Accessibility links

logo-print
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა მიმოსვლა მაქსიმალურად შეზღუდულია. გალის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა რადიო თავისუფლებას ზუგდიდში განუცხადეს, რომ გალში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ სოფელ ნაბაკევსა და ჭუბურხინჯში ე.წ. შემოვლით გზებზე მანქანების გადასასვლელი ადგილები გადათხარეს, რაც, მათივე თქმით, მიმოსვლას ართულებს. მძღოლები ამბობენ, რომ ახლა სწავლობენ და ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც მიკროავტობუსი გადასვლას შეძლებს.

სოფელ ოტობაიის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვით შეატყობინა, რომ ეფესბეს წარმომადგენლებმა, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ, გასულ კვირაში გადათხარეს ორსანტია-ოტობაიის ე.წ. შემოვლითი გზაც. რესპონდენტის ინფორმაციით, ეს იყო ერთადერთი ადგილი, რომლითაც გალის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა სამეგრელოში გადმოსასვლელად.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის, თორნიკე კილანავას ინფორმაციით, გარდა ჭუბურხინჯის, ნაბაკევის და ოტობაიისა, ე.წ. შემოვლითი გზები გადათხრილია სოფელ თაგილონშიც. თორნიკე კილანავას თქმით, „მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე გზების გადათხრა რუსი სამხედროების მიერ არაერთხელ მოხდა, მაგრამ ის ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით ამოავსო“.

რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. შემოვლითი გზები გადათხარეს, ხშირია მიკროავტობუსებისა და მგზავრების დაკავების ფაქტები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობისა და რადიო თავისუფლების რესპონდენტების ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც გალის მილიციამ ჯარიმის - თითოეული მათგანი 1200 რუსული რუბლის - სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG