Accessibility links

logo-print

თურქეთში განაჩენი გამოუტანეს ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირში ბრალდებულ პირს


სტამბულში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც დამნაშავედ სცნო ეთნიკური სომეხი ჟურნალისტის, ჰრანტ დინკის მკვლელობის წაქეზებაში. ამასთან, მსჯავრდებულს - იასინ ჰაიალს - სხვა რამდენიმე ბრალდებულთან ერთად მოუხსნეს ბრალდება, რომ მოქმედებდა ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით. ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებში, რომელთა შეფასებითაც, სასამართლო პროცესზე სათანადო შეფასების გარეშე დარჩა ბრალდებულების შესაძლო კავშირი ოფიციალურ პირებთან. ჰრანტ დინკი, რომელიც იყო თურქულ-სომხური ორენოვანი გაზეთის, „აგოსის“ რედაქტორი, 2007 წელს სტამბოლში მოკლეს. მას თურქი ნაციონალისტები განაწყენებული ჰყავდა განცხადებით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომეხთა გენოციდი მოხდა. შარშან სასამართლომ 23 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა კაცს, ოგუნ სამასტს, რომელმაც ჰრანტ დინკს ესროლა. მკვლელობის დროს სამასტი 17 წლის იყო. დღეს სასამართლოს დარბაზში, სადაც დინკის მკვლელობის საქმეზე მსჯელობდნენ, შეიკრიბა ათობით უფლებადამცველი, ინტელექტუალი და პოლიტიკოსი და სასამართლოს მოუწოდა, დაუსჯელი არ დატოვოს ოფიციალური პირები, რომლებიც, ზოგის ვარაუდით, დგანან მკვლელობის უკან.
XS
SM
MD
LG