Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 28 იანვარი, 2012


უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ორ თემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მათ შორის არის ფართო გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა გენოციდის საკითხზე საფრანგეთის სენატში დამტკიცებულ კანონპროექტს. თუმცა, დავიწყებთ პუბლიკაციით საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ.

რუსეთის „ჩეკების წიგნაკის დიპლომატია“ - ავსტრალიის გაზეთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდში“ ასე მოიხსენიებენ კრემლის მცდელობას, ფულით დაიყოლიოს ზოგი მომცრო სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. სტატია გამოქვეყნდა ავსტრალიასა და ფიჯიში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პუბლიკაციის ავტორის, დილან უელჩის ინფორმაციით, ლავროვი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მომავალ კვირაში შეხვდება ფიჯის სამხედრო ლიდერს, მანამდე კი მოლაპარაკებას გამართავს ავსტრალიელ კოლეგა კევინ რადთან. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მოსალოდნელია, რომ ავსტრალიელი მინისტრი რუსეთს სთხოვს, არ შეიზღუდოს გამჭვირვალობა „წყნარი ოკეანის რეგიონში ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმებისას“. ამ თხოვნის მიზეზია, ვკითხულობთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდში“, შეშფოთება, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტი შესაძლოა, ემსახურებოდეს ფიჯის დაყოლიებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე.

„ასეთი შეშფოთების მიზეზია რუსეთის შარშანდელი ქმედებები, როცა ის დაადანაშაულეს წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების, ტუვალუსა და ნაურუსთვის ათობით მილიონი დოლარის დახმარების მიწოდებაში, მათ მიერ რუსეთის მარიონეტული სახელმწიფოების აღიარების სანაცვლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ნაურუმ 50 მილიონი დოლარის დახმარება მიიღო მხარდაჭერისათვის. ვანუატუმაც ოფიციალურად სცნო აფხაზეთი, თუმცა, მოგვიანებით გააუქმა ეს სტატუსი. წყნარი ოკეანის კუნძულთა საკითხების საპარლამენტო მდივანმა, რიჩარდ მარლესმა მაშინ განაცხადა, რომ რუსები „ექსპლუატაციას“ უწევენ მსოფლიოს ზოგ ყველაზე მომცრო სახელმწიფოს. ამ ტიპის ჩეკების წიგნაკის დიპლომატია ძირს უთხრის რეგიონის განვითარების ხელშეწყობასო - განუცხადა ბატონმა მარლესმა ოქტომბერში „სიდნეი მორნინგ ჰერალდს“, - ვკითხულობთ სიდნეიში გამომავალი გაზეთის 25 იანვრის ნომერში. ამავე პუბლიკაციაში მოყვანილია კანბერაში რუსეთის საელჩოს წინა დღის განცხადება, რომ ფიჯიში ლავროვის ვიზიტისას არ იქნება ლობირება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში.

ახლა სხვა თემაზე. ორშაბათს, 23 იანვარს საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ეხება პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტას. სენატის გადაწყვეტილებით, პირს, რომელიც უარყოფს, რომ სომეხთა გენოციდი მოხდა, სამართლებრივი დევნა ემუქრება - ერთი წლით პატიმრობა და 57 000 დოლარის ჯარიმა. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ კანონპროექტის დამტკიცებას თურქეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

რაც შეეხება უცხოეთის პრესის გამოხმაურებას, დავიწყებთ ფრაგმენტით საფრანგეთის გაზეთ „ფიგაროს“ 25 იანვრის სტატიიდან: „პარიზში პარლამენტს კენჭისყრამდე ანგარიში უნდა გაეწია თურქეთში ფრანგული კომპანიების საქმიანობისათვის. თურქები ამას ნამდვილად გააკეთებენ, საფრანგეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გადაწყვეტამდე. საფრანგეთი და თურქეთი არიან ორი დიდი ქვეყანა, რომლებსაც საუკუნეებია, ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ყველა უთანხმოების მიუხედავად, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად“.

საკუთარი ქვეყნის პოლიტიკისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენენ თურქეთის გაზეთ „მილიეთშიც“: მკითხველს შეახსენებენ, რომ არაერთ სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის შეერთებულ შტატებში განიხილავენ სომხების დახოცვის გენოციდად აღიარების საკითხს: „ანკარა ყოველ ჯერზე ელჩს გაიწვევს და ყველა ამ ქვეყანასთან ურთიერთობას მინიმუმამდე დაიყვანს? აბსურდული ვითარების წინაშე ვდგავართ!“

ასევე თურქეთში გამომავალი „ზამანი“ უარყოფს მოსაზრებას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიზანია, გაინაღდოს ეთნიკურად სომეხი ამომრჩევლების მხარდაჭერა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე: „სარკოზის რომ სომეხი ამომრჩევლებისაკენ გაურბოდეს თვალი, მაშინ მას მოუწევდა უარის თქმა თურქი ამომრჩევლების უმრავლესობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კანონს არაფერი აქვს საერთო სომხებთან - ის უკავშირდება მზარდ ქსენოფობიას საფრანგეთში. სარკოზი, კერძოდ, იმედოვნებს, რომ გენოციდის შესახებ კანონით გადაიბირებს მემარჯვენე ამომრჩევლების დიდ ნაწილს, რადგან მათთვის თურქები განასახიერებენ იმიგრანტებს, რომლებიც არ არიან საზოგადოებაში ინტეგრირებული“.

დანიის „ილანდს პოსტენი“ კი ყურადღებას ამახვილებს, მისი შეფასებით, პარადოქსულ ვითარებაზე: „ახლა სომეხთა გენოციდი საფრანგეთში არის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სიმართლე, ხოლო თურქეთში - სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სიცრუე. ორივე შემთხვევაში დაშვებულად ცხადდება, რომ სახელმწიფოს შეუძლია, გვიკარნახოს ისტორიული სიმართლე“.
XS
SM
MD
LG