Accessibility links

თოვს. უფასო სადილის მომლოდინეები ასოციაცია ”კათარზისის” კართან, გრძელ რიგში დგანან. ჯერ შიგნით ვერ შევლენ. „კათარზისის“ სასადილო მათზე ადრე მისულებმა დაიკავეს. 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის აღსანიშნავად, „კათარზისში“ ღია კარის დღეა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 2000-მდე ადამიანი უფასო სადილს მიირთმევს. 26 წლის ილიაც „კათარზისის“ კართან დგას. რიგში მეოთხეა. ქერჩის ქუჩაზე, გლდანში, უდაბნოსავით ცარიელ ბინაში, მარტო ვცხოვრობო, მეუბნება:
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გურამი და თამრიკო 3 წლის მარიამთან ერთად „კათარზისის“ ფოიეში, სასადილოს კართან დგანან ...

”დედ-მამა არ მყავს. დედისერთა ვარ. დღესასწაულებზე მოვდივარ ხოლმე. სასადილოშიც დავდივარ. იქ დღეში ერთხელ ვჭამ. საღამოობით ძალიან მიჭირს ხოლმე, მშივდება, მაგრამ ფული არ მაქვს, რომ რამე ვიყიდო. დილაობით 12 საათის მოსვლას ველოდები, რომ სასადილოში მივიდე ხოლმე. არც კარადა მაქვს, არც ფანჯარა, არც ტუალეტი. სამუშაოს პოვნა კი მინდა, მაგრამ ერთი დაავადება მაქვს, ეპილეფსია, და ცუდად ვხდები ხოლმე. წამლებს ვსვამ.”

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გურამი და თამრიკო 3 წლის მარიამთან ერთად „კათარზისის“ ფოიეში, სასადილოს კართან დგანან. ხელში ტალონები უჭირავთ, ნომრებით 446 და 447. ეს იმას ნიშნავს, რომ „კათარზისში“ 445-მა ადამიანმა უკვე ისადილა. როგორც კი სასადილოში ორი ადგილი გათავისუფლდება, მაგიდასთან მათაც დაუძახებენ. ხან სად ვმუშაობ და ხან სად, მაგრამ ფული საჭმლისთვისაც კი არ გვყოფნისო, ამბობს გურამი. საუბარში თამრიკოც ებმება:

გურამი: ”გაჭირვებულები ვართ. საჭმლის ფულსაც ვერ ვშოულობ. ქურდობა მე არ შემიძლია, ამიტომ იძულებულები ვართ, აქ ვიაროთ, რომ ბავშვს რამე ვაჭამოთ.”
ძალიან რთული ცხოვრება მოვიდა. პატარა ბავშვის პატრონი ვარ და ამიტომ დავდივარ აქ, რომ ლუკმა პური ვაჭამო ბავშვს ...

თამრიკო: ”იმის საშუალება, რომ არ გვაქვს, საკუთარი შვილი გამოვკვებოთ, აი ამიტომაც მოვდივართ აქ.”

33 წლის ეკა, 6 წლის შვილთან, ლიკასთან ერთად ელოდება თავის რიგს. ეკა პედიატრია. თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში, რეგისტრატურაში მუშაობს, მისი ხელფასი 40 ლარს შეადგენს. „კათარზისის გარდა“, ის და მისი გოგონა ყოველდღიურად უფასო სასადილოში დღეში ერთხელ იკვებებიან:

”ძალიან რთული ცხოვრება მოვიდა. პატარა ბავშვის პატრონი ვარ და ამიტომ დავდივარ აქ, რომ ლუკმა პური ვაჭამო ბავშვს. მეუღლე უმუშევარი მყავს. სოციალურ დახმარებასაც ვიღებ და ყოველდღიურად სასადილოში დავდივართ მე და ჩემი შვილი”, - ამბობს ეკა.

სასადილოში 17 მაგიდა დგას. თითოეულ მაგიდასთან ექვს-ექვსი ადამიანი ზის. ქათმის ჩიხირთმა, მაკარონი სოსისით და ტყემლით, ხილის წვენი, პური და ფუნთუშა - ასეთია მენიუ. დამატება არ შეიძლება. თითო ულუფა თითო ადამიანზეა გათვლილი. თუ არ ჩავთვლით ჭურჭლის ხმას, შეიძლება ითქვას, რომ სასადილოში სიჩუმეა. სადილად მისულები თითქმის არ საუბრობენ. თავჩაღუნულები საკუთარ ულუფას ჩუმად შეექცევიან, ცარიელ თეფშებს ერთმანეთში ალაგებენ, შიგ კოვზებს და ჩანგლებს აწყობენ და საკუთარ ადგილს ახლად მოსულებს უთმობენ. 75 წლის ალიამ უკვე ისადილა, მეგობარს, ნინას უცდის, ნინას სახლში ავადმყოფი შვილი ელოდება. ნინა მალე დაამთავრებს ფუნთუშას და ერთად წავლენ:
ხალხს ვეხმარები, რომ ვაჭამოთ და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ღმერთს ...

ალია: ”ამ თვეში უკვე მესამედ ვარ აქ. პენსიონერი ვარ. პენსია არ მყოფნის. მარტო ვცხოვრობ. ამიტომ სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის მოვდივარ. ”

ნინა: ”ავადმყოფ შვილთან ერთად მარტო ვცხოვრობ. მარტო პენსიაზე ვცხოვრობთ. დახმარებაც კი არ გვაქვს.”

ირაკლი სარიშვილი მეთერთმეტე კლასისი მოსწავლეა. ის და მისი მეგობრები „კათარზისში“ მისულ ადამიანებს ემსახურებიან. მათთან ჯერ სადილი მიაქვთ, სადილის დასრულების შემდეგ კი კარამდე აცილებენ:

”ხალხს ვეხმარები, რომ ვაჭამოთ და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ღმერთს”, - ამბობს ირაკლი.

დღესდღეობით თბილისის მასშტაბით 36 უფასო სასადილო მოქმედებს. თბილისის მერიის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის წინ უფასო სასადილოების დაწესებულებები 9 ათასამდე ბენეფიციარს ემსახურებოდა. დღეს მათი რიცხვი 14 ათასამდეა გაზრდილი. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სასადილოებზე 5 800 000-მდე ლარია გამოყოფილი. ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად, დღეში ერთხელ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG