Accessibility links

logo-print
დიდობერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის ერთ-ერთი უბანია. აქ, გაუმართავი გზების მიზეზით, დღემდე არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. დიდობერაში, რომელიც ქალაქიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, ზამთარში, ყინვისა და თოვლ-ჭყაპის პირობებში, მსუბუქი ავტომანქანებიც შეფერხებით მოძრაობენ.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, მნიშვნელოვანი პრობლემაა განათლების მიღება. ახალი სასწავლო წლიდან ჭაქვინჯის სკოლის მეორე კორპუსში, რომელიც დიდობერაში მდებარეობს, მხოლოდ პირველი 4 კლასი დარჩა, მე-5-12 კლასები კი სოფლის ცენტრში გადავიდა.

პირიმზე თამლიანი დიდობერას სკოლაში 15 წელი ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. კლასების დახურვის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგი და ოთხი მოსწავლის მშობელი ჰყვება, რომ თემში მოქმედ სასწავლებლამდე ბავშვები 2 კილომეტრს გადიოდნენ, ჭაქვინჯის ცენტრამდე კი, მისი თქმით, ათ კილომეტრზე მეტი მანძილია.

მშობლები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ თუკი განათლების სამინისტრო სასწავლებლის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს, ბავშვებს ჭაქვინჯის სკოლაში ყოველდღიურად სიარული გაუმართავი ტრანსპორტის პირობებში გაუჭირდებათ.

ჭაქვინჯის სკოლის დირექტორი მარინა ჟორჟოლაძე განმარტავს, რომ მოსწავლეების სოფლის ცენტრში მდებარე სკოლაში გადაყვანის მიზეზი მცირე კონტინგენტი გახდა. მისი ინფორმაციით, სკოლის ავტობუსი მხოლოდ ორჯერ გაფუჭდა და მოსწავლეებს მგზავრობის პრობლემა არა აქვთ. რაც შეეხება დათხოვნილ მასწავლებლებს, მარინა ჟორჟოლაძის თქმით, სამი პედაგოგი უკვე დასაქმდა ჭაქვინჯის სასწავლებლის პირველ კორპუსში, მეოთხემ კი მის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აზა ჯოჯუამ ზუგდიდში დაფუძნებულ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დიდობერაში მდებარე კორპუსი არ გაუქმდება.

დიდობერას საჯარო სკოლიდან სექტემბერში ხუთი პედაგოგი დაითხოვეს კლასების გაუქმების პარალელურად. დანარჩენი ექვსი მასწავლებელი შიშობს, რომ თუკი სასწავლებელი მაინც გაუქმდება, უკვე გათავისუფლებულების მსგავსად, ისინიც სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.

ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა აცხადებს, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახსრებით 1600 მეტრზე სანიაღვრე არხები გაიყვანეს. ამასთან, ვალერიან ხუბულავას თქმით, მოიხრეშა გზები და სასკოლო და სამგზავრო ავტობუსი უბნებში გადაადგილებას შეძლებენ. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ სულ განსაზღვრული 30 000 ლარიდან 14 300-ზე მეტი დიდობერაში მინი საფეხბურთო მოედნისთვის, დანარჩენი კი არხის გასაყვანად და მოსახრეშად დაიხარჯა.
XS
SM
MD
LG