Accessibility links

logo-print

კიწმარიშვილი ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის წინააღმდეგ?


ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი

ტელეკომპანია ”მაესტროსთან” დაკავშირებული დაპირისპირების ტალღა ეროსი კიწმარიშვილის მხარემ იმ ახალი ტელეკომპანიისკენ მიმართა, რომლის ამოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე უახლოეს მომავალში გეგმავს. მართალია, ”რუსთავის მედიის მართვის კომპანია” ამ შემთხვევაში ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ კონკრეტულ წარმომადგენელს უპირისპირდება, მაგრამ თუკი სასამართლოში შეტანილი განცხადება დაკმაყოფილდება, ამან, შესაძლოა, პრობლემები ეკატერინე ხვედელიძის ახალ ტელეკომპანიასაც შეუქმნას. თუმცა ხვედელიძის მხარე დარწმუნებულია, რომ უსაფუძვლო განცხადება პრობლემებს ვერ მოიტანს.

განცხადებაში, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებული ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ადვოკატმა, დავით კიკალეიშვილმა, 20 იანვარს, დილით, შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოთხოვნილია ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის ილია კიკაბიძის წილის დაყადაღება შპს ”იგრიკაში”. საქმე ის არის, რომ, ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” მტკიცებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის პროცესში ზარალი მას დიდწილად სწორედ კიკაბიძის ქმედებების გამო მიადგა და სწორედ ამიტომ უნდა დაყადაღდეს კიკაბიძის წილი ”იგრიკაში”.
თუ კარგად მოძებნიდა ეროსი კიწმარიშვილის წარმომადგენელი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, აუცილებლად ნახავდა, რომ 17 იანვარს უკვე შეტანილი იყო განაცხადი შპს ”იგრიკას” წილთან მიმართებით ...

საუბარია კომპანიაზე, რომელმაც, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მიიღო საკაბელო ქსლის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება, ხოლო, 23 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ ყველაფერს თანამგზავრით მაუწყებლობის უფლებაც დაემატა. ოდნავ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს ”იგრიკა” მართვის უფლებით გადაეცა შპს ”აქცეპტს”, რომლის 80%-იან წილსაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს.

მართალია, იმ დროისთვის ”იგრიკას” 100%-იანი წილი მართლაც ილია კიკაბიძის მფლობელობაში რჩებოდა, მაგრამ, როგორც ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ, უთხრა 20 იანვარს რადიო თავისუფლებას, ამჟამად ვითარება სულ სხვაგვარად გამოიყურება:

”თუ კარგად მოძებნიდა ეროსი კიწმარიშვილის წარმომადგენელი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, აუცილებლად ნახავდა, რომ 17 იანვარს უკვე შეტანილი იყო განაცხადი შპს ”იგრიკას” წილთან მიმართებით; ხოლო 18 იანვრის მდგომარეობით, შპს ”იგრიკას” 100%-იანი მოწილე გახდა შპს ”აქცეპტი”.

ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

იმის გამო, რომ ”იგრიკას” 100%-იანი წილი ეკატერინე ხვედელიძის კომპანიის მფლობელობაში გადავიდა, ადვოკატი შალვა თადუმაძე აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს ეროსი კიწმარიშვილის მხარის დავას ილია კიკაბიძესთან. ამგვარი განმარტებების შემცველი განცხადება ადვოკატმა თადუმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე 20 იანვარს შეიტანა და კიწმარიშვილის მხარის განცხადების გაბათილება მოითხოვა.

ამ ლოგიკით, კიწმარიშვილის მხარემ სასამართლოსთვის მიმართვა აშკარად დააგვიანა, თუმცა ეს ჯერ ისევ აეჭვებს ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ადვოკატს, დავით კიკალეიშვილს:

”18 რიცხვში, სამუშაო საათების ბოლოს, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ”იგრიკას” წილი ჯერ ისევ ილია კიკაბიძის საკუთრებაში იყო. თუკი ამის შემდეგ განხორციელდა საკუთრების უფლების სხვისთვის გადაცემა, მაშინ სასამართლო ყადაღის მოთხოვნაზე უარს იტყვის და ამის შემდეგ მოქმედებას სხვა ფორმით გავაგრძელებთ.”

კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა განცხადებები სასამართლომ ერთი სამუშაო დღის ვადაში უნდა განიხილოს. რადგანაც 20 იანვარს დღის ბოლომდე ეს ვერ მოხერხდა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ორშაბათს, 23 იანვარს, უნდა ველოდოთ.
გადაწყვეტილება კიწმარიშვილის მხარის სასარგებლო რომ არ იქნება, ამის ფიქრის საფუძველს იძლევა 18 იანვრით დათარიღებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, შპს ”იგრიკას” 100%-იანი წილი უკვე ეკატერინე ხვედელიძის კომპანიის - შპს ”აქცეპტის” - მფლობელობაშია. ამონაწერი 18 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზეა მომზადებული.

გადახდილი თანხის ოდენობა არ სახელდება, მაგრამ ”იგრიკას” ეკატერინე ხვედელიძე რომ ფლობს, ეს ინფორმაცია 20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობა უახლოეს ხანებში ამოქმედდება. პრესსამდივნო აცხადებს, რომ ახალ ”ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ტელევიზიის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით.” პარალელურად, ამავე მიზნით, გადაწყვეტილია თანამშრომლობა ”ევროპაში მოქმედ კვალიფიციურ საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებთან”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG