Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოსა და კრიტიკული ანგარიშების კვირა


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
შეიძლება ითქვას, რომ კვირის მთავარი მოვლენები ძირითადად დემოკრატიის თემატიკას უკავშირდებოდა. კვლავაც გრძელდებოდა მსჯელობა და კამათი საარჩევნო გარემოს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ამ მიმართულების შეფასებას ცალკე თავი ეთმობა ანგარიშში, რომელიც საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა კასტრიოტ ისლამიმ და მიკაელ იენსენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს წარუდგინეს.

26 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა „ადეკვატურია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, თუკი არ ჩავთვლით მაჟორიტარული ოლქების არათანაბარობის საკითხს. სწორედ იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა, რაც ამომრჩეველთა ხმების თანაბარი წონის პრინციპის დარღვევას იწვევს, თანამომხსენებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს „ახალი საარჩევნო სისტემა არ არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან“.
ეს დაეხმარება პარტიებს რეკლამაში, დაეხმარება კონკურენციაში და საბოლოო ჯამში დაგვეხმარება ყველას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიულად...

პრობლემებზე, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშშია ხაზგასმული, ხშირად ამახვილებენ ყურადღებას არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კოდექსზე მეტად, მათი შეშფოთება მაინც უკავშირდება ორგანულ კანონს - ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, რომელიც პარლამენტმა ასევე გასული წლის მიწურულს გაამტკიცა.

„კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, დიდია საშიშროება არათანამიმდევრული და შერჩევითი იმპლემენტაციისა“, – ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ”სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 27 იანვარს გამოქვეყნდა. ამ ორგანიზაციების აზრით, ”სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი“ აქვს ცვლილებას, რომელიც პარტიების დაფინანსების წესებს ამკაცრებს და მთელ რიგ შემთხვევებში პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებსაც უწესებს.

თუმცა შეცვლილი კანონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრობლემურ მხარედ მაინც მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მასში ასახული რეგულაციები მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. არასამთავრობო ორგანოზაციები აპირებენ, გააძლიერონ აქტიურობა, რომ კანონმდებლები კანონის ნორმების გადახედვის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

მართალია, არა ხსენებული მიმართულებებით, მაგრამ ხელისუფლება გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში ისევ შეცვალოს ახლახან შეცვლილი კანონი ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. 27 იანვარს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაახმაურა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 12 პოლიტიკურ პარტიას, კვალიფიციურ სუბიექტებს, სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით 2 229 291 ლარს გამოუყოფს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ უთხრა 27 იანვარს ჟურნალისტებს, ”ეს დაეხმარება პარტიებს რეკლამაში, დაეხმარება კონკურენციაში და საბოლოო ჯამში დაგვეხმარება ყველას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიულად.”
დაფინანსების ოდენობა ტოლია მათ მიერ მიღებული ხმების სამმაგი ოდენობის. ამასთან, თითო სუბიექტისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ლარს...


წინასწარ განისაზღვრა, რომ პარტიებმა გამოყოფილი თანხა სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის დაფინანსებას უნდა მოახმარონ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 27 იანვარს განმარტა, რომ თითეული პარტიისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობა ბოლო არჩევნების, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, შედეგების მიხედვით, სპეციალური ფორმულით გამოითვლება:

”დაფინანსების ოდენობა ტოლია მათ მიერ მიღებული ხმების სამმაგი ოდენობის. ამასთან, თითო სუბიექტისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ლარს.”

ამავე ფორმულის მიხედვით, საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში, ”მიღებული ხმების სამმაგი ოდენობა” გაიყოფა ამ ბლოკში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. შესაბამისად, წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, მმართველი პარტია 600 ათას ლარს მიიღებს, 200-200 ათასი ლარი ერგება წინა არჩევნების დროს ერთ ბლოკში გაერთიანებულ სამ პოლიტიკურ ძალას: ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”, ”ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას” და ”ევროპელ დემოკრატებს”; 117 405 ათასი ლარი მოუწევს კიდევ ერთი ყოფილი საარჩევნო ბლოკის თითეულ წარმომადგენელს: ”თავისუფალ დემოკრატებს”, ”ახალ მემარჯვენეებს”, ”რესპუბლიკურ პარტიასა” და საქართველოს გზას”; ”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია” და ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, როგორც ასევე ყოფილი თანაბლოკელები, თითეული 115 253 ლარს მიიღებს; ხოლო ”მრეწველებს” 213 912 ლარი გამოეყოფათ.

მართალია, პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიგეგმა, მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა შესაძლოა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დეკემბრის დასკვნას უკავშირდებოდეს.

”ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ასეთ პირობებში, როდესაც პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება იურიდიული პირებისგან, ეზღუდებათ სხვადასხვა სახის დაფინანსება და მკაცრდება მათი კონტროლის მექანიზმები, საჭირო იყო უფრო მეტი სახელმწიფო ფინანსების გადაცემა პარტიებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენეციის კომისიის აზრით, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებოდათ საჭირო ფინანსების მოძიება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

მმართველი პარტიის ინიციატივამ თანხის მიმღებთა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. მაგალითად, თუკი ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას აზრით, დამატებითი თანხის მიღების შესაძლებლობა გარკვეულწილად აამაღლებს პოლიტიკურ პარტიების კონკურენტუნარიანობას; ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერისთვის, ზვიად ძიძიგურისთვის ღიმილისმომგვრელია, რომ ხელისუფლება ახლა რეკლამირების თანხას აძლევს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მან ”დრაკონული კანონმდებლობის შექმნით” პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტა. თუმცა ამ სურათის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის საქმიანობაში პიროვნულად ჩართულ ზვიად ძიძიგურს ეჭვი მაინც არ ეპარება, რომ ეს კოალიცია აუცილებლად დაამარცხებს მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებში.
ეუთო, ოდირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს თავისუფლად... და რაც მთავარია, გაყალბებულ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეუთო აღარ შეურიგდება...

ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციას საერთაშორისო თანამეგობრობის საგანგებო სიფხიზლის იმედი აქვს. 27 იანვარს, ვარშავაში, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელს იანეშ ლენარჩიჩს შეხვდნენ. ”ეუთო, ოდირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს თავისუფლად... და რაც მთავარია, გაყალბებულ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეუთო აღარ შეურიგდება”, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

მიმოხილვა განვაგრძოთ, საერთშორისო ორგანიზაციების მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული ორი ანგარიშით. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2011 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგვაროვანი მდგომარეობა შეინიშნებოდა. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ მოვლენებზე, როგორიც არის: შეკრების თავისუფლების დარღვევა და ძალადობა პოლიციის მხრიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება ძალის გამოყენებით, შრომის უფლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ციხეების გადატვირთულობა თუ ადმინისტრაციული პატიმრობის დროს მთელი რიგი პროცესუალური ნორმების დარღვევა. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ამ ანგარიშში მოხვდა შრომის უფლების დარღვევის პრობლემა. ამ კონტექსტში საუბარია ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ გახმაურებულ საპროტეტო აქციაზე, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული მეორე ანგარიში კი ეკუთვნის ჟურნალისტთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას - ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”. წლევანდელი ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში 4 საფეხურით გაუარესდა და ქვეყანამ 104-ე ადგილი დაიკავა. ანგარიშის ავტორების დასკვნით, საქართველო აღარ არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, რადგანაც მას 77-ე ადგილზე გასული სომხეთი უსწრებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის სარბიელზე განვითარებულ მოვლენებს, მიმდინარე კვირაში პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები თუ მე-3 სექტორის წარმომადგენლები ისევ მსჯელობდნენ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების მოახლოებულ შეხვედრაზე. როგორც ცნობილია, ბარაკ ობამა მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს პირველად უმასპინძლებს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში.

თუმცა ამ კვირაში ძირითადი ყურადღება მაინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიისკენ იყო მიმართული.

25 იანვარს, სტრასბურგში, ასამბლეის ზამთრის სესიის მე-3 სხდომაზე დეპუტატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ. გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული ძირითადი აქცენტები საქართველოს უცვლელ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს, რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.

მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მიერ ცალმხრივად ნაკისრ სამშვიდობო ვალდებულებას მოსკოვი ”სამხედრო წვრთნებით” პასუხობს. ამ კონტექსტში სახელდება „კავკასია–2012“, რომლის გამართვასაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩართვით, რუსეთი სექტემბერში გეგმავს. „ამ სამხედრო წვრთნების მთავარი მოტივი იმ გეგმის შემუშავებაა (სხვათაშორის, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა), თუ როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპაცია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამავე გამოსვლაში მან გააკრიტიკა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც, რადგანაც ის ვერ ფლობს გადაწყვეტილებების შესრულების სათანადო ბერკეტებს. ფაქტია, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში თუ სხვა გადაწყვეტილებებში ასახულ მკაცრ რეკომენდაციებს საქართველოსთან მიმართებით. გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის იძულება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიან და თანმიმდევრულ ძალისხმევას შეუძლია:
გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

”მჯერა, რომ, თუ საკითხს კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, კონკრეტულად, ასამბლეის დღის წესრიგში, რუსეთის ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით.“

რუსეთის თემას 25 იანვარის გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძე კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდა. თუმცა არ გამართლდა მოლოდინი, რომ ქართველი მინისტრის გამოსვლას რუსეთის დელეგაციის მწვავე რეაქციები მოჰყვებოდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსმა დეპუტატებმა მიზანმიმართულად შეიკავეს თავი.

ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს დაუთმობდა სიტყვას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ მინიონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში წარმატებული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას და ასევე აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG