Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია სათამაშოებით


ბარნაული 2012 წლის 14 იანვარს: სათამაშოების დემონსტრაცია
ბარნაული 2012 წლის 14 იანვარს: სათამაშოების დემონსტრაცია
რუსეთში 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მრავალი, მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მოჰყვა სხვადასხვა ქალაქში. მათ შორის იყო ფრიად ორიგინალური აქცია შორეულ ციმბირში, ქალაქ ბარნაულში, სადაც პროტესტი გამოთქვეს თოჯინებმა ...

ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობა სახიფათო საქმეა ქალაქ ბარნაულში - დასავლეთ ციმბირში მდებარე ალტაის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 610 ათასს შეადგენს. რუსეთში 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მსგავსიც არაერთ სხვა ქალაქშიც გაიმართა, ბარნაულში 20 ადამიანი დააკავეს. ამ ამბავმა ადგილობრივ აქტივისტებს აიძულა, პროტესტის განსხვავებულ ფორმაზე ეფიქრათ - პატიმრობისა და დევნის თავიდან ასაცილებლად. და მოიფიქრეს კიდეც.

გასული კვირის მიწურულს ბარნაულის მთავარი მოედანი მოიფინა სათამაშოებით: პლუშის დათვებით, თოჯინებით, ლეგოს კაცუნებით, რომლებსაც მიმაგრებული ჰქონდათ მინი-პლაკატები კრემლის საწინააღმდეგო ლოზუნგებით, მაგალითად, „მოვითხოვთ პატიოსან არჩევნებს!“ „ჩვენი მოთმინება უსასრულო არ არის“, „პუტინო, ნუ გერევა შენი ინტერესები ხალხის ინტერესებში!“

აქცია, რომელსაც ორგანიზატორები მინიატურული მასშტაბის შესაბამისად, „ნანო დემონსტრაციას“ უწოდებენ, 14 იანვარს უკვე მეორედ ჩატარდა, თოჯინების პროტესტის 7 იანვრის დებიუტის შემდეგ. ჩვენი რადიოს რუსულენოვან სამსახურთან საუბარში, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუდენტმა ოლგა არტამანოვამ განმარტა, რომ თოჯინების გამოყენების იდეა დაიბადა პირობებში, რომლებიც მეტად რთულია პროტესტისთვის რუსეთის პროვინციაში, რადგან იქ განსაკუთრებით მკაცრად ეპყრობიან განსხვავებული აზრის გამომთქმელებს.

„ამით მაინც გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენს ხმას ყური დაუგდონ, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდეს, რომ საჯარო ღონისძიებებს გვითანხმებდნენ, რადგან კანონით არიან ვალდებული, შეგვითანხმონ“, ამბობს არტამანოვა. მისი აზრით, „ვითარება ქვეყანაში ისეთია, რომ მოითხოვს მოსახლეობის მასობრივად ჩართვას - ანუ, არა ცალკეული მოქალაქეების, ან ჯგუფების, არამედ ქვეყნის მთელი მოსახლეობის მონაწილეობას. ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა მკვდარი წერტილიდან დაძრას ეს ვითარება“.

სათამაშოებს რაც შეეხება, პოლიციამ მათ სურათები გადაუღო, ლოზუნგებიც ჩაიწერა, მაგრამ დაპატიმრებით არავინ დაუპატიმრებია, რაც აქციის ორგანიზატორებმა დიდ გამარჯვებად ჩათვალეს. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი თოჯინების დემონსტრაციების გაგრძელება. როგორც ანდრეი ტესლენკო - ერთ-ერთი ორგანიზატორი - აცხადებს, პროტესტის უჩვეულო ფორმა არ ნიშნავს, რომ მას მონაწილეები ჩვეულებრივ დემონსტრაციებზე ნაკლებად სერიოზულად ეკიდებიან.

როგორი პოლიტიკაც გვაქვს, ისეთია მიტინგიცო, ამბობს ტესლენკო და განაგრძობს: „ჩვენ გვაქვს სიტყვის მიკროსკოპული თავისუფლება, თავისუფალ საინფორმაციო საშუალებათა მიკროსკოპული რაოდენობა, გვყავს ბუნდოვანი მმართველები და ბუნდოვანი ოპოზიცია. პირველი მიტინგი საცდელი მიტინგი იყო - ჩავატარეთ ხელისუფლების რეაქციის, ხალხისა და საინფორმაციო საშუალებების რეაქციის დასანახად. მთლიანობაში, ასეთი რეზონანსის წყალობით, ჩვენს შესახებ შეიტყვეს“.

თოჯინების დემონსტრაციებზე არა მარტო შეიტყვეს ბარნაულელი ოპოზიციონერების უფროს თაობაში. მისი წარმომადგენლები, სერგეი მამაევი და ვიქტორ რაუ აქებენ იდეას და, საერთოდ, ოპტიმისტურად არიან განწყობილი მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში.

„ჩვენმა ახალგაზრდობამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა. და რახან ახალგაზრდები გამოდიან მის წინააღმდეგ, ხელისუფლება ამას ვერ გაუძლებს“, - ასე ფიქრობს ოპოზიციონერი სერგეი მამაევი. შაბათს ისიც იყო მისული ბარნაულის ცენტრში საპროტესტო აქციაზე, რომლის გმირებიც სათამაშოები იყვნენ.
XS
SM
MD
LG