Accessibility links

logo-print
რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდი მსჯავრდებული შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ავრცელებს. მისი თქმით, ქალებმა, რომლებსაც სამ წლამდე მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, 30 იანვრიდან შიმშილობის აქცია დაიწყეს, რადგან არსებული კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ბავშვებს 3 წელი შეუსრულდებათ, თუკი მათ სხვა ოჯახის წევრები არ ჰყავთ, ციხის ადმინისტრაციას ისინი მიუსაფარ ბავშვთა სახლებში გადაჰყავს. პატიმარი ქალები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასა და დედებისა და ბავშვების უფლებების დაცვას მოითხოვენ:

”დედები შენობიდან გამოვიდნენ და ამბობენ, გავიყინებით, შვილებთან ერთად დავიხოცებით და შვილებს არავის მივცემთო”, - ამბობს ნანა კაკაბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

საინტერესოა, როგორ იყო 2010 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლში ცვლილება შევიდოდა:

”თუ ორსული ქალი ან ქალი, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალისათვის არ არის მსჯავრდებული, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს მას სასჯელის მოხდა, ვიდრე შვილს შვიდი წელი არ შეუსრულდება”.
ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების გათავალისწინება, ანუ როგორ იმოქმედებს მასზე დედისაგან მოწყვეტა...
თუმცა 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა და, იმ დღიდან მოყოლებული, სასამართლოს სასჯელის მოხდა შეუძლია გადაუვადოს მხოლოდ ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ ერთ წლამდე. დღეისათვის არსებულ პატიმრობის კოდექსში მითითებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვს სამი წელი შეუსრულდება, თუკი მას სხვა ოჯახის წევრები არ ჰყავს, ციხის ადმინისტრაციას ის მიუსაფარ ბავშვთა სახლში გადაჰყავს. სწორედ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მცხოვრები დედები მოითხოვენ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას და შვილების მათთან დატოვების უფლებას.

ბანგკოკის წესები - ეს არის სპეციფიკური წესები, რომელიც 2010 წელს გაერომ მიიღო და სადაც პატიმარ ქალთა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ არის მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია რა პატიმარი ქალების კონკრეტული საჭიროებები და მოთხოვნები, ერთ-ერთი წესის თანახმად, დაწესებულებაში მიღებამდე ან მიღების დროს ქალებისთვის, რომელთაც მზრუნველობის პასუხისმგებლობა აქვთ ბავშვების მიმართ, შესაძლებელი უნდა იყოს პატიმრობის გადავადება ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.

ცირა ჭანტურია, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ საერთაშორისო ნორმებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში გადაწყვეტილება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღებოდეს:

”ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების გათავალისწინება, ანუ როგორ იმოქმედებს მასზე დედისაგან მოწყვეტა. და ამიტომ, თუკი პირდაპირი ჩვენება არ არის, რომ დედა უარყოფით გავლენას ახდენს შვილზე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტები იძლევა რეკომენდაციას, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ბავშვი დედასთან იყოს”, - ამბობს ცირა ჭანტურია.

თუმცა, ცირა ჭანტურიას თქმით, აქვე ჩნდება მეორე პრობლემა: სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არ არის ის პირობები, რომ ბავშვმა ერთდროულად დედასთანაც იცხოვროს და პარალელურად სკოლაშიც იაროს. გარდა ამისა, არ არის მოზარდის განვითარებისათვის აუცილებელი შესაფერისი გარემო. სწორედ ამიტომ ის აღნიშნულ თემას ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნევს. ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია ბავშვის უფლება იცხოვროს დედასთან ერთად და, მეორე მხრივ, კიდევ ერთი უფლება - გაიზარდოს ისეთ გარემოში, რომელიც მას მომავალი განვითარების საშუალებას მისცემს.
ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დეფიციტზეც კი აღარ გვიწევს საუბარი, საქმე გვაქვს რადიკალურ გადაწყვეტილებასთან და სტრესთან, რომელიც აუცილებლად დატოვებს მძიმე კვალს ბავშვზე...

იანვრის დასაწყისში საქარველოს პირველმა ლედიმ სასჯელაღსრულების დედათა და ბავშვთა განყოფილება მოინახულა. ის იმ უფლებაზე საუბრობს, რომელიც დედა-შვილს საშუალებას აძლევს ერთად იყვნენ, ვიდრე შვილს სამი წელი არ შეუსრულდება:

”ეს არის ბავშვებისათვის და დედებისთვის ძალიან კარგი შანსი, რომ დედა-შვილს შორის შედგეს ემოციური კავშირი და შეუმსუბუქდეთ დედებს ის ურთულესი პერიოდი, რასაც პატიმრობა ჰქვია”, - ამბობს საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

როგორი შეიძლება იყოს ბავშვის ემოციური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ის დედისგან წავა? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილს მიმართა: სამი წლის ასაკში ჩვენს ცხოვრებაში პირველი გარდატეხის პერიოდი დგება და ის ფსიქოლოგიაში ”სამი წლის კრიზისად” არის ცნობილი, ამბობს თეა გოგოტიშვილი. მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ფსიქიკური მდგრადობა ყალიბდება და სწორედ ამიტომ ფსიქოლოგი მიუღებლად მიიჩნევს ამ ასაკის ბავშვის დედისგან მოცილებას:

”ჩვენ ფსიქოლოგიაში ხშირად განვიხილავთ სწორედ იმ დეფიციტის შედეგად განვითარებულ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია მცირეწლოვანი ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობის ნაკლებობით. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დეფიციტზეც კი აღარ გვიწევს საუბარი, საქმე გვაქვს რადიკალურ გადაწყვეტილებასთან და სტრესთან, რომელიც აუცილებლად დატოვებს მძიმე კვალს ბავშვზე.”

მსჯავრდებული დედების შიმშილობის თაობაზე რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან დაკავშირებას, მაგრამ ცდა უშედეგო აღმოჩნდა. რაც შეეხება, სახალხო დამცველის ოფისს, მათი განმარტებით, ისინი საკითხს სწავლობენ და ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.
XS
SM
MD
LG