Accessibility links

logo-print

მიტ რომნი: „ჩემს კანდიდატობას ჩემი რწმენა არ განსაზღვრავს“


მიტ რომნი

მიტ რომნი

აშშ-ის პრეზიდენტი დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი ადამიანია. როცა ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებია, მთელი მსოფლიო მოელის სიახლეს.

საბოლოო არჩევნები ჯერ შორსაა, მაგრამ ის, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო, როცა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, მიტ რომნიმ, მოიგო პრაიმერი, წინასწარი კენჭისყრა, ნიუ ჰემფშირის შტატში. ეს ის ნიუ ჰემფშირია, სადაც ოთხი წლის წინ იმავე პრაიმერიში ბარაკ ობამა ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, დაამარცხა. ახლა 64 წლის რესპუბლიკელი, მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი, რომნი, აცხადებს, რომ ბიზნესის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს და ეს მას ამერიკის ეკონომიკაში ჩავარდნის გამოსწორებას შეაძლებინებს. რომნი რესპუბლიკელების ზომიერ ფრთას მიეკუთვნება, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირებას ემხრობა და სოციალური პროგრამების გაფართოება სურს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როგორც ბევრი ფიქრობს, მას მაინც გაუჭირდება კანდიდატობა, რადგან რომნი მორმონთა რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნის და არა მხოლოდ უბრალოდ მორწმუნეა, სასულიერო პირიც იყო.

„მორმონობა“ სალაპარაკო ენაზე მე-19 საუკუნეში აშშ-ში შექმნილ, როგორც მისი მიმდევრები უწოდებენ, „უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას“ ნიშნავს. ოფიციალურად ეს ჯგუფი 1830 წელს დაარსდა. სულ თავიდან მას „ქრისტეს ეკლესია“ დაარქვა მისმა დამაარსებელმა ჯოზეფ სმიტმა. მორმონები სმიტს წინასწარმეტყველად აღიარებენ, რომელმაც ღვთისგან გამოცხადება მიიღო. მორმონთათვის ამ საკრალურ პერიოდზე სხვადასხვა ცნობა არსებობს, მაგრამ ძირითადი შემდეგია: ჯოზეფ სმიტის ნაამბობის თანახმად, 1820 წელს, ლოცვისას, მას ხილვა ჰქონია. ამ ეგრეთ წოდებული „პირველი გამოცხადებისას“ მამა ღმერთსა და იესო ქრისტეს უთქვამთ მისთვის, ყველა ძველი მოქმედი ეკლესია შეცდომაა და არც ერთ მათგანს არ შეუერთდეო. 1823 და 1827 წელს მას კვლავ ჰქონია ხილვები, როცა უკვე ანგელოზი, სახელად მორონი, გამოსცხადებია და მომავალში ეკლესიის დაარსებისთვის საჭირო ინფორმაცია მიუცია. მორონს სმიტისთვის დაუვალებია ეთარგმნა მორმონთა წიგნი ახლომდებარე ბორცვზე შენახული ოქროს ფირფიტებიდან. ერთი წლით ადრე სმიტს და მის თანამშრომლებს სხვადასხვა ხილვა ჰქონიათ - გამოსცხადებიათ იოანე ნათლისმცემელი, ასევე მოციქულები - პეტრე, იაკობ და იოანე - და უკვე იმ დროიდან ყოფილან მღვდლებად ცხებულნი, რითაც, ამავე ჯგუფის წარმოდგენით, გახსნილა გზა იესო ქრისტეს ეკლესიის აღსადგენად და მორმონთა ეკლესიაც დაარსებულა.

დღევანდელ აშშ-ში მორმონთა თემი ექვს მილიონ ადამიანს ითვლის. ეს მოსახლეობის ორი პროცენტია. „უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ შტაბბინა სოლტ ლეიკ სიქტიშია, აშშ-ის იუტის შტატში. მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი მორმონი ცხოვრობს. მათი რელიგიური წარმოდგენები ქრისტიანულს უკავშირდება - ძველი და ახალი აღთქმა მათთვისაც წმინდა წერილია; როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, იესო ქრისტეს აღიარებენ, მაგრამ მათი საერთო წარმოდგენა ღმერთზე განსხვავებულია.
მე ამერიკელი ვარ და პრეზიდენტობა მსურს. ჩემს კანდიდატობას ჩემი რელიგია არ განსაზღვრავს. ადამიანი მისი რწმენის გამო არ უნდა იქნეს არჩეული, მაგრამ ის არც უნდა უარყონ მისი რწმენის გამო...

მართლმადიდებელი ეკლესია მორმონობას არ აღიარებს ქრისტიანულ ეკლესიად. ამავე პოზიციაზე დგას ბევრი ამერიკელი. არაა ცოტა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მორმონები სექტას წარმოადგენენ. ასევე უყურებენ მორმონებს სამხრეთ კაროლინაში, სადაც სულ მალე, მომავალ კვირაში, კიდევ ერთი კენჭისყრა, პრაიმერი უნდა მოეწყოს. ოთხი წლის წინ რომნი ერთხელ უკვე შეეცადა პრეზიდენტობას და მას მაშინ ასეთი რამ აქვს ნათქვამი:

„მე ამერიკელი ვარ და პრეზიდენტობა მსურს. ჩემს კანდიდატობას ჩემი რელიგია არ განსაზღვრავს. ადამიანი მისი რწმენის გამო არ უნდა იქნეს არჩეული, მაგრამ ის არც უნდა უარყონ მისი რწმენის გამო.“

ძალიან დიდია განსხვავება აშშ-ში მორმონების საკუთარ თავზე შეხედულებასა და იმას შორის, როგორც მათ ქრისტიანები ხედავენ. რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ფორუმმა, სახელწოდებით „პიუმ“, გამოკითხვა მოაწყო. შედეგების თანახმად,
ამერიკელთა ნახევარზე მეტი მორმონებს ქრისტიანებად არ მიიჩნევს, ათასი გამოკითხული მორმონის 97 პროცენტი კი თავს ქრისტიანად თვლის. მორმონების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკელებს მათ შესახებ საკმარისი ცოდნა არა აქვთ. მორმონები თავიანთი რელიგიის გავრცელების სურვილით, პროზელიტიზმით გახდნენ ცნობილი და დღესაც ასეთებად რჩებიან. ევროპის ყველა ქვეყანაში ნახავთ მათ - სუფთად, ერთნაირად, უნიფორმებში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს. ამას ემატება ისიც, რომ ისინი მკაცრად უარყოფენ ალკოჰოლს, ასევე ყავას და ჩაის. და კიდევ ერთი: ჯგუფის წევრებს აცვიათ საცვლები, რომლებიც, მათი წარმოდგენით, წმინდაა, ანუ ნაკურთხია მათი ტრუსები, მაისურები და სხვ. ეს, ცხადია, კარგ საზრდოს იძლევა სატირისთვის. შარშან ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, დაიდგა „მორმონთა წიგნი“, მუსიკალური კომედია, რომელზეც ბილეთის შოვნა არც ისე იოლი საქმე იყო. მისი ავტორები მსუბუქად დასცინოდნენ მორმონებს, მაგრამ თვითონ მორმონებს შორისაც არ გამოუწვევიათ გულისწყრომა, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით მორმონებთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვრევა ხდება.

ყავის არსმასა და ნაკურთხი ტანსაცმლის ჩაცმაზე ლაპარაკი ისეთ დიდ პრობლემას არ ქმნის, როგორც წარმოდგენა, თითქოს მორმონობა პოლიგამიას, მრავალცოლიანობას აღიარებდეს. ეს ადრე იყო, რომ მორმონებს ბევრი ცოლი ჰყავდათ. ბოლო ხანებში მორმონებს შორის პოლიგამიას ვეღარ შეხვდებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გამონაკლის შემთხვევებს, როცა ფუნდამენტალისტი მორმონი ძველ ტრადიციას ვერ ივიწყებს.

გადმოცემით, მორმონთა რწმენის დამაარსებელს, სმიტს, 33 ცოლი ჰყავდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, აშშ-ის მთავრობის ზეწოლით, პოლიგამია მორმონებს შორის გაუქმდა. მას აქეთ ის დე იურე უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ როდემე იარსება ფაქტობრივად, ძნელი სათქმელია. დღეს ცნობილია მხოლოდ, რომ მორმონისთვის ოჯახი წმინდაა და რომ, ჩვეულებრივ, მათ ბევრი შვილი ჰყავთ ხოლმე. ძველ წარმოდგენას თუ ეყრდნობა აშშ-ში პოპულარული ტელეშოუ, სახელწოდებით „Big Love“, ანუ „დიდი სიყვარული“, თანამედროვე პოლიგამზე, მორმონ კაცზე, რომელსაც სამი ცოლი ჰყავს.
თუ ბედმა გამიღიმა და თქვენი პრეზიდენტი გავხდი, მე არ მოვემსახურები რომელიმე რელიგიას, რომელიმე ჯგუფს, რომელიმე საქმეს ან რომელიმეს ინტერესს. პრეზიდენტი აშშ-ის ხალხის საქმეს უნდა ემსახუროს...

მორმონები აშშ-ში ცდილობენ საკუთარი იმიჯი გამოასწორონ, ისინი მოქმედებენ - საზოგადოებისთვის საკუთარი თავის გასაცნობად მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ მედიაკამპანიას, სახელწოდებით „მე მორმონი ვარ“. მიტ რომნის გააქტიურების პერიოდში, ბუნებრივია, გააქტიურდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც გამოარკვიეს, რომ მის პაპისპაპას ხუთი ცოლი ჰყოლია, როგორც ჭეშმარიტ მორმონს. ამის შესახებ „ენ-ბი-სი“ იუწყებოდა. აშშ-ში რელიგია პირადი საქმეა, სანამ შენ საჯარო სამსახურში ჩადგომას შეეცდები, შემდეგ კი გიწევს მტკიცება, როგორც მოუწია რომნის ჯერ კიდევ მაშინ, ოთხი წლი წინ, როცა ის პირველად შეეცადა პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო:

„თუ ბედმა გამიღიმა და თქვენი პრეზიდენტი გავხდი, მე არ მოვემსახურები რომელიმე რელიგიას, რომელიმე ჯგუფს, რომელიმე საქმეს ან რომელიმეს ინტერესს. პრეზიდენტი აშშ-ის ხალხის საქმეს უნდა ემსახუროს.“

მოკლედ, რომნის თავის დაცვა უწევდა, უწევს და მოუწევს თავისი აღმსარებლობის გამო. 2006 წელს მას ერთ-ერთ რადიოინტერვიუში ჰკითხეს, - ალბათ, კვლავაც მორმონობის გამო, - რას ფიქრობთ ქორწინების თაობაზეო. შეკითხვას მან თავი ხუმრობით დააღწია, ქორწინება ურთიერთობაა კაცსა და ქალს შორის და ქალსა და ქალს შორისო, უპასუხა კორესპონდენტს და იქვე განუმარტა, ვხუმრობო. მეორე და მტკივნეულ ისტორიას უხსენებენ აშშ-ის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს მისი მღვდლობის პერიოდიდან. ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც ქორწინების გარეშე დაორსულდა, რომნის უთქვამს, ან ბავშვი მოიშორე, ან ჩვენი ეკლესიიდან წადიო. ეს ქალი პეგი ჰეიესია, რომელიც 1983 წელს, მაშინ 23 წლისა, ბოსტონში ცხოვრობდა და მორმონთა გაერთიანების წევრი იყო. რომნი კი იმ ხანებში მღვდლად მსახურობდა იქ. ჰეიესი ამტკიცებს, რომნიმ მირჩია, ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაჩენილი, გამეშვილებინა, რადგან დაქორწინებული არ ვიყავიო. ქალი იმასაც იხსენებს, მღვდელმა მითხრა, ვერასოდეს იხილავ ღმერთს, თუკი მარტოხელა დედა იქნებიო. რომნი უარყოფს, რომ ჰეიესს ეკლესიიდან გარიცხვით დაემუქრა. ამ უარყოფის მიუხედავად, ფაქტი, რომ რომნი მორმონია, ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს რომნის თავის საარჩევნო კამპანიაში წინა პლანზე არ წამოუწევია.

თვითონ, როგორც ორთოდოქსი მორმონი, ოჯახის სიწმინდის პრიორიტეტულობას აღიარებს - მას ხუთი შვილი ჰყავს. როგორც მორმონთა რელიგიური გაერთიანების წევრმა, რომნიმ მაღალ თანამდებობას პირველად 70-იან წლებში მიაღწია, როცა ბოსტონის, ასე ვთქვათ, ეპარქიის მამამთავრის მრჩეველი გახდა. მოგვიანებით მიენიჭა ეპარქიის უმაღლესი სასულიერო წოდება და მისი მრევლი ოთხი ათას ადამიანს აერთიანებდა. ახლა რომნის თავი მოაქვს როგორც ეკონომიკის მცოდნეს და ობამას გადაჰკრავს ხოლმე: მას ამერიკის ძირეული გარდაქმნა სურს, მე კი ეს არ მინდა, - მე ამერიკის მიერ შექმნილი პრინციპების აღდგენა მწადია: ეს არის სწორედ ის ამერიკა, რომელიც გვიყვარსო.
XS
SM
MD
LG