Accessibility links

logo-print

ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბათილად გამოცხადდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის განკარგულება. გასაჩივრებაზე უარის გადაწყვეტილება დღეს ჟურნალისტებს გააცნო პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, მანჯგალაძის განმარტებით, დაინტერესებულ მხარეს შესაბამის პასუხს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გასცემს. პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ივანიშვილსა და ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შარშან შემოდგომაზე ჩამოერთვა. გასული წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის განკარგულება ბათილად ცნო. სასამართლოს ამავე ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება, წარმოადგენდა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერ საფუძველს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დღეს გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, 5 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
XS
SM
MD
LG