Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”: საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა


ჟურნალისტთა დამცველი ორგანიზაცია ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” 2011-2012 წლებში პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელს აქვეყნებს. წლევანდელ ანგარიშში საქართველომ მაჩვენებელი 4 საფეხურით გააუარესა და 104-ე ადგილს დასჯერდა. შედეგად, როგორც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, საქართველო აღარ არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით - მას, 77-ე ადგილით, სომხეთი უსწრებს. რა გახდა საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის გაუარესების მიზეზი?
საქართველო ამ შედეგს მაისის თვეში საპროტესტო აქციის დაშლისა და იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე განხორციელებული ზეწოლის გამო იმკის, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში არიან ეჭვმიტანილნი...


2011-2012 წლის მედიის თავისუფლების ინდექსის ნუსხა მსოფლიოს 179 ქვეყანას აერთიანებს. წელს საქართველომ პირველი ასეული დათმო და მეორე ასეულში, 104-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჟურნალისტთა დამცველი ორგანიზაცია ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” კი აღნიშნულს ასე ხსნის:

”საქართველო ამ შედეგს მაისის თვეში საპროტესტო აქციის დაშლისა და იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე განხორციელებული ზეწოლის გამო იმკის, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში არიან ეჭვმიტანილნი.”

შედეგად, საქართველო სამხრეთ კავკასიაში პირველობას სომხეთს უთმობს. ორგანიზაცია მედიის თავისუფლების ინდექსზე საუბრისას საქართველოს შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ამ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება და სიაში არსებული დანარჩენი ქვეყნების თაობაზე განაგრძობს საუბარს.

მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, თუმცა უჭირს იმის შესახებ საუბარი, თუ რას გულისხმობს ორგანიზაცია, როდესაც ის რუსეთის სიმპათიებში ეჭვმიტანილ ჟურნალისტებზე ამახვილებს ყურადღებას.
ლაშა ტუღუში
ლაშა ტუღუში

”ბუნებრივია, რომ აუცილებლად აისახება სხვადასხვა რეიტინგებში ისეთი ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 26 მაისის ღამეს, როდესაც ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა არაადეკვატური ძალის გადამეტება და ცხადია, რომ ეს გააუარესებდა ჩვენს რეიტინგს”, - ამბობს ლაშა ტუღუში.

”ნეტგაზეთის” მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე ის ერთ-ერთი ჟურნალისტია, რომელიც 26 მაისის ღამეს დაზარალდა. მან და მისმა რამდენიმე კოლეგამ პროკურატურას მიმართა, თუმცა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა, ამიტომ, საბოლოოდ, მათ მხოლოდ მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს, რაც საქალაქო სასამართლომ მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა ის მაინც არ თვლის, რომ გამოძიება ადეკვატურად ჩატარდა.

”შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ერთადერთი განცხადება გაავრცელა, რომ მან 12 პირი ადმინისტრაციული სასჯელით დასაჯა, 4 მათგანი კი სამსახურიდან დაითხოვა 26 მაისის ღამეს უფლებამოსილების გადამეტების გამო. თუმცა ჩვენთვის არ არის ცნობილი, დაისაჯნენ თუ არა კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებმაც ჟურნალისტებს საქმიანობაში შეუშალეს ხელი”, - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი მედიის თავისუფლების ინდექსის გაუარესების მიზეზად 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების დასახელებას ეთანხმება, თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან სხვა მაჩვენებლებს ასახელებს, რის გამოც მედიის თავისუფლების ინდექსი საქართველოში საკმაოდ დაბალ საფეხურზეა. უპირველესი კი მათ შორის საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობაა:
ყველა უწყებიდან რთულია როგორც საჯარო ინფორმაციის მიღება, ასევე ინტერვიუს მიღება. მეორე პრობლემაა ფინანსური პრობლემა. მედიისთვის ძალიან რთულია დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების ქონა და ფინანსური მდგრადობა...


”სულ უფრო და უფრო რთულდება წვდომა საჯარო ინფორმაციასთან, განსაკუთრებით ფინანსურ ინფორმაციასთან. ადრე თუ მხოლოდ ერთი-ორ უწყებასთან გვქონდა პრობლემა, ახლა მათ რიცხვს დაემატა მერია, განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყველა უწყებიდან რთულია როგორც საჯარო ინფორმაციის მიღება, ასევე ინტერვიუს მიღება. მეორე პრობლემაა ფინანსური პრობლემა. მედიისთვის ძალიან რთულია დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების ქონა და ფინანსური მდგრადობა”, - ამბობს შორენა შავერდაშვილი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჟურნალისტების დამცველი ორგანიზაციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და გასამართლებული ოთხი ფოტორეპორტიორის საქმის შესახებ. შორენა შავერდაშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება სწორედ ამ რეპორტიორებს გულისხმობენ ანგარიშის ავტორები, როდესაც ისინი თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლის ვარდნას რუსეთის მიმართ სიმპათიების მქონე ეჭვმიტანილ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ. გასულ წელს იყო კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელმაც, ქართველი მედიამკვლევარების აზრით, შესაძლოა სერიოზული ზეგავლენა იქონიოს მედიის თავისუფლების ინდექსის ვარდნაზე. მათ შორის არის თბილისის მასშტაბით პრესის ჯიხურების აღება, მონოპოლიზებული სარეკლამო ბაზარი, ტელეკომპანია ”მაესტროს” მუშაობის შეფერხება და სხვა.

გეტყვით იმასაც, რომ მედიის თავისუფლების ინდექსის ნუსხაში მოწინავე პირველ სამ ადგილს ფინეთი, ნორვეგია და ესტონეთი ინაწილებენ, ბოლო სამ ადგილს კი - თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა.
XS
SM
MD
LG