Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან-კლოდ მინიონი აუცილებლად მიიჩნევს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი აუტანელს უწოდებს სიტუაციას, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით არსებობს და აუცილებლად მიიჩნევს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებას. ”ნეზავისიმაია გაზეტასთან” ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მინიონი ევროსაბჭოსა და რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, თავის დროზე მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოში რუსეთის გაწევრიანებას, თუმცა, მხოლოდ წევრობა არასაკმარისია და აუცილებელია ვალდებულებათა შესრულება. ჟან-კლოდ მინიონის შეფასებით, რუსეთს უამრავი პრობლემა აქვს და ერთ-ერთი საქართველოსთან ურთიერთობაა. მინიონი აღნიშნავს, რომ ახლახან იმყოფებოდა საქართველოში, სადაც დაათვალიერა სამხრეთ ოსეთთან მდებარე სადემარკაციო ხაზი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ადამიანი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს, როდესაც ქვეყანაში უამრავი დევნილია და მათი სახლები დანგრეულია. ჟან-კლოდ მინიონი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, რომელიც უზარმაზარი და გავლენიანი ქვეყანაა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეუწყოს ხელი პრობლემის მოგვარებას. ამასთან, მინიონმა აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე მსჯელობა კვლავ მონიტორინგის კომიტეტში უნდა გაგრძელდეს და არა უშუალოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რადგან მისი მუშაობის საფუძველი სწორედ კომიტეტებია.
XS
SM
MD
LG