Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ პროხოროვი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება


რუსი მილიარდერი, მიხაილ პროხოროვი რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროში
რუსი მილიარდერი, მიხაილ პროხოროვი რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროში
რუსეთში მიმდინარეობს მზადება 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. 29 იანვარს ცნობილი გახდება პრეზიდენტობის კანდიდატთა სია. რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია მილიარდერ მიხაილ პროხოროვს, რომელმაც მართალია, მოაგროვა ორ მილიონზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერები, რაც აუცილებელია რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ხელმომწერთა სიის შემოწმების პროცესი. ასეა თუ ისე, პროხოროვმა პარასკევს წარმოადგინა წინასაარჩევნო პროგრამა. ბიზნესმენი, მაგალითად, პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოთხ წლამდე შეამცირებს პრეზიდენტობის ვადას.
ჩემი აზრით, ექვსი წელი ძალიან ბევრია. და ჩემი პოზიციაა ორი ვადა ოთხ-ოთხი წლით ...

ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი აპირებს, რუსეთის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს კრემლის ამჟამინდელ პოლიტიკურ კურსში: აღადგინოს ფედერაციის საბჭოს წევრების, გუბერნატორების, მერების პირდაპირი არჩევნები, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მიხაილ ხოდორკოვსკი. პროხოროვმა ხუთშაბათს, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მოსკოვის ბიუროში სტუმრობისას აღნიშნა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშნავს ყოფილ ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინს და ამჟამინდელი ექვსი წლიდან ოთხ წლამდე შეამცირებს პრეზიდენტობის ვადას.

„ჩემი აზრით, ექვსი წელი ძალიან ბევრია. და ჩემი პოზიციაა ორი ვადა ოთხ-ოთხი წლით. მზად ვარ, ხელი მოვაწერო კონტრაქტს, რომ განვახორციელებ რეფორმებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ჩემს პროგრამაში და ნებაყოფლობით გადავდგები ოთხი წლის შემდეგ. მინდა ვიკისრო პასუხისმგებლობა და ოთხი წელი ჩემთვის საკმარისია ქვეყნის ასამუშავებლად, რათა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ შესაძლებელია ვითარების გაუმჯობესება აქ და ახლა“, აცხადებს ბიზნესმენი.
მთელი წინასაარჩევნო კამპანია კრიტიკაში იძირება ხოლმე და არავინ საუბრობს იმაზე, როგორ შეიცვალოს ვითარება ...

46 წლის მიხაილ პროხოროვი ერთ-ერთია 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შვიდ პოტენციურ კანდიდატს შორის. შესაბამისად, ის კონკურენციას უწევს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც უკვე გავლილი აქვს კანდიდატად რეგისტრაცია. თუმცა, კრემლთან ახლო ურთიერთობის არც თუ უმნიშვნელო სტაჟის გამო, რომლითაც პროხოროვი გამოირჩევა, ის ბევრს მიაჩნია „სპოილერად“ - კანდიდატად, რომელიც მართლა კი არ იბრძვის არჩევნებში გასამარჯვებლად, არამედ დახმარებას უწევს სხვა კანდიდატს, (პროხოროვის შემთხვევაში ლაპარაკია პუტინისთვის დახმარების გაწევაზე) დანარჩენი კანდიდატებისათვის ხმების წარმთევით. მითუმეტეს, როცა ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ პროხოროვი დიდად არ აკრიტიკებს პუტინს...

„ეს ჩემთვის უკვე არაერთხელ უთქვამთ. უბრალოდ, მთელი წინასაარჩევნო კამპანია კრიტიკაში იძირება ხოლმე და არავინ საუბრობს იმაზე, როგორ შეიცვალოს ვითარება. არ მინდა, ჩემი დროის 10 პროცენტზე მეტი დავკარგო კრიტიკაზე - იქნება ეს ხელისუფლების, თუ სახელმწიფო სათათბიროს უხუცესთა კრიტიკა“, ამბობს პროხოროვი და დასძენს, რომ სურს, წამოაყენოს წინადადებები, თუ „კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალოს“. სათათბიროს უხუცესებად პროხოროვი მოიხსენიებს პრეზიდენტობის კანდიდატებად დარეგისტრირებულ გენადი ზიუგანოვს, რომელიც კომუნისტების ლიდერია, პარტია სამართლიანი რუსეთის თავმჯდომარე სერგეი მირონოვს და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმირ ჟირინოვსკის.

ბიზნესმენი ამბობს, რომ თავისი კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა შარშან, 24 სექტემბერს - იმ დღეს, როცა პრეზიდენტმა მედვედევმა გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს კრემლში პუტინის დაბრუნებას. ექსპერტების შეფასებით, მედვედევის ამ განცხადებამ რუსეთის ბევრი მოქალაქის უკმაყოფილება გამოიწვია და ხელი შეუწყო საპროტესტო მუხტის გაძლიერებას დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს აკუნინის ქვეყანაც, ნავალნის ქვეყანაც და პუტინის ქვეყანაც ...

მოსკოვში 24 დეკემბრის მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მიხაილ პროხოროვიც იყო მისული. ხუთშაბათს კი მან, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, ახსენა საპროტესტო მოძრაობის ლიდერები, მწერალი ბორის აკუნინი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი, თუმცა, მხარი არ დაუჭირა დემონსტრანტების მთავარ ლოზუნგს, მთავარ მოწოდებას - ხელისუფლებიდან პუტინის წასვლის მოთხოვნას.

„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სულ რაღაცნაირ, „შავ-თეთრ“ ვარიანტში ვიმყოფებით. ან ხო, ან არა! ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს აკუნინის ქვეყანაც, ნავალნის ქვეყანაც და პუტინის ქვეყანაც, ისევე როგორც პროხოროვის ქვეყანა. ჩვენ, ყველამ უნდა შევძლოთ მოლაპარაკება და ის, თუ ვინ არის ჩვენში მართალი და ვინ დამნაშავე, უნდა გადაწყვიტოს პატიოსანმა, გამჭვირვალე არჩევნებმა“, ამბობს მიხაილ პროხოროვი.

თუ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებით ვიმსჯელებთ, პროხოროვს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არა აქვს. „ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პროხოროვის კანდიდატურას ამჟამად ემხრობა ამომრჩევლების სულ სამი პროცენტი...
XS
SM
MD
LG