Accessibility links

logo-print
მოხდა ისე, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში დადგმული “რომეო და ჯულიეტას”, ბერძენი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსის სამსაათიანი სპექტაკლის, საპრემიერო ჩვენების მხოლოდ პირველი მოქმედების ნახვა შევძელი. ეს არაა წარმოდგენის ნახევარი, თითქმის ორი საათია. როგორც ჩანს, წარმოდგენის ჩანაფიქრია ასეთი. მაყურებელი უნდა დაიღალოს, ფიზიკურად უნდა დაიღალოს, რათა დაღლილმა აღიქვას შექსპირის გმირების სასიყვარულო ისტორიის ფინალი. მიუხედავად ამისა, ამ საათ-ნახევრით და, რა თქმა უნდა, მიხეილ მარმარინოსის საქართველოში დადგმული წარმოდგენების - “მედეას” და “ეროვნული ჰიმნის” - გახსენებით, ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება შეგვექმნას წარმოდგენა თეატრალური სეზონის ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე...

სხვათა შორის, ფიზიკური დაღლა, მაყურებელზე ზემოქმედების ეს ფორმა, რომელსაც თუ გნებავთ “ძალადობა” დაარქვით, მარმარინოსის ხელწერის ნაწილია - “რომეო და ჯულიეტაში” იღლება პირველ რიგში მსახიობი; მაგალითად, მას უხდება დაიტენოს საჭმლით პირი და ასე წაიკითხოს მონოლოგი, ანდა მიიღოს მონოლოგისთვის სრულიად უხერხული პოზა და ისე თქვას სათქმელი... ირბინოს, იტრიალოს სცენაზე, გავიდეს დარბაზიდან, შეუერთდეს მაყურებელს, დაელაპარაკოს მაყურებელს... ძალიან ძნელია მარმარინოსთან თამაში. მაგრამ უნდა ითამაშოს ყველამ - უფრო სწორად იცხოვროს, გამოფხიზლდეს და იაზროვნოს

ფიზიკური დაღლა ერთგვარი ბიძგია ფიქრისთვის - მარმარინოსი ამაში სრულიად დარწმუნებულია... მაყურებლის ნაწილს რეჟისორის ასეთი დამოკიდებულება თეატრისადმი, შექსპირისადმი, მსახიობისადმი, მაყურებლისადმი არ მოსწონს - საქართველოში მაინც სხვა თეატრს ვართ შეჩვეული - უნდა შეურიგდე იმას, რომ პასიური მაყურებელი ხარ და თვალი ადევნო სცენას. აქ კი რეჟისორზე შეიძლება გაბრაზდე და შეიძლება გესიამოვნოს ეს დაღლა - ბოლოს და ბოლოს ხვდები, რომ მიხეილ მარმარინოსი თავის მსახიობებთან ერთად გთავაზობს მედიტაციის საათებს - ზიხარ, აკვირდები, ელოდები...

მოლოდინი მთავარია მიხეილ თუმანიშვილის სახლობის კინომსახიობის თეატრის ამ ახალ დადგმაში... მარმარინოსი “თეატრალური სასპენსის” ოსტატია. თუკი კინოში, იგივე ჰიჩკოკი, დაძაბულობის თანდათან ზრდას და მოლოდინის ეფექტს, რეაქტიული კადრების აწყობით, ე.ი. მონტაჟით აღწევს, მარმარინოსი მოლოდინის სიამოვნებას თეატრალური სივრცით ქმნის - ეს კაცი თეატრის არქიტექტორია - ათვისებული აქვს კინომსახიობის თეატრის დარბაზის ყოველი კუთხე-კუნჭული... სადღაც წარმოდგენის “ოქროს კვეთში”, სანამ “რომეო და ჯულიეტას” ამბავი კულმინაციისკენ განვითარდებოდეს, მსახიობები მოულოდნელად მოუტრიალდებიან მაყურებელს და კითხვებით მიმართავენ, როგორც ტოკშოუში “სამსახურის შოვნა უფრო ადვილია თუ შეყვარებულის”, “როგორი იყო თქვენი პირველი სასიყვარულო ღამე” და ა.შ... ესეც არა მარტო პაუზაა - აუცილებელი მოლოდინის ეფექტის გამძაფრებისთვის, არამედ სივრცის ათვისების, მაყურებლის ათვისების ფორმა და რაღა თქმა უნდა, მარმარინოსის საყვარელი გაუცხოების ეფექტი - ტრაგედიის გაადამიანურება იუმორით, მოულოდნელი, ზოგჯერ აბსურდული კულტურული ციტატებით, თვითირონიით

“რომეო და ჯულიეტაში” პროვოკაცია ბევრია. მაგალითად, კარნავალის სცენაში, რომეოს როლის შემსრულებლად ქალს, კატო კალატოზიშვილს იხილავთ. მერე რომეო სხვა მსახიობი ხდება - ნიღბების თამაშთან ერთად, ავტორი ტექსტსაც ეთამაშება” - ვახტანგ ჭელიძის ნათარგმნ შექსპირის ტექსტს ცვლის ახალი ტექსტი - მოულოდნელად შეიძლება მსახიობმა გაიხსენოს ისტორია, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე გადახდა თბილისში, ანდა როლან ბარტის რომელიმე ციტატა ჩართოს... იმავე კატო კალატოზიშვიმა კი გაიხსენოს, რომ მამა მოენატრა...

მსახიობები, რომელთაგანაც თუმანიშვილის დასის წევრი, თუ არ ვცდები, მხოლოდ გიორგი ნაკაშიძეა, იმპროვიზაციას მშვენივრად თამაშობენ - დიახ, რაღაც მომენტში შეიძლება მივხდეთ, რომ აქ იმპროვიზაციის ეფექტიც კი კარგად გააზრებულია... საერთოდ, სივრცისა და დროის ეს თამაში კარგად მოფიქრებულია

დასაწყისში ვთქვი, რომ ჩემგან დამუკიდებელი მიზეზის გამო, მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის მხოლოდ პირველი ნაწილი ვნახე. შესანიშნავი საბაბია - კიდევ ერთხელ ვიხილო ეს დადგმა... მით უმეტეს, რომ ფიზიკური მოქმედების თეტრში წარმოდგენა, როგორც წესი, ნელ-ნელა ასე ვთქვათ “იქოქება” ხოლმე - ჩვენი მსახიობებისთვის ისედაც უცხოა ეს სტილი და მათ როლზე თანდათან მორგება ჭირდებათ... ეს ის შემთხვევაა, როცა, წესით, ყველა მომდევნო სპექტაკლი წინაზე უკეთესი უნდა იყოს... და არ მეორდებოდეს - მარმარინოსის წარმოდგენა ხომ არაა ჩაკეტილი სცენის სივრცეში - ის “გადმოსულია” სცენის საზღვრებიდან და მისი ხარისხი დამოკიდებულია ამ სცენის მიღმა სივრცეზე - იმაზე თუ როგორია დარბაზი და როგორ ჩაერთვება მედიტაციის ამ გრძელ და დამღლელ პროცესში მაყურებელი...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG