Accessibility links

logo-print
რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯამბოლათ თედეევი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს. მანამდე კი მის ბინაში, მოსკოვში, ჩხრეკა ჩაატარეს და იქიდან საზღვარგარეთის პასპორტი ამოიღეს. როგორც „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტი იუწყება, თედეევის სახლთან ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა მივიდა, რომელშიც სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ მებრძოლები და ეფ-ეს-ბეს გამომძიებლები იმყოფებოდნენ. თედეევისგან ისინი ბინაში დაუყოვნებლივ შეშვებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარის შემტვრევით იმუქრებოდნენ. ჯამბოლათის ნათესავი, ვიოლეტა თედეევა, ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ მას გამომძიებლები სასწრაფოდ განყოფილებაში გადაყვანას უპირებდნენ.

ჩხრეკის დასრულების შემდეგ თედეევი განყოფილებაში გადაიყვანეს და 5 საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით დაკითხავდნენ. რუსეთის სპეცსამსახურებმა თედეევის წინააღმდეგ მოქმედება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიმართვის შემდეგ დაიწყეს. ცხინვალში თედეევზე სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით არის აღძრული. ეს საქმე 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თედეევს რეგისტრაციაზე უარი უთხრა და ამის გამო მისი მომხრეები კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ. ეს ეპიზოდი დაედო საფუძვლად სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. თედეევის ნათესავები კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ისინი ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებენ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს, რომელიც კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენდა და თედეევის მომხრეებს აგინებდა.

ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ კოკოითისა და მისი მოსკოველი მფარველებისგან პროვოკაციებს ელოდა, ამიტომ თედეევზე დაწყებული ზეწოლა მისთვის ახალი ამბავი აღარ არის. მისი აზრით, ამ ყველაფრის უკან კრემლის მაღალჩინოსნები ვინოკუროვი და გასუმიანოვი დგანან.

რუსი ჟურნალისტი ალექსეი ვაშენკო „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ კრემლის მაღალჩინოსნები ვერ დაუშვებენ 25 მარტის არჩევნებზე თავიანთი კანდიდატის დამარცხებას. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი ხელისუფლება მოსკოვიდან ცხინვალში გადარიცხული და შემდეგ უკვალოდ გამქრალი ფულის ძებნას დაიწყებს. ვაშენკოს თქმით, კვალი აუცილებლად კრემლის მოხელეებთან მივა.

თედეევის საქმით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გამომძიებელთა დაინტერესება მის საარჩევნო გააქტიურებას დაემთხვა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ლიდერმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. თუმცა ნოემბერში კომისიამ საცხოვრებელი ცენზის უქონლობის გამო რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ახლახან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან იმედი გამოთქვა, რომ რეგისტაციის გავლისას პრობლემები აღარ შეექმნება. ცოტა ხანში, ალბათ, ცნობილი გახდება, იგი იმავე აზრზე დარჩა თუ ეფ-ეს-ბეს განყოფილებაში გატარებული 5 საათის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.
XS
SM
MD
LG