Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში დიდი ადგილი ეთმობა როგორც ზოგადად სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივას საქართველოში, ისე ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნისა და ოპოზიციის ერთიანობის თემებს.

”ჩემი, როგორც მოქალაქის, პოზიცია ასეთია: ამ თვეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილსა და მის გარშემო მყოფ ადამიანებში ვერავითარი პოზიტიური ხედვა ვერ დავინახე. არც ერთი პოზიტიური ღირებულება ჯერჯერობით მათ არა აქვთ”, - ეუბნება ”ვერსიას” აკაკი მინაშვილი და განაგრძობს: ”არც მათი იდეა ვიცი, არც მიდგომები და ხედვები. ერთადერთი ”პლუსი”, რაც მათ აქვთ, ეს ფულია.”

”ვერსიაშივე” რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან ინტერვიუს წაიკითხავთ: ”არჩევნებში იმის იმედით მივდივართ, რომ მთავარია მოქალაქეები იყვნენ მოტივირებული და მობილიზებული. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, არჩევნები ყოფილიყო არა გლადიატორთა შერკინება, სადაც ერთი აუცილებლად განგმირული უნდა დაეცეს, არამედ მოვლენა, სადაც პირველი-მეორე-მესამე ადგილები გამოვლინდებოდა და სამივე ერთად ავიდოდა კვარცხლბეკზე. ხელისუფლებამ კი გააკეთა არჩევანი, რითაც გლადიატორთა შერკინებაში გამოგვიწვია. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ათასობით ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია მხარი დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას, განგმირული და დაცემული არ აღმოჩნდეს.”

”ყველა სიახლე”, გია ხუხაშვილი: ”ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის სულაც არ იქნება უფრო კომფორტული, თუ ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობ, ამ მხრივ სააკაშვილს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. ხელისუფლებისთვის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები იყო შოკი. ამჯერად მისი მეუღლის პოლიტიკური მოღვაწეობა შეიძლება აღმოჩნდეს არანაკლები ძალის.”

ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ამბებს ეხება სოსო ცინცაძესთან ინტერვიუს დიდი ნაწილი ”რეზონანსში”: ”მაპატიოს ბატონმა ბიძინამ, ხან ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება, რომ ცნობილ რუსულ სლოგანში - ”სილა ესტ, უმა ნე ნადო” - მან ”სილა” ”დენგით” ჩაანაცვლა. არ ეკადრება ასეთი ნეტარმორწმუნეობა წარმატებულ ბანკირს და ჭკვიან მენეჯერს. ”ამერიკული ოცნება” სამასი წლისაა და ესენი კი, თუ ასე გააგრძელეს, რვა თვეში მიიყვანენ სიკვდილის პირამდე თავიანთ ოცნებას”, - ამბობს სოსო ცინცაძე, რომელიც ”ჭკვიან წინასაარჩევნო კამპანიას”, როგორც ფაქტორს, საკანონმდებლო ფონზე წინ აყენებს.

”24 საათი” კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს უბრუნდება სტატიაში, სათაურით - ”რევოლუციური მოწოდებები მოდაში აღარ არის“. ავტორი წერს: ”თითქმის ყველა გამოკვლევამ, რომელიც ბოლო დროს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდა, აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით სურს და რევოლუციურ მიმართულებას ძალიან მცირე პროცენტი აღიარებს, როგორც სწორ პოლიტიკურ გზას.” – ”24 საათისთვის” გია ნოდიას უთქვამს: ”რევოლუციური მოწოდებები რომ არ არის მოდაში, კარგად ჩანს გამოკითხვებითაც და მის გარეშეც. ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი არის ის, რომ ოპოზიციის ახალი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რადიკალური მოწოდებებისა და მოძრაობის კატეგორიული წინააღმდეგიაო”.

”უგულავა და ბოკერია სააკაშვილს განუდგებიან” - ეს ფრაზა ”ახალ თაობაში” პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუს სათაურშია გამოტანილი. ”სააკაშვილ-უგულავა-ბოკერიას გუნდს შორის დაპირისპირება იქნება, მაგრამ საჯარო არ გახდება. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ თუ მათ პარლამენტში წარმატებას მიათწიეს (რაც არ უნდა დავუშვათ), მაშინ შიგნით წავა ბრძოლა, ვინ უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. უგულავა ერთ-ერთი ფიგურა იქნება. სააკაშვილმა შეიძლება ბაქრაძე წამოაყენოს. თუ უგულავა ვერ გავა, მაშინ დაძაბულობა პიკს მიაღწევს და ბოკერია-უგულავა სააკაშვილს გამოეყოფა”, - ეუბნება პაატა ზაქარეიშვილი ”ახალ თაობას”.
XS
SM
MD
LG