Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილორისა და ბედიის გაურკვეველი ბედი


ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
საქართველო ცდილობს მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ყურადღება ისტორიულ-კულტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ბედიის მონასტერზე, რომლებიც სასწრაფო შველას საჭიროებენ. ქართული მხარის მთავარი იმედი UNESCO-ს უკავშირდება.

თეთრად შეღებილი კედლები, წითელი თაღები და რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ბოლქვის ფორმის გუმბათი, -
უკვე კარგა ხანია ასე გამოიყურება ოჩამჩირის რაიონში მდებარე მე-11 საუკუნის ქართული ძეგლი - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ამ პრობლემის გარშემო განგაში ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში ატეხა, სართაშორისო თანამეგობრობის საყურადღებოდ ხმამაღლა ითქვა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად შლის ქართულ კვალს თვის მიერ ოკუპირებულ ტეროტორიაზე, მაგრამ სიტუაცია არ გამოსწორებულა.

სულ ახლახან კი გაირკვა, რომ სასწრაფო შველას საჭიროებს კიდევ ერთი ქართული ძეგლი - ტყვარჩელის რაიონში მე-10 საუკუნეში აშენებული ბედიის მონასტერი. ილორის ეკლესიასთან ერთად, ბედიის მონასტრის ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია ”იკომის” (ICOM) ბოლო ანგარიში იუწყება. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში აფხაზეთს ამ ორგანიზაციის რუსეთის წარმომადგენლობის ექსპერტები სტუმრობდნენ და ანგარიშიც სწორედ მათ მოამზადეს. თბილისი ამჯერადაც ქართული კვალის მიზანმიმართული გაქრობის ტენდენციაზე ალაპარაკდა.

რუსი კოლეგების მიერ აღწერილ ვითარებას შემაშფოთებლად მიიჩნევს ”იკომის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი - ინგა ქარაიაც, თუმცა მისი განმარტებით, პრობლემების აღმოფხვრა ჯერ ისევ შესაძლებელია როგორც ილორის ეკლესიის, ასევე ბედიის მონასტრის შემთხვევაში:

”ბედიის მონასტერში რამდენიმე წლის წინ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, რის დროსაც დაზიანდა ფრესკული მხატვრობა, მართლაც უნიკალური კედლის მხატვრობა. მაგრამ ჩამოცვენილი ნაწილები, ანუ ფრესკული მხატვრობის ნაშთები შენახულია და ტაძარშია დაცული. ასე რომ, შესაძლებელია რესტავრაცია.”

ბედიის მონასტრისა და ილორის ეკლესიის გადარჩენის პერსპექტივებს ქართული მხარე, უპირველეს ყოვლისა, იუნესკოს უკავშირებს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დამცველი ორგანიზაციის - იუნესკოს - აქტიურობისა და ობიექტურობის იმედი აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსაც:

”იუნესკო საერთაშორისო კონვენციების შესრულების ეფექტური მექანიზმია. როდესაც რაღაც ტერიტორიაზე ვერ შედიან ომთან თუ ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებული მხარეები, იუნესკოს ქმედითი დახმარების გაწევა შეუძლია. ჩვენც ერთადერთი გზა იუნესკოს სახით გვაქვს.”

თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობის არაერთი მიმართვის მიუხედავად, იუნესკომ ბოლო წლებში პრაქტიკულად ვერ მოახერხა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები ამბობენ, რომ იუნესკოს დელეგაციას ისინი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან შესვლის შემთხვევაში უმასპინძლებენ.

ცხადია, ეს საკითხი მეტად პრინციპულია საქართველოსთვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შველას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით ითხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იუნესკოსთან, თუ რა გზითა და რა ფორმით უნდა მოხერხდეს ორგანიზაციის სპეციალისტების შესვლა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG