Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პარლამენტის ქვედა პალატაში ისლამისტები დომინირებენ


ეგვიპტეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში - რომელიც პირველია პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ - დეპუტატთა მანდატების ნახევარზე ოდნავ მეტს მოიპოვებს თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია. ეს პარტია დაკავშირებულია მუბარაქის დროს აკრძალულ „მუსულმანთა საძმოს“ მოძრაობასთან. არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გამოაცხადეს კაიროში. მეორე ადგილზეა კიდევ უფრო რადიკალური ისლამისტური პარტია „ალ-ნური“, რომელსაც პარლამენტში ადგილების ერთი მეოთხედი ექნება. მესამეზეა საერო პარტია „ვაფდი“. ეგვიპტეში არჩევნები რთული მრავალსაფეხურიანი სქემით ჩატარდა. ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის - პარლამენტის ქვედა პალატის - პირველი სხდომა, როგორც მოსალოდნელია, ორშაბათს გაიმართება. თებერვალში, როცა დასრულდება ზედა პალატის არჩევნები, პარლამენტარები შექმნიან ახალი კონსტიტუციის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფს. ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით ხელისუფლება უზენაესი სამხედრო საბჭოს ხელთ რჩება.
XS
SM
MD
LG