Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობამ ენერგომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია დასავლეთ საქართველოში


დიდთოვლობამ ენერგომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია სამეგრელოში, გურიასა და ზემო აჭარაში, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება 73 ათას აბონენტს შეუწყდა. აღდგენით სამუშაოებს კომპანია "ენერგოპრო ჯორჯია" აწარმოებს. დიდთოვლობამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა ფოთიდან ზუგდიდისა და სენაკის მიმართულებით და ბათუმი-სარფის გზაზე. აჭარის მაღალმთიან რაიონებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მიმოსვლისთვის თავისუფალია საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი. რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული აღარ არის, განსხვავებით ჯვრის უღელტეხილისგან, რომელიც ამჟამად დაკეტილია. გზების დეპარტამენტის ცნობითვე, ხაიში-მესტიის მიმართულებით და ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება კვლავ აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეხუთე დღეა დაკეტილია ტრანსკავკასიური მაგისტრალი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ხვალიდან საქართველოში შედარებით გამოიდარებს, თუმცა 23 იანვრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება.
XS
SM
MD
LG