Accessibility links

logo-print
დღევანდელ გაზეთებში საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე ვარაუდებს გაეცნობით. ”კვირის პალიტრას” პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ეუბნება: ”ვაშინგტონში ნათლად გამოიკვეთება, რომ სააკაშვილი პუტინის შეცდომების გამეორებას არ აპირებს. ამიტომ, ვფიქრობ, ოპოზიციამაც უფრო ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი საარჩევნო კამპანია და არ იყოს დაფუძნებული მხოლოდ ლუზუნგზე ‘მიშა, წადი!’ ”.

”კვირის პალიტრაშივე” პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან ინტერვიუშიც წაიკითხავთ სააკაშვილ-ობამას შეხვედრაზე: ”ალბათ, ამ შეხვედრაზე საუბარი იქნება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე, ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებზეც მსჯელობა აშშ-სა და საქართველოს საჭიროდ მიაჩნიათ. თვითონ იმით, რომ ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ბევრი რამ არის ნათქვამი”.

”მთელი კვირის” რესპონდენტი პოლიტოლოგების აზრით, შეხვედრის მთავარი თემა რეგიონალური პრობლემები, კერძოდ კი, ირანის საკითხი იქნება.

”კვირის ქრონიკას” ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი უზიარებს აზრს მომავალი შეხვედრის შესახებ: ”ობამას მთავრობა სააკაშვილის წინააღმდეგ არ გაილაშქრებს, რათა არ ჩავარდეს მაკკეინისტებისა და ”რესპუბლიკელების” ყბაში და ვინმეს არ ათქმევინოს, რომ სააკაშვილისნაირი ერთგული გოშიები ამერიკამ მიატოვა, გააკრიტიკა, გაწირა და არჩევნების გაყალბების გამო დაიწუნა”.

”ასავალ-დასავალი” წერს: ”ახლაც, სწორედ ისე, როგორც ვასალი თავის მბრძანებელს, სააკაშვილი ხვდება ობამას, თუმცა, ქართველი მეფეებისგან განსხვავებით, სააკაშვილი ”ურდოში” არა საქართველოს ინტერესების დასაცავად, არამედ საკუთარი სკამისა და ძალაუფლების გადასარჩენად არის ჩასული“.

სხვა თემებს რაც შეეხება, დღეს ”კვირის ქრონიკა” და ”ასავალ-დასავალი” აქვეყნებენ ინტერვიუებს კობა დავითაშვილთან: ”ბურჯანაძის თავდასხმა, რომ ალასანია არის ხელისუფლებასთან შეკრული, ამთავრებს კოალიციაში მისი შემოსვლის შესაძლებლობას”, - აცხადებს დავითაშვილი.

”ახალი თაობა”, ინტერვიუ ეკა ბესელიასთან: ”საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვიგოთ. ეს არის ზეამოცანა. მსტოვრები და აგენტები იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია”. ”ახალ თაობაშივე” კახა კუკავასთან ინტერვიუც ქვეყნდება: ”ჩვენ მესამე ცენტრის შექმნის ამოცანა კი არ გვაქვს, არამდე ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ფართო ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნას, მაგრამ ცალკეული პოლიტიკური ძალები თავად არ მოისურვებენ ერთიანი ფრონტის შექმნას, ავტომატურად გამოვა, რომ ის არ იქნება ერთადერთი ოპოზიციური ძალა. მერე ეს ძალა უკვე მესამე იქნება, მეოთხე თუ მეორე, ამას საარჩევნო კამპანია გამოაჩენს”.

”ვერსიის” კორესპონდენტი ”ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” დამფუძნებელ ნესტან კირთაძეს ესაუბრა: ”გაგიმხელთ, აფხაზები და ოსები ევროპის სხვადასხვა ქალაქში უკვე რამდენიმე ორგანიზაციას ხსნიან, რათ ამ მიმართულებით კოალიციაში ვიყოთ. ეს მოძრაობა მშვიდობისათვის ჩვენი დროის ყველაზე მთავარი მონაპოვარი გახდება”.

არაპოლიტიკურ თემებზეც გეტყვით: დღეს ”მთელი კვირის” მთავარი სტატია საქართველოში აბორტების რაოდენობის ზრდას შეეხება. 2010 წლის მონაცემებით, ყოველი 5 ორსულიდან 3 აბორტს იკეთებს: ”ერთ წელიწადში 14 ათასი ახალშობილი 25600 აბორტის წინააღმდეგ - ამ მონაცემების შეჯერებით გამოდის, რომ საქართველოში ორსული ქალების დაახლოებით 65% აბორტს იკეთებს”.

”24 საათი” ქართველი მოციგურავის ელენე გედევანიშვილის წარმატებაზე წერს: ”ფიგურული სრიალი ჩვენში მხოლოდ ლამაზი სანახაობის სტატუსით სარგებლობს და, ქართული სპორტული ტრადიციებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, უცხო ხილია, მაგრამ ელენე გედევანიშვილმა მასთან დაგვაახლოვა. 22 წლის ქართველი მოციგურავის წყალობით, საქართველოს საჩემპიონო ყულაბაში დღეიდან ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედალი ელვარებს”.
XS
SM
MD
LG