Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა დავოსის ფორუმს საფიქრალი გაუჩინა


ანგელა მერკელი დავოსის ფორუმზე
ანგელა მერკელი დავოსის ფორუმზე
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეორე დღეს ძირითადი მსჯელობა ევროზონის ვალებით გამოწვეული კრიზისის გადაჭრას და გლობალურ პროცესებზე მის გავლენას შეეხებოდა. ფორუმზე დავოსში დიდი მოლოდინით მოელოდნენ გერმანიის, ევროპის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, კანცლერის გამოსვლას. თუმცა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია არ აპირებს ზედმეტი ვალდებულების აღებას ევროზონის ქვეყნების მიმართ. ცნობილმა ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა კი გერმანია ევროპის კონტინენტისათვის „რთული დავალების“ მიცემის გამო გააკრიტიკა.
სოციალური დაცვის სახელით ევროკავშირი ახორციელებს არასაჭირო ზომებს, რაც ტვირთად აწვება ბიზნესსა და მთავრობებს და შეუძლია გაანადგუროს სამუშაო ადგილები...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეორე დღეს ღონისძიების აღმასრულებელი დირექტორი რობერტ გრინჰილი დარწმუნებული იყო, რომ ანგელა მერკელის მონაწილეობა დავოსში ნათლად გამოკვეთდა ევროპის „სამომავლო ხედვას“ და შექმნიდა შესაძლებლობას, რომ „დახურულიყო ევროპის ისტორიის ყველაზე რთული“ ფურცელი. თუმცა გერმანიის კანცლერს დავოსში არაორდინარული არაფერი უთქვამს. ანგელა მერკელი ძალიან ფრთხილად საუბრობდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ლიდერების წინაშე და გაიმეორა, რომ „დადგა მომენტი, როდესაც წარმოჩნდება, თუ რა გვასწავლა მსოფლიოს ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა“:

„ჩვენ არ გვინდა აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, რომ შეგპირდეთ ისეთ რამეს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, რადგან თუკი გერმანია, რომელიც მთელ ევროპულ ქვეყნებს წარმოადგენს, ისეთ რამეს შეგპირდებათ, რასაც ვერ შეასრულებს ბაზრების მძიმე წინააღმდეგობის გამო, მაშინ მთელი ევროპა დაზარალდება.“

ანგელა მერკელის თქმით, ხარჯების დაზოგვისკენ მიმართული რეფორმები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში დადგინდა, თანხვედრაში უნდა მოდიოდეს იმ რეფორმებთან, რომლებითაც ევროპა ხელმძღვანელობს.

ცნობილმა ფილანტროპმა და ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა 26 იანვარს, დავოსის ფორუმზე გამოსვლისას, გააკრიტიკა გერმანია, რომელიც ცდილობს ევროპის კონტინენტს მკაცრი ანტიინფლაციური მოთხოვნები წაუყენოს:
ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი

„როდესაც რთულ ფისკალურ დისციპლინას ადგენს, გერმანია ისე მოქმედებს, თითქოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნაცვლად თავად იყოს განკარგულებების გამცემი. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ დაძაბულობას, რომელსაც შეუძლია დაშალოს ევროკავშირი.“

26 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით სხვა ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც გამოვიდნენ, თუმცა ყოველწლიური გავლენიანი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, რომელმაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დაუჭირა მხარი. ლისაბონის სტრატეგია, რომლითაც უნდა მოგვეხდინა საჭირო სტრუქტურული რეფორმები, წარუმატებლად დასრულდა, ხოლო ევროზონის ქვეყნების ნახევარი კიდევ უფრო ნაკლებ კონკურენტუნარიანია, ვიდრე ირანიო, - განაცხადა დავოსში დევიდ კემერონმა.

„მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, მიუხედავად უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ჩვენ ევროკავშირის შიგნით ისევ განვაგრძობთ ისეთი საქმეების კეთებას, რაც ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს. სოციალური დაცვის სახელით ევროკავშირი ახორციელებს არასაჭირო ზომებს, რაც ტვირთად აწვება ბიზნესსა და მთავრობებს და შეუძლია გაანადგუროს სამუშაო ადგილები.“

დევიდ კემერონმა „სიგიჟე“ უწოდა საფრანგეთის განზრახვას, მთელი ევროპის მასტშაბით განხორციელებული ყველა ტრანსაქცია დაიბეგროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG