Accessibility links

logo-print

საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის


საქართველო-თურქეთის ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

საქართველო-თურქეთის ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

20 იანვარს თბილისში საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ. ამ ხელშეკრულების გაფორმება მოაწესრიგებს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციას. თბილისის კონფერენციაზე გადაწყვეტილად გამოცხადდა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მდინარე მტკვრის ჰიდრორესურსების გამოყენებას უკავშირდება.
ჩვენი საერთო მიზანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და მას ზიანს არ მივაყენებთ ...

თბილისში გამართულ საქართველო-თურქეთის ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ ორ ქვეყანას შორის მდინარე მტკვრის ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის თაობაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა აღარ არსებობს. საქმე ეხება თურქეთის „ბეშიქ ჰაიას“ კაშხლის პროექტს, რომლის მიხედვითაც მტკვრის ჰიდრორესურსების ნაწილს მიმართულება უნდა შეეცვალა და შავ ზღვაში მოხვედრილიყო. ამ იდეას საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგობა მოჰყვა და ოფიციალურმა თბილისმა ანკარას პროექტის იმდაგვარად განხორციელება შესთავაზა, რომ მდინარე მტკვრის დინება უცვლელი დარჩეს. საქართველოს წინადადებაზე შეთანხმება დაადასტურა თბილისში მყოფმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა:

„თურქეთსა და საქართველოს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მდინარე მტკვარზე ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ შევხვდით იმ სამინისტროებს, რომლებიც უშუალოდ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენი საერთო მიზანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და მას ზიანს არ მივაყენებთ“, განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა და დასძინა, ჩვენი ვალდებულებაა ორივე მხარის შეხედულება გავიზიაროთო.
ამ შეთანხმებით, არა მარტო არ შეიცვლება მტკვრის კალაპოტი, არამედ ერთობლივად ავაშენებთ ახალ კაშხალს ...

საქართველოს მხარის მტკიცებით, უკვე არსებობს ხელშეკრულების პროექტი, რომლის მიხედვითაც მდინარე მტკვარზე კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს აშენდება და მის ექსპლუატაციას ორივე ქვეყანა მოახდენს. ამ პროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „ბეშიქ ჰაიას“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ორმხრივი გამარჯვებაა:

„საქართველოს ძლიერი დიპლომატიური პოზიცია აქვს. თურქეთის რესპუბლიკასთან ჩვენ გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას ემყარება და ორივე ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. ეს იყო ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება. ამ შეთანხმებით, არა მარტო არ შეიცვლება მტკვრის კალაპოტი, არამედ ერთობლივად ავაშენებთ ახალ კაშხალს. ახალი ელექტროსადგური საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის განვითარებაზე, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე იმუშავებს.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

საქართველო-თურქეთის მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგია ის შეთანხმებაც, რომელსაც თბილისში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა. ხელშეკრულება ბორჩა-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობებს ადგენს. აღნიშნული ხაზი შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსლის პროექტის ფარგლებში შენდება. ამ ქსლის შესაქმნელად აშენდება 400 და 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები და დამონტაჟდება 700 მეგავატი მუდმივი დენის ჩანართი, ასევე არსებულ ინფრასტრუქტურას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა თურქეთთან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ამჟამად თურქეთთან ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, საქართველოში დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა მილიარდ დოლარს აღწევს. ინვესტიციების განხორციელება და სამუშაო ადგილების შექმნა არის ის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ჰიდრორესურსების ექსპლუატაციას აპირებს. ამ პირობებით რესურსების ათვისებას ეწინააღმდეგება ენერგეტიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი, მათ შორის, დავით ებრალიძეც:
მაინცდამაინც მიმზიდველი შეიძლება არ იყოს საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის...

”ის პირობები, რა პირობებითაც გაიცემა საქართველოს ჰიდრორესურსი, ეს არის ჰიდრორესურსების განიავება. ჰიდროენერგია ისეთივე ენერგიაა, როგორიცაა ბუნებრივი გაზი, ნავთობი. ამ რესურსის მფლობელ რომელიმე ქვეყანაში - მაგალითად, აზერბაიჯანში ან რუსეთში - ბუნებრივ რესურსს არ გასცემენ ინვესტორზე მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ საბადოს დაამუშავებენ, მუშახელი დასაქმდება და მეტი არაფერი.”

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა:

”მაინცდამაინც მიმზიდველი შეიძლება არ იყოს საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის. და, მით უფრო, ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ ხოლმე ისეთ გრძელვადიანი ამოღების პროექტებზე, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგური. ანუ მით უფრო ლიბერალური რეჟიმი უნდა იყოს შეთავაზებული ამ ტიპის ინვესტორებისთვის.”

ნათია თურნავა იმ ექსპერტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების შემოდინება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკის გამოცოცხლებას და ზრდას განაპირობებს. მთავრობას კი იმედი აქვს, რომ, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, თურქეთთან თანამშრომლობით საქართველო მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული წყარო გახდება ევროპისთვის.
XS
SM
MD
LG