Accessibility links

გაუმკაცრებს თუ არა თურქეთი საქართველოს სავიზო რეჟიმის პირობებს?


თურქეთის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში

თურქეთის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თურქეთი სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს თურქეთში დარჩენა სამი თვით შეეძლება, ხოლო ქვეყნის დატოვების შემდეგ უკან დაბრუნებას მხოლოდ სამ თვეში შეძლებს. ეს განცხადება 17-18 იანვარს საქართველოში ვიზიტად მყოფმა დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქარმაც დაადასტურა, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი ამ საკითხს ქართულ უწყებებთან ცალკე განიხილავს. გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო შეიძლება იყოს გამონაკლისი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საკონსულოშიც ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე ორ მთავრობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გაირკვევა, შეეხება თუ არა გამკაცრებული სავიზო რეჟიმი საქართველოსაც, რომელიც დღეს თურქეთთან მიმოსვლის გამარტივებული პირობებით სარგებლობს: თურქეთში წასვლა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ და პირადობის მოწმობებითაც შეუძლიათ.
თუ მართლა ასე მოხდა, ძალიან დიდი პრობლემა იქნება ჩვენთვის. ალბათ, არავინ აღარ ჩამოვა. მე, მაგალითად, ვეღარ ჩამოვალ - სამი თვე სამუშაო ადგილს ვინ შეგინახავს?...

საქართველოში ჩამოსულმა დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქარმა ჟურნალისტებთან ისიც თქვა, რომ თურქეთის მიერ ახალი კანონის მიღება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და ის ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს თანაბრად შეეხება. თურქეთის შიდა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მათ ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმეორედ შესვლა მხოლოდ სამ თვეში შეეძლებათ.

ძველი რეგულაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენა სამი თვით შეეძლოთ, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მათ უკან დაბრუნების უფლება, კვლავ სამი თვით, საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთიდან მეორე დღესვე ეძლეოდათ.

დღეს ზუსტად არ არის ცნობილი დაუშვებს თუ არა რაიმე გამონაკლისს თურქეთის მთავრობა საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დეტალები ზუსტდება და მიმდინარეობს კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ტაბატაძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით საგარეო უწყება ამ საკითხის კომენტირებისგან თავს შეიკავებს.

რამდენად სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ეს ცვლილება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში მუშაობენ და ოჯახებს სწორედ იქ აღებული ჯამაგირით არჩენენ? ჩვენი რესპონდენტი ეკა, რომელიც თურქეთში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს, სამშობლოში ათი დღითაა ჩამოსული. ამ ვადის გასვლის შემდეგ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვლავ სამსახურს დაუბრუნდება. მას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჯერჯერობით არ სმენია, თუმცა ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, სამუშაოს დაკარგვის შიშით, უკან ვეღარ დაბრუნდება. და ეს პრობლემა, მისი თქმით, შეექმნება საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს, ვინც თურქეთში მუშაობს:
თუ ცვლილება საქართველოსაც შეეხება, ფაქტია, რომ არაერთი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. იქ დასაქმებულებისათვის ეს დიდი პრობლემა იქნება...

”თუ მართლა ასე მოხდა, ძალიან დიდი პრობლემა იქნება ჩვენთვის. ალბათ, არავინ აღარ ჩამოვა. მე, მაგალითად, ვეღარ ჩამოვალ - სამი თვე სამუშაო ადგილს ვინ შეგინახავს?“- არადა, როგორც ეკა ამბობს, ეს მათი ოჯახების რჩენის და თავის გატანის ერთადერთი გზაა: ”ეს გზა რომ არ იყოს, ალბათ, შიმშილით დავიხოცებოდით. მართლა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამიტომაც მივდივართ იქ, თორემ ისე ვინ წავა? დასასვენებლად ხომ არ მივდივართ?”

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მარკ ჰულსტი შენიშნავს, რომ თურქეთს საქართველოსთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მიმოსვლის ყველაზე გამარტივებული პირობები აქვს. როგორ აისახება გამკაცრების პოლიტიკა თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე, თუ ახალი კანონი საქართველოსაც შეეხო? - მარკ ჰულსტი ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს იმ დრომდე, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა როგორ დასრულდება მოლაპარაკებები თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმება სავიზო რეჟიმის შეცვლის თაობაზე ძალაში 2011 წლის 10 დეკემბერს შევიდა და ის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლის გამარტივებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ოქმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მეშვეობით შეეძლოთ ემოგზაურათ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. თუმცა თუ გავითვალისიწინებთ, რომ თურქეთში დღესაც ათასობით ქართველი მუშაობს, რომლებიც ოჯახებს სწორედ იქ აღებული ხელფასით არჩენენ, გამკაცრებული სავიზო რეჟიმის პირობებში არც მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებაა ძნელი.
ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური


ეკონომისტი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ ადამიანები მეტ-ნაკლებად სტაბილურ სამსახურებს დაკარგავენ:

”წარმოიდგინეთ, აქამდე ხომ ასე იყო, რომ წამოვიდოდა საქართველოში ადამიანი შაბათს, განაახლებდა ვიზას და ორშაბათს ისევ ბრუნდებოდა და მუშაობას აგრძელებდა. თუ ცვლილება საქართველოსაც შეეხება, ფაქტია, რომ არაერთი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. იქ დასაქმებულებისათვის ეს დიდი პრობლემა იქნება.”

ხოლო ვისაც სამსახურის დაკარგვა არ სურს, ხადურის აზრით, ის ან სავიზო რეჟიმს დაარღვევს და ამ გზით არალეგალთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება თურქეთში, ან ასეთი ადამიანები ევროპის ქვეყნებში გადასვლას შეეცდებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG