ელია წინასწარმეტყველის სკოლის სტუდენტებისათვის. მოგვწერა - ხის კელტური ჯვრით მიცნობთო, მაგრამ, ალბათ, აჯობებს, მისი სახელი ამოვბეჭდო. ყოველი შემთხვევისათვის... :-)

10 იანვარი, სამშაბათი
დილით ყველა მაღვიძარა დიდი წარმატებით გავთიშე პირველივე დაწკრიალებაზე, რის შედეგადაც ცოტა ხანში ცოფიანებივით დავრბოდით ოთახებში, რომ მიხოს სამსახურში არ დაეგვიანა. თავბრუდახვეულმა გავისტუმრე ქმარი, ეზოს კარი დავკეტე და ბილბოს „პედიგრი“ დავუყარე. ძალიან გამაიმუნდა ეს ძაღლი! მას შემდეგ, რაც საახალწლო სუფრის ნარჩენებს გაუგო გემო, ამ გამომშრალ კუბიკებს ვეღარ „ამუღამებს“.

ნათია ნადირაძემ დამირეკა. ჯავახიშვილის მეხუთე კორპუსში ერთად გატარებული სტუდენტობის ოთხი წლის წყალობით, საუკუნეც რომ არ ვნახო, ისეთივე ენთუზიაზმით ვქაქანებთ, როგორც 90-იან წლებში, ვაკიდან ნაძალადევამდე ფეხით სიარულის დროს. ორ წუთში ათასი რამე ვთქვით: ჩემმა ნასტუდენტარმა დამირეკა და ვერ გავიხსენე, რომელი იყოო. მე ხომ ან ძალიან „ბრაიტები“ ან ძალიან ჩლუნგები მამახსოვრდებიანო. ვენაცვალე, როგორი ბიბლიური მიდგომები აქვს ნადირაძეს! „ან ცხელი, ან ცივი, ხოლო ნელ-თბილებს ამოვანთხევ ჩემი პირიდან.“

როგორც წესი, დილით ერთი თავსატეხი მაქვს: სამი კატეგორიის შესამოსელიდან უნდა ამოვირჩიო: პასტორის საყელოიან პერანგს ვიცვამ, თუ რელიგიასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მივდივარ დღის განმავლობაში. სრულად აღკაზმული ანაფორითა და პანაღიით გავდივარ, თუ მსახურება მაქვს ან რამე ოფიციალური ღონისძიებაა, სადაც ეკლესია უნდა წარმოვადგინო. რაკი დღეს არ მაქვს რელიგიურ-საზოგადოებრივი შეხვედრები, რიგითი მოკვდავივით გამოვეწყობი.

მე, ჩემი კოლეგა ნანა ბერეკაშვილი და ქალბატონი მანანა კანდელაკი ერთი წიგნის რედაქტირებას ვაკეთებთ: „როგორ ვცხოვრობდით ერთად საბჭოთა საქართველოში“. მე, რაღა თქმა უნდა, რელიგიის თავს ვამუშავებ. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელსაც არ ევალებოდა ლენინის ციტირება და მისი ნაშრომების შესწავლა. აქა-იქ, წყაროს გადასამოწმებლად, რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს გავეცანი. რას ერჩი, მშვენიერი მიდგომები ჰქონია ამ კაცს! ზუსტად ისეთი, სეკულარულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს რომ სჭირდება. 1918 წელს წერდა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნაზე და თან ადამიანის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებაზე. საეჭვო სიმპათიები გამიჩნდა ჩემი ბავშვობის ამ ნახევრად მითიური სახელის მიმართ.

ოფისში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი პატარა სამზარეულოა, რომელიც, ვინ მოთვლის, რამდენი საინტერესო საუბრის მომსწრეა! ახლაც ვსხედვართ პასიური, აქტიური და ძალიან აქტიური მწეველები და გუშინდელ „ხოფერიას გადაცემას“ განვიხილავთ. დაუჯერებელი რამ ხდება ტელესივრცეში, სადაც გივი სიხარულიძე გვმოძღვრავს და ფასეულობებს გვკარნახობს, უსაქმურობისაგან გაბეზრებული ბანოვანი ქალბატონები გენდერულ როლებსა და კულტურა-ტრადიციებზე მსჯელობენ...

11 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს სტუმარი გარეჯში მიმყავს. მიხოს არ მოსწონს ჩემი ექსკურსიამძღოლობის იდეა. დარწმუნებულია, რომ დავიკარგებით და აზერბაიჯანიდან მოუწევს მერე ჩვენი „გამოსყიდვა“. დავურეკე აჩიკოს, ჩემს უერთგულეს „ჰაიკერს“, და წამოსვლა შევთავაზე. ფაქტობრივად, ჯერ ისევ ეძინა, როცა მანქანაში ჩავისვით და უკვე საგარეჯოში მიხვდა, სად მივდიოდით.

საოცრად კარგი ამინდი გამოგვივიდა! როგორც კი გადავედით გარეჯას ქედზე, ბრიტანელი სტუმრის მობილურზე მესიჯი მოვიდა: Welcome to Azerbaijan!

მიყვარს აქაურობა. ორი წლის წინ ვიყავი ბოლოს. ახლა ბევრი ფრესკა თითქმის ჩამორეცხილი დამხვდა. ჩვენი იკონოგრაფიის სკოლის ხატმწერები სწორედ საბერეებისა და უდაბნოს ფრესკებს სწავლობენ. აქედანაა შთაგონებული ჩვენი ეკლესიის სიმბოლოც.

საღამოს ჩემი მეგობრების, ირმას და ავთოს სახლში ვართ მიწვეულები. ირმაც ხელდასხმული მსახურია ჩვენს ეკლესიაში. ყველაზე უკეთ ერთმანეთისა მიხოს და ავთოს ესმით ხოლმე. ;)
დღეს სტივენმა ოქსფორდიდან გამოტანებული კონვერტი გადმომცა. კონვერტს ჩემი სახელი ეწერა. მეცნო მალხაზის ხელწერა. კონვერტში საშობაო ღია ბარათი იდო, რომელზეც მამუკას დაწერილი ევქარისტიის ფრესკა იყო გამოსახული.

12 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს ფოსტაში გავედი. საშობაოდ გამოგზავნილმა ამანათმა ახლა ჩამოაღწია. მათეს სკეიტერისნახატიანი მაისური და Pink Floyd-ის პოსტერი ჩამოუვიდა, ნანოს, რაღა თქმა უნდა - „ბიტლების“ მაისური და მათივე პოსტერი და მედალიონი.

სამსახურში დღეს წიგნის იმ თავს ვამუშავებ, სადაც აღწერილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ე.წ. რელიგიური თავისუფლების პერიოდი. ამ ცვლილებების სხვადასხვა ახსნა მომისმენია. გამოუსწორებელი სტალინისტები თვლიან, რომ ამ პერიოდში ღმერთისკენ მოტრიალდა სისხლისმსმელი ბელადი, და რელიგიებს თავისუფლება მისცა, რათა მორწმუნეების ლოცვა დახმარებოდა ომის მოგებაში. O sancta simplicitas! :-)

დღეს ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მივდივარ 4 საათისათვის. 20 იანვარს ეკუმენური ლოცვა გვაქვს და ამ და სხვა საკითხებზე გვაქვს მოსალაპარაკებელი. შეხვედრაზე ტაქსით მივედი. საბჭოს მოედანთან რომ ავუხვიეთ და მძღოლს ლუთერული ეკლესიის კარიბჭისაკენ მივანიშნე, კაცს სახე შეეცვალა. ეს კათოლიკური ეკლესია არ არისო? არა, ლუთერული ეკლესიაა-მეთქი. – ეგ რაღააო? – პროტესტანტული ეკლესიაა-მეთქი. – შენც ესეთი ხარო? – მკითხა და პასუხი რომ მოისმინა, სასწრაფოდ დამიბრუნა ხურდა და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას. ხშირად ვსარგებლობ ფილმ „შერეკილების“ უნიკალური ფრაზებით. ახლაც ერთ-ერთი მათგანი გამახსენდა:“ იბერიუს, მიამიტუს, კავკასიუს, აეროდინამიკუს ტემპერამენტუს!“

...მეუფე ჯუზეპე და მე თითქმის ერთდროულად მივედით. სომხური სამოციქულო ეკლესიიდან არავინ ჩანდა. მოგვიანებით ტერ ნარეკმა დარეკა – სუბნ ნშანი ჩამოინგრა და ამის გამო საგანგებო მდგომარობაა, ვერავინ მოვალთო. მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ნორაშენიც შავ დღეშია. არადა, ნორაშენს უნიკალური ხატწერა აქვს!
მიხო ზუსტად იქ დამიხვდა, სადაც სასოწარკვეთილმა ტაქსის მძღოლმა დამტოვა. მერე მაღაზიაში გავიარეთ - შეკვეთილი სათვალე უკვე დაემზადებინათ.

საღამოს სახლში ერთად ჩავუსხედით ნანიკოს და მათეს მოწყობილ კინოთეატრს და ბრიტანული კომედიური სერიალის - The Vicar of Dibley - საშობაო სერიას ვუყურეთ. გულიანადაც ვიცინეთ! ამ ფილმის ხუთი დისკი მალხაზმა მაჩუქა შარშან, სააღდგომოდ. ფილმი ინგლისის ერთ პატარა სოფელში მოღვაწე ქალ მღვდელზეა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ დამეხმარა ჯერალდინ გრეინჯერი (ფილმის მთავარი გმირი)!

13 იანვარი, პარასკევი
დღეს დეჟავიუს ტრადიციული დღეა. ტელევიზია იმეორებს საახალწლო პროგრამებს, სრული სიზუსტით.

10 საათზე ელიას სკოლის ლექციები იწყება. სტივენ დრეის ლექცია უნდა ვთარგმნო - „ძველი აღთქმის ჰერმენევტიკა“. მომზადებული ვიყავი ძალიან მოსაწყენი, ლინგვისტურად ჩახლართული, უინტერესო ლექციისათვის. მელანქოლიკი ბრიტანელი თეთრ დაფასთან დადგა მარკერმომარჯვებული და, პირველივე წინადადებიდან, საოცარი გარდასახვის მოწმენი გავხდით. ოთხი საათი ერთი ამოსუნთქვასავით გავიდა. სტივენი საუბრობდა რჯულზე, ძველი აღთქმის ტექსტების სტრუქტურაზე, ხაზავდა დიაგრამებს, ხატავდა, ანეგდოტებსაც კი ჰყვებოდა...

2-ზე შეხვედრა მაქვს „ევრაზიანეტის“ წარმომადგენელთან. ბაპტისტური ეკლესია აინტერესებთ რელიგიურ უმცირესობებზე რაღაც კვლევასთან დაკავშირებით. კითხვები ეხებოდა საქართველოში ჩვენი ეკლესიის ისტორიას, საზოგადოების ჩვენდამი დამოკიდებულებას, 2011 წლის ივლისის კანონს, რეფორმებს, ქალების მღვდლობას...

ბეთელის მოხუცებულთა სახლის ფლიგელში გავედი. აქ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ორი ადამიანი მეგულება: ნინო და 7 თვის ლურჯთვალება ლაშიკო. აქამდე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა არაღიარებული შვილი, ან სახლიდან გაგდებული ფეხმძიმე ქალი. არც იმას ვხვდებოდი, როგორ იოლად შეიძლება, ერთი შეხედვით, უწყინარი მოვლენები ვინმესთვის მტკივნეული იყოს. მაგალითად, საავადმყოფოს მიმღებში ერთი რიგითი ფორმულარის შესავსებად ბავშვის მამის სახელს გეკითხებიან. მერე რა, რომ მეტრიკაში ბავშვის მამა არ არის მითითებული? რაკი ანკეტაა, შესავსები უნდა შეავსონ...
საღამოს ფეისბუკში შევძვერი. ილორის ტაძარი გადაუღებავთ და სრულიად გადაუკეთებიათ... რა საშინელებაა, როცა ეკლესია რწმენის სივრცე კი არა, პოლიტიკური დაპირისპირების იარაღი ხდება!

შაბათი , 14 იანვარი
დღეს რუსთავის ეკლესიაში მაქვს მსახურება. ეკლესიის მნე არ იქნება ადგილზე, ასე რომ, ღუმელის გახურება მე და მიხოს მოგვიწევს.

დღეს ნათლისღების საკითხავი გვაქვს. იოანე ნათლისმცემელზე ფიქრისას, ისევ მოხუცი სიმონი გამახსენდა. მე მაინც მგონია, რომ ვერც სიმონი, ვერც იოანე, ვერც მარიამი, ვერც მოციქულები და, ზოგადად, მთელი საქრისტიანო, ზუსტად ვერ ვხვდებით, ვინ იყო იესო ნაზარეველი...

საღამოს საშობაო სპექტაკლს, „ფიფქებს“, იმეორებენ ჩვენი საკვირაო სკოლის უფროსი ჯგუფის ბავშვები. პირველად ეს პიესა 13 წლის წინ დავდგით. ეს არის ამბავი ორ ფიფქზე, რომლებიც საშობაო არდადეგებზე არიან ჩამოფრენილი. დადიან ადამიანთა ქალაქში და ხედავენ, რომ მათ სრულიად დავიწყებიათ, რას ზეიმობენ. ერთი კაცი კი, სახედარზე ამხედრებული, ფეხმძიმე ცოლით, დღესაც დადის ამ ქალაქის ქუჩებში და არავის აქვს მათთვის ადგილი. ნანიკო ერთ-ერთი ფიფქის როლს თამაშობს.

სპექტაკლი უკვე იწყებოდა, როცა რუსთავიდან დავბრუნდით. გვიან უკვე რადიო თავისუფლებაში მივალ.

გასრულდა ერთი რიგითი კვირა. ხვალ კვირის მსახურებაა.
XS
SM
MD
LG