Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრებმა დაამტკიცეს ემბარგო ირანიდან ნავთობის იმპორტზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე სანქციების ფარგლებში, რომლებითაც გამიზნულია ირანზე ზეწოლა ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ზომები, რომლებზეც ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მოილაპარაკეს, ითვალისწინებს ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე ახალი კონტრაქტების გაფორმების დაუყოვნებლივ აკრძალვას, ხოლო უკვე არსებული კონტრაქტები 1 ივლისამდე შეწყვეტს მოქმედებას. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის განცხადებით, ზომები არის ირანის წინააღმდეგ „სანქციების უპრეცედენტო პაკეტის“ ნაწილი. ხოლო ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა აღნიშნა, რომ მიზანია ირანის დარწმუნება, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ატომური იარაღის შექმნას ემსახურება. „ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებას და დავასრულებთ მუშაობას ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე, რომლებიც პირველ რიგში მიმართულია ცენტრალური ბანკისა და ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ. მაგრამ მსურს, განმეორებით აღვნიშნო, რომ საქმე ეხება ორგვარი მიდგომის შემუშავების მცდელობას. სანქციებით ზეწოლის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანი სერიოზულად მოეკიდება ჩვენს მიმართვას მაგიდასთან მოსვლის და (ჩვენთან) შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ეშტონმა, რომლის თქმითაც, კვლავაც ელიან თეირანის პასუხს წინადადებაზე, ოქტომბერში მოლაპარაკების გამართვის შესახებ. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამას მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG