Accessibility links

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-19 შეხვედრა, რომელიც დვანში გაიმართა, ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. მხარეების წარმომადგენლებმა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. საზღვრის გასწვრივ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 25 პირი დააკავეს, მაგრამ მათ ოპერატიულად ათავისუფლებდნენ. შეხვედრის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ინციდენტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, დაკავებულ პირებსაც სწრაფად ათავისუფლებენ, რაც, მისი აზრით, მისასალმებელია, მაგრამ ცხინვალის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე იხდის სასჯელს და ქართული მხარე მათ გათავისუფლებას კვლავ მოითხოვს.

თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან, ოსური მხარეც ითხოვს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ პირებს უმრავლეს შემთხვევაში ინციდენტის ადგილზევე ათავისუფლებდნენ. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გააჩერეს დაკავებულები 24 საათის განმავლობაში, მათი ვინაობის დადგენის მიზნით. ჩიგოევის აზრით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა პოლიტიზების გარეშე მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის პირველ შეხვედრას ეუთოს ახალი სპეციალური წარმომადგენელი, ირლანდიელი პედრიგ მერფი დაესწრო, რომელმაც ლიტვის წარმომადგენელი გეიდრიუს ჩეკოულისი შეცვალა. მერფიმ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ინციდენტების შემცირების ტენდენცია აშკარაა.

დვანის მე-20 შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. წინასწარ ცნობილია, რომ ქართული მხარე საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების წინ ფერმერთა უსაფრთხოების საკითხს დააყენებს. საუბარია მიწის იმ ფართობების დამუშავებაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG