Accessibility links

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა გამოაქვეყნა მორიგი სტატია 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში. ახალი სტატია ეძღვნება ნაციონალიზმის, ეთნიკური კუთვნილებისა და იმიგრაციის საკითხებს.

პუტინი აკრიტიკებს ნაციონალისტების მიერ რუსეთში ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას და, ამავე დროს, საჭიროდ მიიჩნევს იმიგრაციის წესების გამკაცრებას. ეს შეხედულებები და მათთან დაკავშირებული გეგმები წარმოდგენილია ვრცელ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა პუტინის ვებსაიტზე, ისევე როგორც ყოველდღიურ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტაში“.

რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, როგორც ცნობილია, განზრახული აქვს, 4 მარტის არჩევნების შედეგად დაუბრუნდეს პრეზიდენტის პოსტს, რომელზეც უკვე ორი ვადით იმუშავა პრემიერ-მინისტრობამდე...
აშკარა მხოლოდ ის არის - და ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში ამის მოწმენი ხშირად ვხდებით - რომ თეორიული მსჯელობები პრაქტიკას არ შეესაბამება...


როგორც ვლადიმირ პუტინის ახალ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, მას რუსეთი წარმოესახება მრავალეთნიკურ ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც სხვადასხვა აღმსარებლობას მისდევენ და, შესაბამისად, მას მიუღებლად მიაჩნია ნაციონალისტების ხედვა მონოეთნიკურ რუსეთზე. ორშაბათს გავრცელებული ცნობებით, პუტინმა „რუსეთის სამხრეთის ხალხთა ფორუმისადმი“ მიმართვაში განაცხადა: „ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არც ერთი ადამიანი არ უნდა ივიწყებდეს თავის რწმენას, თავის ეთნიკურ კუთვნილებას. მაგრამ უწინარეს ყოვლისა, ის უნდა იყოს დიადი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქე", აღნიშნა პუტინმა.

თუ ისევ სტატიას დავუბრუნდებით, მასში გაკრიტიკებულია, მაგალითად, რუსი ნაციონალისტი ოპოზიციონერების ლოზუნგი, რომლის მხარდამჭერებს შორისაც არის გავლენიანი ბლოგერი ალექსეი ნავალნი. როგორც პუტინი წერს, ლოზუნგი „კმარა კავკასიის გამოკვება“ ისეთივე უაზრობაა, როგორც მოწოდება, რომ კრემლმა შეწყვიტოს, დავუშვათ, ციმბირის, ან მოსკოვის ოლქის სუბსიდირება.

„ჩვენ საუკუნეებია, ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვიბრძოდით უმძიმეს ომში“ და ერთად ვიცხოვრებთ მომავალშიცო, წერს პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება იმიგრაციის თემას, პუტინი მიზანშეწონილად მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას, მოითხოვს, მაგალითად, კანონს, რომელიც იმიგრანტს ავალდებულებს ოფიციალური რეგისტრაციის გავლას, აგრეთვე გამოცდების ჩაბარებას რუსულ ენაში, ისტორიასა და ლიტერატურაში.

ბორის აკუნინი, ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი, რომელიც ასევე ცნობილია პუტინის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკით, მიესალმება ნაციონალისტების დაგმობას და ეთნიკური შემწყნარებლობისაკენ მოწოდებას, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთში ერთმანეთს ხშირად არ შეესაბამება რიტორიკა და რეალობა. მაგალითად, პუტინმა გასულ კვირაში აკუნინის ქართული წარმომავლობა დაუკავშირა კრემლის მიმართ კრიტიკას - აკუნინი შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო იყოს განაწყენებული რუსეთზეო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 18 იანვარს, საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე.
ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი


„აშკარა მხოლოდ ის არის - და ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში ამის მოწმენი ხშირად ვხდებით - რომ თეორიული მსჯელობები პრაქტიკას არ შეესაბამება. მე, მაგალითად, მიჭირს იმის წარმოდგენა, ამ სტატიის ფონზე როგორ უნდა მოხდეს ეთნიკური ფესვების ძიება და ადამიანის პოლიტიკური პოზიციის განსაზღვრა მისი ეთნიკური წარმოშობის მიხედვით. ეს ორი რამ ერთმანეთს როგორღაც არ შეესაბამება,“ - აღნიშნა მწერალმა ბორის აკუნინმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ახალი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.

პუტინის წინა სტატია, რომელიც ასევე უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას, გაზეთ „იზვესტიაში“ დაიბეჭდა და მასში პუტინი ხაზს უსვამდა საკუთარ წვლილს რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

თუმცა, 12 წელიწადში მას შემდეგ, რაც პუტინი სათავეში მოექცა ხელისუფლებას, რუსეთში უჩვეულოდ ფართოდ არის გავრცელებული მისი მმართველობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა შედეგადაც ხმების თითქმის ნახევარი ერგო მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“, მრავალი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა.

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 4 თებერვლისთვის ამზადებს მორიგ მასშტაბურ აქციას.
XS
SM
MD
LG