Accessibility links

logo-print

”ვიკიპედია” ერთდღიანი პროტესტით დაუპირისპირდა მოსალოდნელ ცენზურას


პროტესტის ნიშნად ერთი დღით დაიხურა ინტერნეტ-ენციკლოპედია ”ვიკიპედიის” ინგლისური საიტი. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის კონგრესის კანონპროექტი, რომელსაც სხვა პოპულარული ვებსაიტებიც აპროტესტებენ. კრიტიკოსების აზრით, კანონპროექტი, შესაძლოა, ცენზურისთვის იქნეს გამოყენებული, თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს კანონს, რომელიც შეზღუდავს მედიის თავისუფლებას.

”ვიკიპედიის” ინგლისური ვებსაიტი, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ოთხშაბათს ჩაბნელებული იქნება პრაღის დროით 19 იანვრის დილის ექვს საათამდე. კრიტიკოსთა აზრით, თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, ხელისუფლებას ექნება დამატებითი ბერკეტები რაიმე პროცედურის გარეშე დახუროს მეკობრეობაში დადანაშაულებული ვებსაიტები, რითაც საფრთხე ექმნება სიტყვის თავისუფლებასა და ინოვაციას ინტერნეტში.
ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს არის არასწორი გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად...

აი, რა განაცხადა მოსალოდნელ ცენზურასთან დაკავშირებით ოლივია სოლონმა, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული ჟურნალ “Wired.com.uk“-ის რედაქტორია.

„დაბლოკვასთან დაკავშირებით პრობლემა ისაა, რომ შეიძლება იყოს ბლოგერების უდიდესი ქსელი, რომელშიც ასობით ათასი ბლოგერია თავმოყრილი, მაგრამ თუკი საერთაშორისო ვებსაიტზე აღმოჩნდება ერთი ან ორი სტატია, რომელიც კანონს არღვევს, მაშინ თეორიულად, ამ ერთი ან ორი პუბლიკაციის გამო, აშშ-ს ამ ქსლის ყველა ბლოგის დაბლოკვა შეუძლია, ხოლო საიტებს გასაჩივრება შეეძლებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საიტი დაიბლოკება. არ არსებობს პროცედურა, რაც შესაძლებლობას იძლეოდეს, რომ მსგავსი საჩივრები საიტის გათიშვამდე იქნეს განხილული.“

ახალ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში ეწოდება ”მეკობრეობის შეჩერების აქტი”, სენატში კი - ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტი” და მისი მიზანია აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების მეკობრული ვერსიებით უკანონო ვაჭრობის შეჩერება. კანონპროექტის მხარდამჭერები არიან კინო და მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მილიონობით დოლარს კარგავენ მათი პროდუქციის უკანონოდ გავრცელების შედეგად.

ოლივია სოლონის თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, უკანონო საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი საიტის დაბლოკვის მეთოდი ისაა, რომ შეუწყდეს მათ დაფინანსების მექანიზმი PayPal, Google Adword და Vizis საშუალებით. თუმცა, სოლონის თქმით, ინტერნეტ-პროვაიდერები ამჯობინებენ, რომ მეკობრეობისგან საკუთარი პროდუქციის დასაცავად მუსიკალურმა და კინოკომპანიებმა უფრო კრეატიულ მეთოდებს მიმართონ:
საავტორო უფლებების მფლობელები დიდი დროის ფასად უშედეგოდ ებღაუჭებიან საკუთარ ძველ ბიზნესმოდელს, მაშინ როცა ნამდვილად ერჩივნათ შეექმნათ მშვენიერი ალტერნატივა...

„ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს არის არასწორი გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. პრობლემა ისაა, რომ საავტორო უფლებების მქონე კომპანიებს არ შეუქმნიათ ალტერნატივა, რაც მეკობრეობაზე უკეთესი იქნებოდა. საავტორო უფლებების მფლობელები დიდი დროის ფასად უშედეგოდ ებღაუჭებიან საკუთარ ძველ ბიზნესმოდელს, - დივიდისა და კომპაქტდისკების ბაზარს, - მაშინ როცა ნამდვილად ერჩივნათ შეექმნათ მშვენიერი ალტერნატივა იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც მეკობრული ვერსიის ჩამოტვირთვას ამჯობინებენ.“

„ვიკიპედიის“ გარდა, საკუთარი საიტის 24 საათით ჩაბნელებას მხარი დაუჭირეს სოციალური მედიის სხვა წარმომადგენლებმაც, რაც, როგორც ჩანს, შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ამ უჩვეულო საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თეთრი სახლი. საკუთარ ბლოგზე შაბათ-კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ პოსტში თეთრი სახლი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც „შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, გაზრდის კიბერუსაფრთხოების რისკს ანდა შეარყევს ინოვაციური და დინამიკური გლობალური ინტერნეტის განვითარებას.“ თეთრი სახლი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპონენტების მონაწილეობით, მალე სპეციალურ კონფერენციას უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG