Accessibility links

logo-print

"დემოკრატიული მოძრაობა" გარი კასპაროვს მიმართავს


"დემოკრატიული მოძრაობა" ჭადრაკის დიდოსტატსა და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გარი კასპაროვს მიმართავს. ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საინტერესოა გარი კასპაროვის პოზიცია დემოკრატიის ხარისხისადმი საქართველოში, სადაც მისი კოლეგის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის ხსენებას ხელისუფლება კრძალავს და მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო, ბათუმის ჭადრაკის სასახლეს ნონა გაფრინდაშვილის სახელი ჩამოართვა. ”დემოკრატიული მოძრაობა” გაოცებას გამოხატავს იმის გამო, რომ გარი კასპაროვს, რომელსაც არ მოსწონს დემოკრატიის ხარისხი საკუთარ ქვეყანაში, თბილისში 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო არ უჩნდება შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებისადმი და არ გასჩენია სურვილი შეხვედროდა მაისის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს ნონა გაფრინდაშვილს. ”იმედია, ბატონი გარი კასპაროვი არ იხელმძღვანელებს ორმაგი სტანდარტით და ადეკვატურად შეაფასებს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და ხელისუფლების მოქმედებებს", - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობა,” რომელიც მიესალმება გარი კასპაროვის მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციაში. მოზარდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მემორანდუმს ხელი ხუთშაბათს მოაწერეს გარი კასპაროვმა და საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
XS
SM
MD
LG