Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აკრიტიკებენ აშშ-ის ახალ ელჩს


რუსეთის წამყვანმა სახელმწიფო ტელეარხმა ამ კვირაში მკაცრად გააკრიტიკა რუსეთში შეერთებული შტატების ახალი ელჩი, მაიკლ მაკფოლი. პირველ არხზე გამოთქმული შეფასებით, რომელიც მოჰყვა მაკფოლის შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ის რუსეთში დესტაბილიზაციისათვის არის გაგზავნილი.
მაკფოლი არ არის რუსეთის სპეციალისტი. ის სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიის წინსვლის ხელშეწყობის სპეციალისტი ...

რუსეთის პირველი არხის ანალიტიკურმა პროგრამამ „ოდნაკო“ სამშაბათს საღამოს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთში შეერთებული შტატების ახალ ელჩს, მაიკლ მაკფოლს. ეს უკანასკნელი (რუსეთში ელჩად დამტკიცებამდე სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველთა გუნდის წევრი) მიჩნეულია რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ ექსპერტად.

ტელეპროგრამა „ოდნაკოს“ წამყვანმა, მიხაილ ლეონტიევმა გადაცემაში აღნიშნა, რომ მაკფოლი არის რუსეთთან ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი, თუმცა, დასძინა ლეონტიევმა, მის დღის წესრიგში არის ფარული ამოცანაც - დაეხმაროს კრემლის ოპონენტებს რუსეთშიო.

„მაკფოლი არ არის რუსეთის სპეციალისტი. ის სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიის წინსვლის ხელშეწყობის სპეციალისტი“... განაცხადა მიხაილ ლეონტიევმა, რომლის გადაცემაშიც ნახსენები იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ინტერნეტში დიდი პოპულარობის მქონე ბლოგერი ალექსეი ნავალნიც. ის მაკფოლის "კარგ ნაცნობად" და „ინტერნეტ-ფიურერად“ იქნა მოხსენიებული.

„1992 წელს ის (მაიკლ მაკფოლი) უკვე იყო რუსეთში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) წარმომადგენელი. ეს ინსტიტუტი ცნობილია ამერიკის სპეცსამსახურებთან თავისი სიახლოვით და დაკავებულია მესამე მსოფლიოს ქვეყნებისათვის პოლიტიკური ლიდერების მომზადებით“, აღნიშნა ლეონტიევმა, რის შემდეგაც ნავალნიზე გადავიდა: „2010 წელს, ამავე ინსტიტუტის (NDI-ის) პროგრამით, იელის უნივერსიტეტში მომზადება გაიარა დემოკრატების უკვე მომდევნო თაობის ლიდერმა - ინტერნეტ-ფიურერმა ალექსეი ნავალნიმ, იმავე მაკფოლის კარგმა ნაცნობმა.“

ლეონტიევის მიერ ნახსენები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ანუ NDI, არის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს ეხმარება სხვადასხვა წყაროს ფინანსური მხარდაჭერით. მის დონორებს შორის არიან, შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებთან ერთად, კიდევ 17 ქვეყნის მთავრობები, ევროკავშირი, რამდენიმე კერძო ფონდი. რაც შეეხება ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს - მათთან NDI-ის კავშირის შესახებ ფაქტორივი ინფორმაცია ცნობილი არ არის.
დაინტერესებული ვარ შეხვედრებით არა მარტო მთავრობის წარმომადგენელ ოფიციალურ პირებთან, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების წარმომადგენლებთანაც ...

მაკფოლის შესახებ სიუჟეტმა „ოდნაკოს“ ბოლო გამოშვებაში თითქმის ხუთი წუთი გასტანა. ის ეთერში გავიდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მაკფოლი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსთან ერთად შეხვდა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ გარემოს დაცვის აქტივისტი ევგენია ჩირიკოვა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ელენა პანფილოვა, მემარცხენე-ცენტრისტულ პარტია „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელი ოკსანა დმიტრიევა.

უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ახალი ელჩი შეხვდა მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირებსაც, მაგალითად, ორშაბათს ესაუბრა საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს.

მაიკლ მაკ ფოლის განმარტებით, ოპოზიციასთან მისი შეხვედრები გამართლებულია და ასახავს პოლიტიკურ კურსს, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობას როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ვიდეოჩანაწერით გავრცელებულ განცხადებაში მაკფოლი ამბობს: „დაინტერესებული ვარ შეხვედრებით არა მარტო მთავრობის წარმომადგენელ ოფიციალურ პირებთან, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების წარმომადგენლებთანაც, ბიზნესმენებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან და რიგით რუსებთან“...

მაკფოლი სამშაბათსვე ინტერნეტში, სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გამოეხმაურა ლეონტიევის პროგრამა - აღნიშნა, რომ სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი „გადატვირთვის“ პოლიტიკის სამწლიან გზაზე და ჟურნალისტს შეახსენა ორშაბათის შეხვედრებიც, რომლებიც შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა რუს ოფიციალურ პირებთან გამართა.

„პლურალიზმი“ - ამ სიტყვით ასრულებს „ტვიტერით“ გავრცელებულ კომენტარს რუსეთში შეერთებული შტატების ახალი ელჩი, მაიკლ მაკფოლი, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მკაცრი კრიტიკა - რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში დადანაშაულება - დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG