Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ვეტერანი ავიატორი შიმშილობს


ავიატორების აქცია
ავიატორების აქცია
სამმა ხანდაზმულმა ვეტერანმა ავიატორმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შიმშილობა დაიწყო. ვეტერანი ავიატორები ხელისუფლებისგან უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვენ. საქმე შეეხება 2006-2010 წლებში ვეტერანი ავიატორების მიმართ დაგროვილი იმ დავალიანების გასტუმრებას, რომლის გადახდაც, მოშიმშილეთა განცხადებით, სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა. ვეტერანების აქციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე და კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილი გამოეხმაურნენ. მათ მოშიმშილე ვეტერან ავიატორებს პრობლემის დეტალებში გარკვევა აღუთქვეს.
ჩვენ მოვითხოვთ - კი არ ვითხოვთ, მოვითხოვთ იმას, რაც ჩვენ დავიმსახურეთ. ჩვენ დავიმსახურეთ ყურადღება და ის მატერიალური დახმარება, რაც ჩვენ გვეკუთვნის. აი ის მოგვცენ, ეს არის ჩვენი მოთხოვნა...


პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ორ ხეს შორის გაკეთებულ სკამზე, ორი ხანში შესული მამაკაცი მუხლებზე პლედგადაფარებული ზის, მათ გარშემო კიდევ რამდენიმე ხანში შესული მამაკაცი დგას - ისინი ვეტერანი ავიატორები არიან. როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე, ყოფილი მფრინავი - როგორც თავად ამბობს, სოხუმელი ხომალდის მეთაური - ზაურ ბედია გვეუბნება, შიმშილობა იმ მოპყრობის გამო გადაწყვიტა, როგორადაც ყოფილ ავიატორებს ხელისუფლება ექცევა:

”ჩვენ მოვითხოვთ - კი არ ვითხოვთ, მოვითხოვთ იმას, რაც ჩვენ დავიმსახურეთ. ჩვენ დავიმსახურეთ ყურადღება და ის მატერიალური დახმარება, რაც ჩვენ გვეკუთვნის. აი ის მოგვცენ, ეს არის ჩვენი მოთხოვნა.”

მეორე მოშიმშილე, ხანდაზმული ავიატორი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული პილოტი აკაკი ბათლიძე ამბობს, რომ 2 მოთხოვნის გამო დასხდნენ ამ სიცივეში პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის წინ:

” ის დავალიანება უნდა გადაგვიხადონ, რაც არის ინვალიდობის პენსია, რომელიც შეგვიწყვიტეს 2006 წლის ოქტომბრიდან არაკანონიერად. მეორე ის არის, რომ ჩვენ გათანაბრებული ვართ ძალოვან სტრუქტურებთან, რომელთა პენსიონერებიც დღეს იღებენ პენსიას - 560 ლარს. ჩვენ ვიღებთ რაღაც მიზერულ კომპენსაციას - პენსიას არა, კომპენსაციას, სადღაც 100 ლარის ფარგლებში.”

ვეტერანი ავიატორების განცხადებით, ისინი სახელმწიფოსგან პენსიას არ იღებენ. მათ სახელმწიფო კომპენსაციას უხდის, რისი თანხაც განსხვავებულია და 108 ლარიდან 135 ლარამდე მერყეობს. ავიატორების განცხადებით, ისინი არც შეღავათებით სარგებლობენ.

ხელისუფლება ძალიან კარგად ფლობს ინფორმაციას, რა ვალდებულებები აკისრია მას. უბრალოდ, როგორც ჩანს, მათ სურდათ, რომ ეს თანხა სახელმწიფო შიდა ვალში ყოფილიყო აღიარებული და შემდგომში ნელ-ნელა გაესტუმრებინათ...

როგორც რადიო თავისუფლებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუმარტა, მოშიმშილეები ითხოვენ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და ინვალიდობის ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ პენსიას, რაც მათ 2006 წლიდან მოეხსნათ. დიმიტრი ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ავიატორების სარჩელში და უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილებასთან დაკავშირებულ დეტალებში გასარკვევად რამდენიმე დღე დასჭირდება, წინასწარი ინფორმაციის თანახმად კი შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას დახლოებით 200-მდე ვეტერანი ავიატორის 400 ათას ლარამდე თანხა მართებს. ეს ის თანხაა, რომელიც ინვალიდობის სტატუსის შესაბამისი პენსიის მოხსნით დაგროვდა და რის გასტუმრებასაც ავალდებულებს უზენაესი სასამართლო ეკონომიკის სამინისტროს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლე ინსტანციას.
დიმიტრი ლორთქიფანიძე დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში რამდენიმე ადამიანს შეხვდა ამ საკითხზე სასაუბროდ და, როგორც ის ამბობს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვეტერანი ავიატორების საქმის შესახებ კარგადაა ინფორმირებული და რომ საკითხთან დაკავშირებით კოორდინაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილს აქვს დავალებული. დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვებით, მას შეჰპირდნენ, რომ როცა ვერა ქობალია და ნიკა გილაური, რომლებიც ახლა საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფებიან, საქართველოში ჩამოვლენ, ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე დადგება.

”ხელისუფლება ძალიან კარგად ფლობს ინფორმაციას, რა ვალდებულებები აკისრია მას. უბრალოდ, როგორც ჩანს, მათ სურდათ, რომ ეს თანხა სახელმწიფო შიდა ვალში ყოფილიყო აღიარებული და შემდგომში ნელ-ნელა გაესტუმრებინათ, მაგრამ აქ ლაპარაკია 70-80 წლის ასაკოვან ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე მიდიან ამ ცხოვრებიდან.”

რადიო თავისუფლება შეეცადა ამ თემაზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომენტარი ჩაეწერა, მაგრამ იქ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს, პირად საუბარში კი განმარტეს, რომ თანხის გამოყოფა სასამართლოს მიერ ეკონომიკის სამინისტროსათვის დაკისრებული გადასახადის გასასტუმრებლად ფინანსთა სამინისტროს ევალება. ფინანსთა სამინისტროში ასევე არ გააკეთეს ოფიციალური განცხადება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG