Accessibility links

logo-print

ობამასა და სააკაშვილის შეხვედრის მოლოდინი


მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა. 2010 წელი

მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა. 2010 წელი

30 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს, პირველად უმასპინძლებს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში. პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ რანგის შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები უკავშირდება მთელ რიგ შეკითხვებს, მაგალითად: რატომ იმართება პრეზიდენტების შეხვედრა სწორედ ახლა, ვის რა სიგნალს უგზავნის და რა ჭრილში განიხილება მომავალი არჩევნების თემა?

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, რომ 30 იანვარს პრეზიდენტი ობამა ”კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში” და ის ასევე ”ხაზს გაუსვამს” საქართველოსთან ”თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოს დიდ წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.“
პრეზიდენტი ასევე აპირებს საქართველოში მოახლოებული არჩევნებისა და იმ რეფორმების განხილვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ გარდაქმნას აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ...

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მე-20 წლისთავი და ოვალურ დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტები განიხილავენ 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას „ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში”.

„პრეზიდენტი ასევე აპირებს საქართველოში მოახლოებული არჩევნებისა და იმ რეფორმების განხილვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ გარდაქმნას აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, – ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. 18 იანვარს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტები აუცილებლად განიხილავენ დღის წესრიგის უმთავრეს საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, პარტნიორობის პერსპექტივები უსაფრთხოების სფეროში, საერთო გამოწვევებთან გამკლავების კუთხით. ამასთან, განხილული იქნება ვაშინგტონის შემდგომი ხელშეწყობის გზები საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან მიმართებით. აქვე სახელდება საბოლოო მიზანიც:

”რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს ჰქონდეს არა მხოლოდ საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა, არამედ მათ ეს გააკეთონ გარემოში, სადაც კეთილდღეობის მიღწევას შეძლებენ და ასევე მათ ექნებათ თავისუფლება, აირჩიონ მომავალი ლიდერები.”

იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის 17 იანვრის განცხადებაში საგანგებოდ არის გამოკვეთილი მომავალი არჩევნების თემა, შემთხვევითად არ მიიჩნევს თედო ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში და ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ის ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თეთრ სახლში მოუწევს ლაპარაკი უსამართლო მოპყრობაზე პოლიტიკური კონკურენტების მისამართით, რადგანაც წინასაარჩევნო პროცესებს საგანგებო ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა:
ალბათ, ძალიან საგნობრივი საუბარი იქნება თეთრ სახლში დემოკრატიასთან დაკავშირებულ პროცესებთან და მომავალი არჩევნების შესახებ...

”ნებისმიერი ელჩი ევროკავშირის ქვეყნებიდან თუ შეერთებული შტატებიდან, რომელიც საქართველოში მუშაობს, არის მაღალი დონის, მაღალი კვალიფიკაცის დიპლომატი... და, რა თქმა უნდა, ისინი ადევნებენ თვალყურს მიმდინარე პროცესებს თუ ხელისუფლების რიტორიკას პოლიტიკური ოპონენტების მისამართით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღნუსხულია; ცხადია, ამას ყურადღებაც მიექცევა და, ალბათ, ძალიან საგნობრივი საუბარი იქნება თეთრ სახლში დემოკრატიასთან დაკავშირებულ პროცესებთან და მომავალი არჩევნების შესახებ.”

ოპონენტების მოლოდინს, რომ პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილს, შესაძლოა, სერიოზული შენიშვნები მისცეს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე განვითარებული მოვლენების გამო, არასერიოზულად მიიჩნევენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტების შეხვედრის ფაქტი წარმოადგენს ”აღიარებასა და პატივის მიგებას საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მისამართით” და რომ ოპონენტებს აუცილებლად ”აეხილებათ თვალი” და დაემსხვრევათ ილუზიები:

”არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური წარმოდგენა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და, ასე ვთქვათ, იმ ხარისხზე, რითაც შეუძლია ისეთ მნიშვნელოვან და დიდ ქვეყანასაც კი, როგორიც არის შეერთებული შტატები, ჩაერიოს ისეთი პატარა და მეგობრული ქვეყნის საშინაო საქმეებში, როგორიც არის საქართველო. ამ შეხვედრით ასეთ ილუზიებს საბოლოოდ დაესმება წერტილი.”

გიორგი კანდელაკის თქმით, 30 იანვრის შეხვედრით ილუზიები გაუქარწყლდებათ მათაც, ვისაც არ ჰგონია, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები სულ უფრო ძლიერი და ღრმა ხდება.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი თვლის, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრა მკაფიო სიგნალი იქნება და ამ სიგნალის უპირველეს ადრესატს მოსკოვი წარმოადგენს:
ალექსანდრე რონდელი

ალექსანდრე რონდელი


”... რომ შეერთებული შტატები კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს, მის პოლიტიკურ კურსს, მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს და რომ საქართველო კვლავაც წარმოადგენს მეგობარ ქვეყანას, რომელთანაც მას გაფორმებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. ეს ძალიან მკაფიო სიგნალია იმ ფონზე, რომ 2011 წლის დეკემბერში პუტინი უნდა ჩასულიყო ობამას სანახავად ვაშინგტონში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ვერ ჩავიდა.”

პრეზიდენტების საუბარი რომ აუცილებლად შეეხება რუსეთს და მის აგრესიულ ქმედებებს, ამაში ეჭვი არც გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძეს ეპარება. ანალიტიკოსი ამ საკითხს განიხილავს რეგიონალური უსაფრთხოების მრავალმხრივ კონტექსტში, რასაც უმთავრესად უკავშირდება ორი ქვეყნის სტრატეგული ინტერესები და სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს:

”ირანის ფაქტორია გასათვალისწინებელი. გასათვალისწინებელია საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებში. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მას მწვავე რეაქცია აქვს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რადარის თურქეთში განთავსების გამო, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ის გეგმავს მასშტაბური სამხედრო წვრთნის ჩატარებას სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს საგანგაშოა.”

ამ და რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა კიდევ არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა მომწიფდა საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის აუცილებლობა. თუმცა, ბუნებრივია, არ არსებობს ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ აქამდე არ დაპატიჟა პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტი სააკაშვილი თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში. მაგალითად, ალექსანდრე რონდელი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, ბარაკ ობამა ამ მხრივ თავისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის მიბაძვას გაურბოდა ანდა, შესაძლოა, რუსეთის ზედმეტ გაღიზიანებასაც ერიდებოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG