Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არიან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიხურება უკანონოდ გახსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში. მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრობლემა არა პიროვნებებში და არა მიხეილ სააკაშვილშია და დასძინა, რომ საქმე ეხება საქართველოს 5 მილიონ მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღეს დევნილობაში არიან სწორედ რუსეთის გამო. პრესსპიკერის განცხადებით, გაურკვეველია, რას გულისხმობს რუსეთი საქართველოში - ქვეყანას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს ახირება არ ყოფილა და განაპირობა სწორედ იმან, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და მისი 20% დღემდე ოკუპირებული აქვს. პრეზიდენტმა მედვედევმა ოთხშაბათს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთს არ შეუწყვეტია, თუმცა, მის აღსადგენად მზად არის. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც არ შეხვდება და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები თავად მიხვდნენ, ვის გულისხმობდა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რაც შეეხება ყველა დანარჩენ პოლიტიკურ მოღვაწესა და მთლიანად ქართველ ხალხს, სურს, რომ გაუცხოება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
XS
SM
MD
LG