Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი დაარსდა


21 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, Google-ის კონფერენცია გაიმართა. დაარსდა Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი, GTUG, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და Android-აპლიკაციების შექმნას. კონფერენციის მხარდამჭერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ჯგუფის მუშაობა ქართველ პროგრამისტებს დაეხმარება აპლიკაციების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გატანაში.

Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ქართული ჯგუფი მალე მსოფლიოში არსებულ 90-ზე მეტ მსგავს ჯგუფს შეუერთდება. ასეთი ჯგუფები ყოველწლიურად 1000-ზე მეტ ღონისძიებას მართავენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. საქართველოში ახალგაზრდა ენთუზიასტ პროგრამისტებს სათავეში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის გიორგი ტყეშელაშვილი უდგას.
უნდა გაიზარდოს ისეთ პროგრამისტთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნიდან გაუსვლელად შეძლებენ დასაქმებას და სარგებლის მიღებას ...

”მსგავსი ჯგუფი მსოფლიოს 95 ქვეყანაშია შექმნილი და ის ენთუზიასტ ადამიანებს აერთიანებს - დეველოპერებს ან, უბრალოდ, მათ, ვისაც, მაგალითად, Android-ის განვითარება აინტერესებს. ისინი თვეში ერთხელ იკრიბებიან ხოლმე და Google-ის ყველა სიახლეს განიხილავენ. გარდა გამოცდილების გაზიარებისა, მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ისიც, რომ ეს ჯგუფი უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა და ეს სახელმწიფოსთვის გარკვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ერთგვარი ბერკეტიცაა - მაგალითად, ქართველებს ამ დრომდე არ შეეძლოთ Android-ის ბაზარზე საკუთარი პროგრამის გაყიდვა”, - ამბობს გიორგი ტყეშელაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ, ჯგუფის წარმატებულად მუშაობის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის საქართველოშიც შეიქმნას მსოფლიოსთვის საინტერესო აპლიკაციები და ცოდნის ექსპორტი ქვეყნიდან გაუსვლელად განხორციელდეს:

”ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით საქართველოს აქვს წარმატებები, თუმცა ჩამოვრჩებით ინოვაციების წარმოების მხრივ. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების განვითარებას. უნდა გაიზარდოს ისეთ პროგრამისტთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნიდან გაუსვლელად შეძლებენ დასაქმებას და სარგებლის მიღებას.”
თბილისის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი უკვე მესამეა ამიერკავკასიაში და იმედი მაქვს, სამივე ეს ჯგუფი ერთმანეთს შეხვდება მაისში რეგიონალურ შეხვედრაზე...

მსგავსი საზოგადოებების ჩამოყალიბება საქართველოს რეგიონებშიცაა დაგეგმილი, დასაწყისისათვის - დიდ ქალაქებში. გიორგი ტყეშელაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ Google-ის პროდუქტების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ სკოლის მოსწავლეებიც. მსგავსი ჯგუფები უკვე შექმნილია აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. უკრაინის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი კი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდა პროგრამისტებს სწორედ ამ ჯგუფის დამაარსებელმა ვლადიმირ ივანოვმა გაუზიარა:

”მნიშვნელოვანი ელემენტია Google-ის დეველოპერების ერთმანეთთან მუდმივი კავშირი. ასეთი დეველოპერები მთელ მსოფლიოში პატარ-პატარა ჯგუფებში ერთიანდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. თბილისის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი უკვე მესამეა ამიერკავკასიაში და იმედი მაქვს, სამივე ეს ჯგუფი ერთმანეთს შეხვდება მაისში, კავკასიის Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის რეგიონალურ შეხვედრაზე.”

რა რეალური რესურსი არსებობს ქართველ პროგრამისტებში და შეძლებენ თუ არა ისინი საკუთარი ინოვაციური აპლიკაციებით დააინტერესონ მსოფლიო, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა გიორგი ტყეშელაშვილი ამ სფეროში მოღვაწე ყველა ახალგაზრდას Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ქართულ ჯგუფთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG