Accessibility links

წლებია, თბილისის ცენტრში, ზემო კალაში, ყველას თვალწინ ინგრევა და ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი – სურბ ნშანის ეკლესია, რომელიც თბილისში რუსეთის მმართველობამდელი პერიოდის იშვიათ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება. უმოქმედო ეკლესია მნიშვნელოვნად დაზიანდა ამ ათიოდე წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, თუმცა განსაკუთრებულად სავალალო ვითარება შეიქმნა რამდენიმე კვირის წინ, როცა გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა.
დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გასუფთავდება ეკლესია ნანგრევებისგან, ასევე ვაპირებთ იმ ბოძის აღდგენას ...

ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია, შენობის გადარჩენილი ნაწილის გამაგრებასა და აღდგენაზე კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იზრუნებს - ასეთია სააგენტოს გენერალური დირექტორის მრჩევლის პეტრე კანკავას კომენტარი სურბ ნშანის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. ასეთივე პასუხი გასცა სააგენტოს წარმომადგენელმა სომეხ კოლეგებს, რომლებიც თბილისს ეკლესიის მდგომარეობის შესასწავლად სტუმრობდნენ:

„ადგილზე მივიყვანეთ და ვაჩვენეთ, რა ვითარებაა. დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გასუფთავდება ეკლესია ნანგრევებისგან, ასევე ვაპირებთ იმ ბოძის აღდგენას, რომელიც ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა და უნდა გავაკეთოთ ძალოვანი ხარაჩოები, რის შესახებაც ვაცნობეთ სომხურ მხარეს.“

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა სურბ ნშანის ეკლესიის ჩამონგრევის გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები მის გადასარჩენად. სურბ ნშანის ეკლესიის სავალალო ბედის მოწმეა ლევონ ჩიდილიანი, საქართველოში სომხეთის ეკლესიის ეპარქიის კულტურის განყოფილების უფროსი:

„ეკლესია 2002 წლიდან ინგრევა, სწორედ მაშინ გაჩნდა პირველად დიდი ხანძარი. კარი დაკეტილი იყო. შესაბამისად, იმ დროისათვის ბიბლიოთეკის საწყობად გადაკეთებულ შენობას ცეცხლი გაურკვეველ ვითარებაში წაეკიდა. ხანძრის შემდეგ შენობა გაპარტახდა, მიწამ ჩაიწია... არადა, ეკლესიის შენობა, რომელიც მიტოვებული და გაპარტახებულია, სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფება. 15 წელია მოვითხოვთ მის დაბრუნებას, რათა სათანადოდ შევაკეთოთ, მაგრამ ჯერჯერობით არ გვიბრუნებენ.“
თუ რამე სადავოა, არ ნიშნავს იმას, რომ უპატრონოდ უნდა მივაგდოთ...

სომხეთის სამოციქულო ეკლესია წლებია მოითხოვს ამ ეკლესიის მისთვის გადაცემას, თუმცა აწყდება გადაულახავ წინააღმდეგობას საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც, სურბ ნშანთან ერთად, ასევე სადავოდ მიიჩნევს კიდევ ხუთი ეკლესიის კუთვნილების საკითხს. ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მე-18 საუკუნემდე ვერცხლის (ყოფილი ოქრომჭედლის) ქუჩაზე სურბ ნშანის ეკლესიამდე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი იდგა, რომელიც სომხებმა შეისყიდეს და, ერთი ვერსიით, გადააკეთეს, მეორე ვერსიით კი, მის ნაცვლად ახალი ეკლესია ააშენეს. თუმცა საქართველოს სომეხთა კავშირის წევრი სერგეი სააკიანი მიიჩნევს, რომ ამ დავამ, რომელიც წლებია გრძელდება, საფრთხე არ უნდა შეუქმნას თავად ეკლესიის ფიზიკურ არსებობას:

„თუ რამე სადავოა, არ ნიშნავს იმას, რომ უპატრონოდ უნდა მივაგდოთ. ხომ შეიძლება ელემენტარულად ნორმალურ სანიტარულ მდგომარეობაში მოვიყვანოთ.“

ამ მოსაზრებას სავსებით იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის თქმითაც, ქართულმა საზოგადოებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურება:

„თითქმის ერთადერთია შემორჩენილი ეკლესიებიდან, რომელიც გადახურულია შორენკეცით. გუმბათის ასეთი გადახურვა თბილისში მხოლოდ კლდისუბნის წმინდა გიორგის აქვს, თუმცა მასშტაბი აქ გაცილებით მცირეა. გუმბათი მთლიანად გადახურულია ზურმუხტისფერი შორენკეცით. გარდა ამისა, ზოგადადაც არის ძალიან ელეგანტური არქიტექტურული ძეგლი და ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის მისი შენარჩუნება. ჩვენი აზრით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზიაროს სურბ ნშანმა მოღნინის ეკლესიის ბედი და არ უნდა გავხდეთ იმ ბარბაროსობის მონაწილენი, რაც ჩვენს თვალწინ ხდება.“
ასეულობით ხელმოწერა შევაგროვეთ და ვაპირებთ შაბათს შევიკრიბოთ ეკლესიასთან. მოვითხოვთ ამ ეკლესიის გადარჩენას...

ალექსანდრე ელისაშვილი და „ჰამქრის“ სხვა აქტივისტები, სურბ ნშანის გადარჩენის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ. მათი მიმართვის ადრესატები თბილისის მერია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოა.

„ასეულობით ხელმოწერა შევაგროვეთ და ვაპირებთ შაბათს შევიკრიბოთ ეკლესიასთან. მოვითხოვთ ამ ეკლესიის გადარჩენას, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, იზრუნოს ამ ძეგლზე. ვიდრე ეკლესიები და მეცნიერები დაობენ და არკვევენ რა საფუძველს იძლევა ძველი წყაროები, არქეოლოგიური მასალები, მანამდე შეიძლება დავკარგოთ ეს შენობა და თითოეული ჩვენგანი დამნაშავე იქნება“, უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში დარწმუნებული არიან, რომ საქმე ძეგლის განადგურებამდე არ მივა. პეტრე კანკავას თქმით, გარდა იმისა, რომ იგეგმება ეკლესიისათვის ღობის შემოვლება, უკვე დაწყებულია ჯერ საწყობად, შემდეგ კი სანაგვედ ქცეული ეკლესიის ტერიტორიის დასუფთავება. და კიდევ:

„როგორც უკვე ვთქვი, პირველ რიგში, ვაპირებთ ჩამოქცეული ბოძის აღდგენას. მთლიანობაში კი, აქ ჩასატერებელი სამუშაო არ არის ერთი დღისა და ერთი წლის საქმე, რადგანაც ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეს და ყველა ის ძეგლი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს. ყველა მათგანი უნდა აღვადგინოთ და პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, თუმცა როდის იქნება ეს შესაძლებელი და როგორ მოხერხდება, დამატებით მოლაპარაკების საგანია. ვაპირებთ ერევანში ჩასვლას და სომეხ კოლეგებთან ერთად გასაკეთებელი სამუშაოების გრაფიკის შედგენას.“

სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დრო არ ითმენს და რომ შეიძლება სურბ ნშანის ელესიაც ისევე დაინგრეს, როგორც სურბ ასტვაწაწინი და სურბ მინასი, რომელთა განადგურებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას ეკისრება, ვინაიდან როგორიც უნდა იყოს საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფება და, შესაბამისად, მათზე ზრუნვაც სახელმწიფოს მოვალეობაა. ცალკე საუბრის თემაა ქონების დაბრუნების საკითხი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ერთიან მიდგომას საჭიროებს, ანუ საქართველოს მთავრობა ქონების დაბრუნებას ისევე უნდა მიუდგეს, როგორც ეს მოხდა მართლმადიდებლური ეკლესიების მიმართ. გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩამორთმეული ქონება თემმა ყველა რელიგიურ ჯგუფს უნდა დაუბრუნოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG