Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო - ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის სასარგებლოდ


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
გადაწყვეტილებით, რომელიც 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო, პრობლემები ჩამოშორდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ტელევიზიას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიის - ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” - განცხადება შპს ”იგრიკის” 100%-იანი წილის დაყადაღების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ორშაბათს მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

”განჩინებით სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე იმ საფუძვლით, რომ ქონება აღარ არის ილია კიკაბიძის”, - შეატყობინა რადიო თავისუფლებას ეროსი კიწმარიშვილის მხარის ადვოკატმა დავით კიკალეიშვილმა.
მოველოდით, რომ აღნიშნული წილის დაყადაღება ვერ მოხდებოდა, რადგანაც ის არ ეკუთვნის ილია კიკაბიძეს...


მისი განმარტებით, ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ” შპს ”იგრიკის” წილის დაყადაღება სწორედ იმიტომ მოითხოვა, რომ ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად „მაესტროს“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებლი ილია კიკაბიძე ეგულებოდა. კიკაბიძე კი, ამავე წყაროს ცნობით, სამიზნედ იმიტომ იქცა, რომ, კიწმარიშვილის მხარე ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის პროცესში მისთვის მიყენებულ ზარალზე უდიდეს პასუხისმგელობას სწორედ მას აკისრებს.

ასეა თუ ისე, კიწმარიშვილის მხარე, ასე ვთქვათ, დროში მოტყუვდა. 20 იანვარს, პარასკევს, როცა მან თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება, ”იგრიკას” დაყადაღების მოთხოვნით, ილია კიკაბიძეს ეს კომპანია უკვე გაყიდული ჰქონდა, რასაც ის ჩვენთან საუბრისასაც ადასტურებს.

„იგრიკა” კარგა ხანია გავყიდე. მისი მფლობელია შპს ”აქცეპტი”, - უთხრა კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას.

შპს ”აქცეპტს”, რომლის 80%-იან წილსაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს, შპს ”იგრიკა” ილია კიკაბიძემ ჯერ მართვის უფლებით გადასცა, ხოლო შემდეგ, როგორც თავად გვეუბნება, სულ რაღაც 20 ათას ლარად მიჰყიდა.

აქვე გავიხსენოთ, რომ შპს ”იგრიკამ”, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 9 სექტემბერის გადაწყვეტილებით, საკაბელო ქსლის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო, ხოლო, 23 დეკემბერის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ ყველაფერს თანამგზავრით მაუწყებლობის უფლებაც დაემატა. ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ახალი ტელეარხის შექმნის მიმართულებით და, როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს 20 იანვრის განცხადება იუწყება, ახალი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელეკომპანია ეთერში უახლოეს მომავალში გავა.
სასამართლოს არა აქვს უფლება, რომ ორ პირს შორის წარმოებულ დავაში ყადაღა გამოიყენოს მესამე პირის ქონებაზე. შესაბამისად, არ არსებობდა შპს ”აქცეპტის” კუთვნილი წილის დაყადაღების საფუძველი...


ჯერ აუმოქმედებელი ახალი ტელევიზიისთვის შესაძლოა პრობლემები შეექმნა ყადაღას, რომლის დადებასაც შპს ”იგრიკის” წილზე მოითხოვდა ეროსი კიწმარიშვილის მხარე. თუმცა ეს რომ ასე არ იქნებოდა, იმთავითვე დარწმუნებული იყო შპს ”აქცეპტისა” და ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომელმაც ასევე 20 იანვარს სასამართლოს კიწმარიშვილის მხარის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მიაწოდა.

”მოველოდით, რომ აღნიშნული წილის დაყადაღება ვერ მოხდებოდა, რადგანაც ის არ ეკუთვნის ილია კიკაბიძეს. სასამართლოს არა აქვს უფლება, რომ ორ პირს შორის წარმოებულ დავაში ყადაღა გამოიყენოს მესამე პირის ქონებაზე. შესაბამისად, არ არსებობდა შპს ”აქცეპტის” კუთვნილი წილის დაყადაღების საფუძველი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა თადუმაძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”იგრიკის” 100%-იანი წილი ეკუთვნის ეკატერინე ხვედელიძის შპს ”აქცეპტს” და არა ილია კიკაბიძეს, სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გამოჩნდა 18 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, მაგრამ ის დროულად, ანუ სასამართლოში განცხადების შეტანამდე, ვერ ნახა კიწმარიშვილის მხარემ და, შესაბამისად, ვერც გაითვალისწინა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG